ვაზი და რთველი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაში

15 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

ვაზი და რთველი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაში

ვაზი და რთველი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაში

ნიკო ფიროსმანს გონებაში ჩარჩა თავისი გამრჯე მშობლები, რომლებიც ვაზს ელოლიავებოდნენ. კახელ კაცს თუ ვენახი არ ჰქონდა, მისი ცხოვრება სრულფასოვანი არ იყო. ღვინის გარეშე სტუმართან დახვედრას, ჭირსა და ლხინს ლაზათი აკლდა. ამიტომ ყოველთვის ცდილობდა უვენახოდ არ ყოფილიყო.

ტილოზე “რთველი” ასახულია ქალი და კაცი. ქალი 30-35 წლის იქნება, კაცი – 40-45-ის, წვერმოშვებული, თუშური ქუდით ყურძნით სავსე გოდრის წინ დგას და თავის შრომის ნაყოფს ოცნებაში ჩაძირული დაჰყურებს. ქალს კი ყურძნით სავსე გოგროხა მიაქვს და მეუღლისკენ მიდის. მათ უკან მოჩანს ქარვისფერი მტევნებით დახუნძლული ვენახი.

დოვლათიანი შემოდგომა წარმოგვიდგება თვალწინ. ურემში შებმული კამეჩები დატვირთულია ვაშლით სავსე გოდრებით. უკანასკნელ გოდორს ავსებს ვაშლის ხეზე აბობღებული ქალი. მალე მეურმე შოლტს მოიქნევს და ბეღლისაკენ დაიძვრება. საწნახელში ჩაყრილ ყურძენს ფეხით სრესს ორი კაცი, თან მხიარული გამომეტყველება აღბეჭვდიათ სახეზე. მათთან ახლოს სუფრა გაუშლია და ბიჭი დამდგარა თასით და ღვინით სავსე დოქით ხელში.

ვენახს შუაზე ყოფს პატარა მდინარე, რომლის ვერცხლის ზოლს ქამრად შემორტყმია ორი ხიდი. ერთზე     ცხენოსანი    კაცი გადმოდის, სწორედ მას ეგებება დოქიანი ბიჭი და სტუმარს რთველში იწვევს. ქვევრის გასარეცხად ჩამჯდარა ვიღაც. იქვე ახლოს ტიკჭორა აგდია, შეყვითლებული გოგრის ძირზე დამწიფებულა ნაყოფი და დასაკრეფად გეპატიჟებიან.

ბალღებით ჩამდგარა ქალი ვენახში და ყურძენს კრეფს, კაცები კი საწნახელისკენ ეზიდებიან. იქვე ახლოს მოჩანს თივისაგან ახორხილი კარავი. მის წინ კი სუფრა გაუშლიათ და მაჭარს ჭაშნიკს უსინჯავენ მოქეიფე თავადები. შამფურზე წამოცმული მწვადი სადაცაა მზად იქნება, მთელი ხბო იწვის ცეცხლის ალზე, ჯაჭვზე ჩამოკიდებული ქვაბი თუხთუხებს და მოქეიფეებს გემრიელი ვახშამი უმზადდებათ. სადღაც, შორს მოჩანს ეკლესია და გადამფრენი ჩიტების გუნდი.

ამბობენ, თითქოს და ნიკალა არასოდეს ყოფილა რთველში, რაც შეეხება ამ საოცარ სურათს, ის მთელი დეტალებით მას დაუხატავს. მიკიტან ნიკო სოზიაშვილის ნაამბობისა და ახსნის მიხედვით, იგი ყვებოდა რთველის სურათებს და ნიკო კი ხატავდა მათ საოცარი სისწრაფით, შემდეგ კი მიკიტანი იგონებდა: ”ყველაფრის დახატვა მინდოდა ტილოზე, რაც კი რთველის სურათიანობას შეეხებოდა, ამიტომ ყველა წვრილმანში ვერეოდი, ვუხსნიდი, გულუბყვილოდ ვუწუნებდი ზოგიერთ ნაწილებს და ჩემებურად დამყავდა მისი ფუნჯი. დიდხანს მითმინა, ბოლოს როცა ურემში შებმული ხარების ტანადობაც დავუწუნე, აიმღვრა, მრისხანედ მომაძახა: ”შენ რა გემოვნება გაქვს, ვაჭარი ხარ, დახლში დაჯექიო” და გაქანდა კარში, ორ კვირას აღარ შემოუხედია. ტილო ,,ყურძნის კრეფა” საწნახელის სურნელითაა გაჟღენთილი. აქ ყველაფერია: კრეფა, წურვა, ლხინი. სურათს ამთავრებს ბავშვი დათვის ბელით.