ერთ დღეს შესაძლოა კახელებმა ვენახით ვერ იამაყონ...

06 ივნისი, 2017წ

გაზიარება

ერთ დღეს შესაძლოა კახელებმა ვენახით ვერ იამაყონ...

ერთ დღეს შესაძლოა კახელებმა ვენახით ვერ იამაყონ...

ერთ დღეს შესაძლოა კახელებმა ვენახით ვერ იამაყონ, აჭარაში კი ციტრუსი ვერ მოიყვანონ. არც ის არის გამორიცხული, რომ ზღვისპირეთში მანდარინის ტერასების ადგილას ვენახი დაგვხდეს გაშენებული, ალაზნის პირას კი ფორთოხლის ხემ იხაროს. შესაძლოა, იფიქროთ რომ ეს ფანტასტიკის ჟანრის კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა, მთავარი საფრთხე სწორედ აქ იმალება.

წაიკითხეთ ასევე:  როგორ შეიცვლება ღვინის რუკა გლობალური დათბობის შედეგად? - საქართველო ყველაზე სარისკო ქვეყნებში მოხდა

კლიმატის ცვლილება სამეცნიერო ფანტასიკის ჟანრს მიაკუთვნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც და პარიზის შეთანხმებას დასავლელი ლიედერების კრიტიკისა და მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, გაემიჯნა. გადაწყვეტილება კი ეკონომიკური ფაქტორებით ახსნა, ისე, რომ ეკოლოგიური საფრთხე არც გახსენებია. არადა აღნიშნული მოვლენის ეკოლოგიური გავლენა შესაძლოა, იმაზე მასშტაბური და დამანგრეველი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს რომელიმე მძაფრსიუჟეტიან ამერიკულ ფილმში გვინახავს.

"კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან შედეგებს გამოიწვევს. მისთვის დამახასიათებელი იქნება ტემპერატურის ზრდა, რაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წყლის დონის მატებას, სანაპირო ზონის დატბორვას, კლიმატური ზონების საზღვრების გადანაცვლებასა და კლიმატური სარტყელების ცვლილებას გამოიწვევს. ეს გავლენას იქონიებს ყველა სექტორზე და განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაზე. მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დადგება", - განაცხადა გარემოს დაცვის სპეციალისტმა, კახა ბახტაძემ ALLNEWS.GE-სთან საუბარში და აქვე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება საქართველოსაც სრული მასშტაბით შეეხება, რადგან ჩვენს ქვეყანაში თითქმის, ყველა კლიმატური სარტყელია წარმოდგენილი.

კახა ბახტაძის განმარტებით, მოცემული მომენტისთვის კლიმატის ცვლილება საქართველოს შემთხვევაში, ძირითადად, მყინვარების დნობაში გამოიხატება, რაც ქვეყანაში წყლის დონის მატებას გამოიწვევს და, საბოლოო ჯამში, გახშირებულ ბუნებრივ კატასტროფებამდე მიგვიყვანს. კლიმატური ანომალიების პარალულარად, გარემოში მიმდინარე ცვლილებების შედეგად, მიწათმოქმედებს ახალი მავნებლების წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.

გარემოს დაცვის სპეციალისტის თქმით, ხელისუფლებამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და გარემოს ადაპტირება დაიწყოს, რაც საკმაოდ შრომატევად და კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს.

"ხელისუფლებამ ამ ეტაპზე უნდა დაამუშავოს კონკრეტული სცენარები, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კლიმატის ცვლილებას, როგორი ზეგავლენა ექნება მას თუნდაც, საქართველოს სანაპირო ზოლზე. ამის საფუძველზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს გარკვეული რეგულაციების შემოღება და ეს რეგულაციები უნდა ეხებოდეს ინფრასტრუქტურის მოწყობას, მშენებლობას და კიდევ ბევრ სხვა აქტივობას, რომელსაც კერძო თუ საჯარო ინსტიტუტები ახორციელებენ. შემდეგ კი გარკეული პრევენციული პროექტები წამოიწყოს, რათა გარემოში მიმდინარე ცვლილებების ზემოქმედება შეარბილოს"- აღნიშნა კახა ბახტაძემ.

განაგრძეთ კითხვა