ღვინის წარმოების 5-საუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელი "დურუჯი ველი" - უძველესი მარნის ისტორია, მიღწევები და ამბიციური გეგმები

26 იანვარი, 2021წ

გაზიარება

ღვინის წარმოების 5-საუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელი "დურუჯი ველი" - უძველესი მარნის ისტორია, მიღწევები და ამბიციური გეგმები

ღვინის წარმოების 5-საუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელი "დურუჯი ველი" - უძველესი მარნის ისტორია, მიღწევები და ამბიციური გეგმები

                                                             ღვინის მარანი "დურუჯი ველი" ყვარლის ცენტრში, მე-16 საუკუნის ყვარლის ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. "კორპორაცია ქინძმარაული" პირველი სააქციო საზოგადოებაა საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე ძველი წარმოება დღეს მოქმედ საწარმოებს შორის. მარანში ხდება როგორც ყურძნის მიღება-გადამუშავება, ასევე დადუღება, დავარგება, დამუშავება და ჩამოსხმა.

ღვინის მარანი "დურუჯი ველი" აწარმოებს ორმოცამდე დასახელების ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლურ პროდუქციას, მათ შორის ოცამდე სახეობის ღვინოს და ამდენსავე დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდსა და ტრადიციულ კახურ ჭაჭას.

"კორპორაცია ქინძმარაულის" ღვინოები მსოფლიოს 17 ქვეყანაში იყიდება. წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტრდიციულ ქვევრის ღვინოებს, მათზე მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება. ქვევრის ღვინოებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც "იუნესკოსმ" ქვევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.

მარანში, ძირძველი მამაპაპური ტექნოლოგიით, ყოველწლიურად 60 000 ლიტრამდე ქვევრის ღვინო იწარმოება. დღეს "კორპორაცია ქინძმარაულის" მარანში ქვევრის ღვინო 4 აბორიგენული ჯიშის ყურძნიდან მზადდება, ესენია: რქაწითელი, ქისი, ალექსანდროული და საფერავი. კომპანია სერთიფიცირებულია ISO 22000-ით TŰV-ის მიერ. მარანს საკუთრებაში გააჩნია 170 ჰა ვენახი, რომლებიც უნიკალურ ტერუარებზეა გაშენებული. ვენახების განსაკუთრებულობიდან გამომდინარეობს პროდუქციის უნიკალურობაც

დურუჯი ველისშესახებ კორპორაცია ქინძმარაულის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ქსოვრელს ვესაუბრეთ:

- რომელი წლიდან დაიწყოდურუჯი ველისისტორია?

- "დურუჯი ველის" ისტორია 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ერთ-ერთი პირველი სააქციო საზოგადოება "ვაზის ცრემლები" ჩამოყალიბდა. მას მოგვიანებით, 1996 წელს სახელწოდება შეეცვალა და სს "კორპორაცია ქინძმარაული" ეწოდა, რომლის შემადგენლობაშიცაა ღვინის მარანი "დურუჯი ველი". თუმცა თუ არ შემოვიფარგლებით უახლესი წარსულით, ღვინის მარანი "დურუჯი ველის" ტერიტორიაზე ღვინის წარმოება მე-16 საუკუნიდან ხდება, კერძოდ 1533 წლიდან, როდესაც კახეთის მეფე ლევანმა ყვარლის ციხეში დააფუძნა ღვინის მარანი. ამ მარნის ადგილას უკვე 1924 წლიდან იწყებს ფუნქციონირებას ერთ-ერთი პირველი მარანი საბჭოთა საქართველოს რეალობაში "ყურძნის გადამამუშავებელი პუნქტი წითელი მარანი". საბჭოთა პერიოდში მას რამდენჯერმე შეეცვალა დასახელება და ეწოდა ღვინის ქარხანა "ქინძმარაული", რომელიც ფუნქციონირებდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე

    

- მოგვიყევით კომპანიის დამფუძნებლებზე, ვინ დგას ამ წარმოების სათავეებთან?

