17 ნოემბერი, 2016წ
გაზიარებამარტვილში წარმოებული ღვინო Vino Martville ავსტრალიასა და ინგლისში იყიდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ზაზა გაგუა აცხადებს, ინგლისელ ექსპორტიორს დაახლოებით 200 ბოთლი ღვინო მიაწოდეს, რომელიც ლონდონის ღვინის ბარებში იყიდება. საუბარია 2014 წლის მოსავალზე.
რაც შეეხება ავსტრალიას, პირველ ეტაპზე ექსპორტიორმა 300 ბოთლამდე ღვინო გაიტანა. კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოთხოვნა მათ მიერ წარმოებულ ღვინოზე ავსტრალიაში კიდევ არის, თუმცა, Vino Martville პროდუქციის მცირე რაოდენობას აწარმოებს და ამ ეტაპზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს.
ზაზა გაგუას თქმით, კომპანია 3 სახეობის ნატურალურ ღვინოს აწარმოებს: მეგრული ოჯალეში, ცოლიკოური და ოჯალეში როზე. პროდუქციის წარმოება მარტვილში მდებარე საწარმომ 2012 წელს დაიწყო. Vino Martville ყურძენს ადგილობრივი გლეხებისგან იბარებდა, წელს კი საკუთარი ვენახიდან პირველ მოსავალს მიიღებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე 3 ათას ბოთლს აწარმოებენ, სამომავლოდ კი გაფართოებას გეგმავენ. გაფართოებასთან ერთად Vino Martville ბაზრების დივერსიფიკაციასაც გეგმავს და ღვინის ექსპორტს იაპონიაში განიხილავს.