რა გავლენას ახდენს ნიადაგი ვენახის ხარისხზე და როგორი ნიადაგები გვაძლევს კარგ მოსავალს

02 ნოემბერი, 2017წ

გაზიარება

რა გავლენას ახდენს ნიადაგი ვენახის ხარისხზე და როგორი ნიადაგები გვაძლევს კარგ მოსავალს

რა გავლენას ახდენს ნიადაგი ვენახის ხარისხზე და როგორი ნიადაგები გვაძლევს კარგ მოსავალს

ღვინის ყველა მოყვარულმა კარგად იცის, რომ ყურძნისა და ღვინის ხარისხს შემდეგი ფაქტორები განაპირობებს: ნიადაგი, კლიმატური თავისებურებები, ვენახის ექსპოზიცია, ვაზის ჯიში და სხვა. ღვინის ხარისხი, სხვა ფაქტრებთან ერთად, დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზეც. ნიადაგის ტიპს მიმდინარე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები აყალიბებს. 

ღვინის მოყვარულები და პროფესიონალი დეგუსტატორები, ხშირად ბევრისთვის უცნაური დასახელების ნიადაგის ტიპზე საუბრობენ. მაგალითად, მერგელი, ხირხატი, შავმიწა, თიხნარი, კირიანი, ჰუმუსის სქელი ფენის შემცველი და სხვა ტიპის ნიადაგები ხშირად განხილვის საგანი ხდება. თითოეულ მათგანში გასარკვევად გეოლოგიის სამეცნიერო ხარისხია საჭირო. თუმცა, ადვილი მისახვედრია, რომ სხვადასხვა ტიპის ნიადაგი ვაზის თვისებებს წარმოაჩენს და ღვინის ხარისხსაც განსაზღვრავს. აღსანიშნავია რომ, ვაზი თითქმის ყველა სახის ნიადაგზე გვხვდება.    

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია მევენახეობა-მეღვინეობისთვის შესაფერისი კლიმატური პირობები, ასევე კარგი მეღვინეებიც. მიუხედევად ამისა, მაინც არის მეღვინეობის ხარისხით გამორჩეული რეგიონები, სადაც მეღვინეებმა, მძიმე შრომის ფასად, ვაზის ჯიშისთვის  კონკრეტული ტიპის ნიადაგის შეხამება ისწავლეს. მეღვინეების უმრავლესობა თანხმდება, რომ ნიადაგის სიღრმეს ფესვთა სისტემის გავრცელება განაპირობებს.  ღრმა და წყალუხვი ნიადაგი უხვ მოსავალს გვაძლევს, ხოლო შედარებით ნაკლებად ღრმა და მშრალი ტიპის ნიადაგი მაღალი ხარისხის მოსავლიანობის წინაპირობას იძლევა. 

ვაზის ფესვთა სისტემის გავრცელებაზე ტბორიანი და მკვრივი ნიადაგი უარყოფითად მოქმედებს. ძირითადად, თიხნარი მიწები წყალგაუმტარია და კულტივირებისთვის ნაკლებად მოსახერხებელია. ხოლო, კირქვნარი ნიადაგის შემთხვევაში - ვენახს მისი გამძლეობის მიხედვით აშენებენ. საუკეთესო მოსავლის მომცემია ცარცის მაღალი შემცველობის მქონე ნიადაგები, ასევე ქვიანი ნიადაგებიც, მაგრამ ეს უკანასკნელი კულტივირებისთვის ნაკლებად მოსახერხებელია. ქვის მაღალი შემცველობა ნიადაგს გაუწყლოებისგან იცავს. ის ამ გზით დრენაჟს უზრუნველყოფს და წყლის პირდაპირ აორთქლებასაც ზღუდავს. მთელი დღის განმავლობაში მზის სხივებით გამთბარი ქვები, გარკვეული დროით, ღამეც ინარჩუნებს სიმხურვალეს. სწორედ ამიტომ, ღამით ვაზის ფესვთა სისტემას გამთბარი ქვები სითბოთი ამარაგებენ, რაც დამწიფების პროცესის დაჩქარებას უწყობს ხელს.