ქართული ნატურალური ღვინო ავსტრალიაში და ქვევრის ღვინოზე შეყვარებული ავსტრალიელი ბარმენი

23 ნოემბერი, 2016წ

გაზიარება

ქართული ნატურალური ღვინო ავსტრალიაში და ქვევრის ღვინოზე შეყვარებული ავსტრალიელი ბარმენი

ქართული ნატურალური ღვინო ავსტრალიაში და ქვევრის ღვინოზე შეყვარებული ავსტრალიელი ბარმენი

ქართველ მეღვინეებს ამ ბოლო დროს ხშირად იწვევენ არაერთ საერთაშორისო ფესტივალსა თუ ღვინის გამოფენაზე, რაც ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღეა, ექვსი ქართველი მეღვინე ავსტრალიას სტუმრობს. ავსტრალიაში მსოფლიოს ნატურალისტი მეღვინეებისათვის მრავალი ღონისძიებები იმართება და მასში ქართველებიც არიან ჩართულნი.

მსოფლიო მეღვინეობაში ე.წ. ნატურალისტური მიმართულება სულ რაღაც 3% შეადგენს, თუმცა ეს ღვინოები ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული სასმელებია. ქართული მცირე მარნები დიდი ხანია, რაც ჩაერთვნენ მსოფლიოს ნატურალისტურ მოძრაობაში და ჩვენებური ამ ტიპის ღვინოები ბევრგან (მათ შორის ევროპის გარეთაც) იყიდება.

ნატურალური ღვინო, პირველ ყოვლისა, გულისხმობს ღვინის ყოველგვარი ზედმეტი ქიმიური ჩარევებისა და მინარევების გარეშე დაყენებას. ქართველი ქვევრის ღვინის მწარმოებლებისათვის ეს მიმართულება დაახლოებით ათ წელზე მეტია არა მხოლოდ შემოსავლის წყარო გახდა, არამედ მათ დაიწყეს სხვა ჩვენი მცირე მარნების აყოლიება და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ნატურალური მეღვინეობა თანდათან უფრო პოპულარული ხდება.

ავსტრალიაში წარმოდგენილი ქართული ქვევრის ღვინოები

ავსტრალიაში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეთაგან ერთ-ერთი იაგო ბიტარიშვილია, რომელიც ღვინოს ქართლში, სოფელ ჩარდახში ჩინურის ყურძნის ჯიშისგან ქვევრში აყენებს და მის მიერ წარმოებული პროდუქტი უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში , მათ შორის ავსტრალიაშიც იყიდება. მიუხედავად ამისა, იაგო ბიტარიშვილისათვის მაინც დიდი სასიხარულო სიურპრიზი იყო, როდესაც მისთვის სრულიად უცნობმა ღვინის მოყვარულმა ავტრალიელმა იცნო და ქართული ღვინის სიყვარული გამოხატა.

"დღეს მელბურნში მორიგ ღონისძიებაზე მივდიოდით, ქუჩაში წვიმამ მოგვისწრო და ვიფიქრეთ სადმე ბარში შევაფარებდით თავს. წვიმა გადაღებას არ აპირებდა, ამიტომ ყავის დალევის შემდეგ გადავწყვიტეთ წასვლა. მივედი სალაროსთან, რათა თანხა გადამეხადა. საფულედან ბარათი ამოვიღე, ბარმენმა დახედა ბარათს, სახელი და გვარი წაიკითხა და გაღიმებულმა მკითხა: იაგო ხარ? შენი ღვინო ახლა მაქვს გახსნილი და ვწრუპავო. ალბათ ისეთი გაკვირვებული სახე მქონდა მიხვდა, რომ ჩემი ინგლისურის პატრონს ფაქტი სჭირდებოდა ყველაფერში დასარწმუნებლად და ჩემი ღვინის ბოთლთან სურათის გადაღება შემომთავაზა. ახალბედა პატარა მარნებს მინდა ვუსურვო, რომ ყველას განეცადოს ეს გრძნობა. უბრალოდ ამას წლები და ბევრი შრომა დასჭირდება!" - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

                                 

ფოტოზე: მარცხნივ იაგო ბიტარიშვილი ქართული ღვინის მოყვარულ ავსტრალიელ ბარმენთან ერთად

ავსტრალიის სხვადახვა ქალაქში ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებები კვლავ გრძელდება. მეღვინეები დაესწრებიან სხვადასხვა სახის შეხვედრებს, გამოფენებს, ღვინის ფესტივალებსა და დეგუსტაციებს. გარდა ამისა, ნახავენ თუ როგორ ამზადებენ ღვინოს მათი ავსტრალიელი კოლეგები. ქართველი მეღვინეების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, allwine.ge ავსტრალიის ამბების ვრცელ მიმოხილვას შემოგთავაზებთ.