როგორ აღნიშნავდნენ და რას სვამდნენ ძველად საქართველოში გიორგობის დღესასწაულზე

23 ნოემბერი, 2017წ

გაზიარება

როგორ აღნიშნავდნენ და რას სვამდნენ ძველად საქართველოში გიორგობის დღესასწაულზე

როგორ აღნიშნავდნენ და რას სვამდნენ ძველად საქართველოში გიორგობის დღესასწაულზე

გიორგობა საქართველოში ყოველთვის დიდი სახალხო დღესასწაული იყო, რომელსაც ხშირად თავადი და გლეხი ერთად, ერთ სუფრაზე აღნიშნავდა. აღსანიშნავია რომ, სახალხო გიორგობა საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა. მაგალითად, მას ქართლში - გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ეწოდებოდა; ხოლო კახეთში - ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში - ილორობა და ა.შ. 

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში წმინდა გიორგის სახელზე აგებული ტაძრები გვხვდება, სადაც როგორც საეკლესიო, ასევე სახალხო დღესასწაულები იმართებოდა. სალოცავში საკლავის შეწირვის რიტუალი წინარე ქრისტიანული პერიოდისაა. თუმცა, იგი ქრისტიანობას ძალიან მალე შეერწყა. თქმულების მიხედვით, როდესაც თამარ მეფემ მთის მოსახლეობას ქრისტიანობა მიაღებინა, ადგილობრივებმა მეფისა და ღმერთის ერთგულების ნიშნად თამარის ფეხქვეშ ჭედილა დაკლეს. შემდგომში, ეს ადათ-წესი ქრისტიანულ რიტუალად იქცა. 

გიორგობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სარიტუალო სუფრის გარეშე წარმოუდგენელი იყო. აქ, თითქმის ყველა სალოცავის ახლოს საკლავის დასაკლავად სპეციალური ადგილები იყო გამოყოფილი. მოშორებით კი, ლხინის სუფრის გასაშლელად მოწყობილ მაგიდებს შეხვდებოდით. გადმოცემის მიხედვით, მიმყვანი ცხვარს არ კლავდა. ამას რიტუალის დასრულების შემდეგ დასტური აკეთებდა.

თუ ხარი იყო დასაკლავი, მაშინ დასტურს ხალხიც ეხმარებოდა. როგორც სალოცავთან, ასევე იმ ადგილას, სადაც საკლავი იკვლებოდა, ქალების მისვლა აკრძალული იყო. კერძსაც მამაკაცები ამზადებდნენ. რიტუალის დროს, ხევისბერი, რომელიც პირით აღმოსავლეთისკენ იყო, სანთელს ანთებდა, ცხვარს შუბლს ან მარჯვენა მხარს სამჯერ უტრუსავდა, ღვინოს ან პურის არაყს საგანგებო ვერცხლის თასში ასხამდა და ლოცვას იწყებდა. ხევისბერი პირველად ღმერთს ახსენებდა, მერე ყველა სალოცავის სახელებს ჩამოთვლიდა და მათ სადიდებელ სიტყვებს წარმოთქვამდა.

სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულზე საპატიო კაცს ღამეს ათევინებდნენ, რომელიც მეორე დილით ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს წმინდანის „ნებას“ აცნობდა. რაჭაში და ლეჩხუმში გიორგობა დიდი უქმე იყო. ამ დღეს მიწის დამუშავება და კერვა არ შეიძლებოდა.

რაც შეეხება სვანეთს, “ლიგერგი“, ანუ გიორგობა აქ ორჯერ, 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღინიშნებოდა. ყოველ წელიწადს გიორგობის ჩატარების პასუხისმგებლობას მორიგეობით ერთი ოჯახი იღებდა თავის თავზე, რომელიც ამ დღისთვის საკლავს არჩევდა და ასევე, ხილის არაყსაც ხდიდა. გიორგობის დღესასწაულზე მთელი სოფელი მასპინძელ ოჯახში მიდიოდა, სადაც უხუცესები სეფისკვერებით ლოცვას აღავლენდნენ. მოგვიანებით საერთო სუფრა იშლებოდა და მოლხენაც იწყებოდა. ამ დღეს სოფელში საოჯახო სამუშაოებს არავინ ასრულებდა. ისინი მთლიანად დღესასწაულზე იყვნენ გადართულები. 

გიორგობის დღესასწაულს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში წითელი ღვინით აღნიშნავდნენ. იქ სადაც ღვინო არ იყო, მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში დღესასწაულს ჟიპიტაურით, ხოლო სვანეთში რახით აღნიშნავდნენ. მიუხედავად ამისა, ყველა ოჯახი ცდილობდა გიორგობის სუფრაზე ღვინო აუცილებლად ქონოდათ. 

 

 

პოპულარული ღვინოები

17.78
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

30.95
ჭაჭა მუხის კასრის

ჭაჭა მუხის კასრის