- 1992 წელს - თამაზ კონჭოშვილმა ღვინის ქარხნის "ქინძმარაულის" ბაზაზე დააფუძნა სს "ვაზის ცრემლები", რომელსაც 1996 წლიდან ეწოდა სს "კორპორაცია ქინძმარაული". სააქციო საზოგადოებას, დღევანდელი მონაცემებით, 150-მდე აქციონერი ჰყავს. ბატონი თამაზი დღესაც ჩვენი საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

- კომპანიის მფლობელებს როდის გაუჩნდათ ღვინის სფეროში ჩართვის სურვილი და რამდენი ხანია, რაც ბაზარზე აქტიურად გამოჩნდით?

- როგორც მოგახსენეთ, ამ ადგილზე ღვინო თითქმის უწყვეტად იწარმოებოდა 1533 წლიდან. ჩვენს საწარმოს და მენეჯმენტს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც, მიუხედავად იურიდიული ფორმაციისა და მფლობელის ცვლილებისა, არ შეუწყვიტავს ფუნქციონირება.

- როგორი ტექნოლოგიით ამზადებთ ღვინოებს? იყენებთ თუ არა ქვევრებს, უჟანგავი ლითონის ცისტერნებს, მუხის კასრებს?

- ღვინის მარნისდურუჯი ველისპროდუქციის ძირითადი ნაწილი კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოებია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრადიციული კახური ტექნოლოგიით წარმოებული ქვევრის ღვინოები. აღნიშნული ღვინოების პოპულარიზაცია  ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვევრის ღვინოები ისტორიულ, დაახლოებით 100 წლის მარანში (წითელ მარანში, რომელიც 1924-1930 წლებიდან ფუნქციონირებს) იწარმოება. მარანში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღვინის დავარგებას და ამ მიზნით გვაქვს მუხის კასრების საცავები, ერთდროულად დაახლოებით 300 000 ლიტრზე მეტი ღვინის დავარგების შესაძლებლობით.

- რა ფაქტორები იყო გადამწყვეტი კომპანიის მფლობელებისთვის, რომ ღვინის მარანი და ტურისტული სივრცე ყვარელში აგეშენებინათ?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, მე-16 საუკუნიდან აღნიშნულ ადგილას ფუნქციონირებს ღვინის მარანი, ამიტომ ადგილის შერჩევაზე ჩვენ არ გვიფიქრია. ამასთან, ჩვენი სააქციო საზოგადოების აქციონერების თითქმის 100% ყვარლის მკვიდრია. რაც შეეხება ტურიზმს, ამ სფეროს განვითარება საქართველოს რეალობაში საკმაოდ ადრე დავიწყეთ, რაშიც როგორც ღვინის წარმოებამ, ასევე ყვარლის რაიონის შესანიშნავმა ბუნებამ და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლემაც ითამაშა გადამწყვეტი როლი.

- თქვენი მეღვინეობა წლის განმავლობაში რამდენი სახეობის ღვინოს და მაღალალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს?

- მარანიდურუჯი ველიდაახლოებით 20 დასახელების ღვინოს, ტრადიციულ კახურ ჭაჭასა და ღვინის ბრენდს აწარმოებს.

- როგორც ვიცით, ღვინოს ძირითადად საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნიდან აწარმოებთ, რა ფართობზეა თქვენი ვენახები გაშენებული და აქცენტს ძირითადად რომელ ჯიშებზე აკეთებთ?

- ჩვენი ძირითადი უპირატესობა, ჩვენი ვენახებია, რომლებიც ძირითადად ქინძმარაულისა და ყვარლის ძირძველ სპეციფიკურ მიკროზონებშია გაშენებული, სადაც კავკასიონის სამხრეთის ფერდი და მდინარე დურუჯის დელტა (რომელიც ძალიან მდიდარია შავი თიხა ფიქალების შემცველობით) ქმნიან განუმეორებელ მიკროკლიმატსა და პირობებს, როგორც ვაზის ზრდა-განვითარებისთვის, ასევე ღვინის განსაკუთრებული ხარისხის მისაღებად. მარანიდურუჯი ველისსაკუთრებაშია 170 ჰა ვენახი, სადაც ძირითადად გაშენებულია ქართული აბორიგენული ჯიშები, როგორიცაა: საფერავი, ქისი, მწვანე, ხიხვი, მცვივანი კახური, რქაწითელი. საინტერესო შედეგები მოგვცა კახეთში ჩვენს ვენახებში გაშენებულმა დასავლეთ საქართველოში გავრცელებულმა ჯიშებმა, როგორიცაა: ალექსანდროული, მუჯურეთული და მეგრული ოჯალეში. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს სახელს - "დურუჯი ველი" ჩვენი ვენახების ადგილმდებარეობა განსაზღვრავს.

- წლის განმავლობაში "დურუჯი ველი" რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს?

- მარანი ყოველწლიურად 1 მლნ-ზე მეტ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ყიდის მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში. წარმოება ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენთვის უმთავრესი ხარისხის ზრდის შენარჩუნებაა, რასაც ვფიქრობთ, ჩვენი მომხმარებელი ჯეროვნად აფასებს, რისთვისაც მათ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო.

- გეგმავთ თუ არა სამომავლოდ წარმოების გაზრდას და თუ აპირებთ რა არის ამის საფუძველი?

- გეგმები ყოველთვის ამბიციურია... აღსანიშნავია, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნის ყოველწლიური ზრდა, რაც გვაძლევს წარმოების გაფართოების ზრდის საფუძველს, თუმცა მთავარია, პროდუქციის რაოდენობის ზრდა ხარისხის ზრდის პარალელურად წარმოებდეს.

- საქართველოში ძალიან კარგი სადისტრიბუციო ქსელი გაქვთ... რა სახის და კატეგორიის ობიექტებზე შედის თქვენი პროდუქცია?

- ჩვენ არ გვაქვს საკუთარი დისტრიბუცია, თუმცა საქართველოში ჩვენი ღვინის დისტრიბუციას შპს "დურუჯი ველი" აწარმოებს, რომელსაც ბაზა და მცირე მაღაზია თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე N22-ში აქვს.

- რომელ ქვეყნებში გაგაქვთ ექსპორტზე ღვინო და მაღალალკოჰოლური სასმელები და რა რაოდენობით? როგორც ვიცით, იაპონიის ბაზარზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ყველაზე მეტი რაოდენობის ქართული ღვინო სწორედ თქვენ გაგაქვთ.

- ღვინის მარანი "დურუჯი ველის" ექსპორტის გეოგრაფია საკმაოდ ვრცელი და დივერსიფიცირებულია, რაც მოიცავს ოცამდე ქვეყანას, მათ შორის არის ისეთი ბაზრებიც, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტ ექსპორტს ვახორციელებთ, მაგალითად: იაპონია, კანადა, ბულგარეთი, ხოლო ლუქსემბურგში უკვე მეოთხე წელია მხოლოდ მარანი "დურუჯი ველია" ქართული კომპანიებიდან წარმოდგენილი.

- როგორ იმოქმედა არსებულმა პანდემიამ თქვენს გაყიდვებზე?

- პანდემიამ, როგორც მოგეხსენებათ, თითქმის გააჩერა ტურიზმი საქართველოში, რამაც ჩვენი კომპანიის გაყიდვებზე ძლიერ იმოქმედა, რადგან ჩვენი მარანი და მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურა - როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტების საყვარელ ლოკაციას წარმოადგენდა. პანდემიამ ასევე შეამცირა საექსპორტო გადაზიდვები, თუმცა არა იმ მაშტაბებით, რაც ადგილობრივ ბაზარზე მოხდა. საერთო ჯამში, დაახლოებით 12-15%-იან კლებას ვვარაუდობთ, გასულ წელთან შედარებით.

- წლევანდელ რთველს როგორ შეაფასებდით, როგორი მოსავალი იყო?

- 2020 იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, რადგან იყო გრილი, წვიმიანი ზაფხული და თბილი მშრალი შემოდგომა, აქედან გამომდინარე ხანგრძლივი ვეგეტაციის პერიოდი, რამაც მოგვცა საშუალება ყურძნის სიმწიფე გვეკონტროლებინა, ამიტომ ველოდებით, რომ ღვინოები იქნება რბილი (მწიფე ფენოლების ხარჯზე), სავსე და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანი.

- რა რაოდენობის და რომელი ჯიშის ყურძენი მიიღეთ წელს?

- წელს ჯამურად 1500 ტონზე მეტი ყურძენი მივიღეთ, აქედან 90%-ზე მეტი საკუთარი ვენახებიდან და ჯიშობრივად შემდეგნაირად ნაწილდება: საფერავი, ქისი, რქაწითელი, მწვანე, მცვივანი კახური, ხიხვი, ალექსანდროული, მუჯურეთული, ოჯალეში, მუსკატ ოტონელი, კაბერნე სოვინიონი და მერლო.

- აუცილებელია თუ არა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფო ეხმარებოდეს მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებლებს და მარნებს?

- ჩვენი აზრით, სახელმწიფოს მხარდაჭერა უნდა გამოიხატებოდეს ინვესტიციისათვის განკუთვნილ იაფიან კრედიტებში და სწორი საგადასახადო პოლიტიკით. რაც შეეხება "სუბსიდირებას", ეს პრაქტიკა ანგრევს თვითმყოფად საბაზრო სისტემას და აღნიშნული პრაქტიკა უნდა შეჩერდეს, თუ მდგრადი განვითარება გვსურს.

- თქვენ თუ დაგეხმარათ სახელმწიფო რაიმე კუთხით?

- კი, ჩვენც მივიღეთ იაფიანი მიზნობრივი კრედიტი, ყურძნის შესაძენად, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით სახელმწიფოს და დარგის ხელმძღვანელობას.

- თქვენს მარანს რა გეგმები და მიზნები აქვს მომდევნო წლისთვის? გეგმავთ თუ არა აქტიურ მარკეტინგულ მუშაობას გაყიდვების გასაზრდელად?

- იმის გამო, რომ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, ბაზრებთან მიმართებაშიც და ტურიზმის სფეროშიც დროებით შეჩერებულია ჩვენი ბევრი აქტივობა, თუმცა გვაქვს ბევრი საინტერესო გეგმა.

- თქვენი კომპანიის ღვინოები არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია... მოგვიყევით "დურუჯი ველის" მიღწევებზე.

- "დურუჯი ველის" ღვინოებს მიღებული აქვს და იღებს უამრავ ჯილდოს ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში, როგორიცაა: გერმანიაში - "მონდუს ვინი"; ინგლისში და ჰონ-კონგში - "დეკანტერი"; ბელგიაში - "სელექშენი" და ასევე საქართველოში - "ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი".

- როგორც ვიცით, დიდი საცავი და უძველესი საკოლექციო ღვინოები გაქვთ... კომპანიის დაარსების დღიდან, რომელია ყველაზე ძველი და ძვირფასი ღვინო თქვენთვის?

- ჩვენს საკოლექციო საცავებში 50 000-ზე მეტი ბოთლი ინახება, რომელთაგან ყველაზე ძველია რქაწითელი 1990 წლის მოსავლის, ხოლო წითელ ღვინოებიდან 1993 წლის "ყვარელი".

- რითია გამორჩეული თქვენი ღვინოები და როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონთ ისინი მომხმარებლებს?

- ჩვენი ღვინოების ხარისხი და პოტენციალი ალბათ, ძირითადად უნიკალური ვენახებიდან გამომდინარეობს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების ჯგუფის ღვაწლი, რომელსაც ბატონი ივანე შიუკაშვილი ხელმძღვანელობს.

- რა რჩევებს მისცემდით იმ ადამიანებს, ვისაც მარნის აშენების და ვენახის გაშენების სურვილი აქვთ?

- უნდა უყვარდეთ ეს საქმე, რის გარეშეც მევენახეობა-მეღვინეობაში წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია.

- თქვენი აზრით, როგორია ქართული ღვინის მომავალი საერთაშორისო ბაზარზე, სად არის ჩვენი ადგილი და რა კატეგორიის ღვინოებს ექნება წარმატება?

- ეს დამოკიდებულია დარგის მესვეურების საერთო ხედვის ჩამოყალიბებასა და სახელმწიფოს პოზიციაზე, ამიტომ ახლა ამაზე რთულია საუბარი.

- რას უსურვებდით ქართულ მეღვინეობას და მეღვინეებს 2021 წელს?

- ჯანმრთელობას, წარმატებასა და მოგებას.