მარანი მოლორაულის ისტორია

17 ნოემბერი, 2020წ

გაზიარება

მარანი მოლორაულის ისტორია

მარანი მოლორაულის ისტორია

დღესდღეობით მცირე და საოჯახო მარნებიდან მარანი მილორაულის ღვინოებს ძალიან დიდი დაფასება და გამოხმაურება აქვს ღვინის მოყვარულებსა და დამფასებლებში. საინტერესო და არომატული, მინიმალისტურად და მარტივად გადაწყვეტილი ბოთლის შეფუთვა და  ეტიკეტის დიზაინი,  მუდმივი ექსპერიმენტები და უბრალოდ კარგი ადამიანები-ზუსტად ეს თვისებები ხდის სანდრო მილორავას და მისი ოჯახის ღვინოებს პოპულარულს და მისაღებს ღვინის მოყვარულებში. თელავში მდებარე მარანი მილორაული ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ათას ბოთლს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ წარმოების გაზრდა იგეგმება.

 Allwine.ge მარნის მფლობელებს, სანდრო და თამარ მილორავებს  ეწვია და მათი მარნის ისტორიასა და სამომავლო გეგმებს გაეცნო...

 

  • როდიდან დაიწყო თქვენს ოჯახში ღვინის დაყენების ისტორია და რამდენი ხანია გრძელდება?

კახეთში ისევე როგორც ყველგან, ჩვენი ოჯახიც აყენებდა ღვინოს, თუმცა პირადი მოხმარებისთვის. ბაბუა ალექსანდრე მილორავა დასავლეთ  საქართველოდან იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კახეთში  ჩამოვიდა და თელავის უნივერსიტეტში გერმანულის ლექტორი იყო. აქვე დაოჯახდა. ბებია ლიზა მაყაშვილი რეპრესირებული ოჯახიდან იყო. 1924 წელს მისი მამა და ბიძა მეტეხის ციხეში დახვრიტეს ქაქუცა ჩილოყაშვილთან კავშირის გამო. ბებია შემდგომში მემუარებს წერდა იმ მძიმე წლებსა და მაყაშვილების რუისპირულ ისტორიებზე. მაყაშვილების სახლი და მარანი იმ დროისთვის ცნობილი იყო.

 

                                                    

 

  • რა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი ღვინის წარმოებაში ჩართვა და ეს თქვენთვის რამდენად საინტერესო პროცესია?

20-25 წლის წინ,  90-იან წლებში რთული ვითარება იყო, არ არსებობდა სასტუმრო ან მსგავსი სხვა მომსახურების სფერო. სწორედ ამ პერიოდში ჩემმა მშობლებმა მოაწყვეს ქალაქ თელავში საოჯახო სასტუმრო, რომელიც წლებთან ერთად ვითარდებოდა. ბოლო პერიოდში საქართველოში ტურიზმი საკმაოდ სწრაფად განვითარდა და თელავშიც ბევრი ახალი  საოჯახო სასტუმრო მოეწყო.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი საჯარო და არასამთავრობო სექტორში, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი დისკომფორტს. მინდოდა ჩემი საკუთარი საქმე მქონოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ბაბუის დროინდელი მარანი გამეფართოებინა. 2015 წელს შევიძინე ქვევრები, იმავე წელს შევიძინე ყურძენიც და ასე დაიწო ჩემი შეხება მეღვინეობასთან. მოგვიანებით გავაფართოვე მარანი. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც ვფიქრობდი, რომ „მარანი მილორაულის“ ღვინოები ასე სწრაფად გახდებოდა მოთხოვნადი.

 

  • თქვენი მარანი თელავში რამდენი სახეობის ღვინოს  და  მაღალალკოჰოლურ  სასმელს აწარმოებს?

ძირითადად ღვინოს ვაწარმოებთ კახური ჯიშის ყურძნიდან, როგორიცაა: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, საფერავი, ასევე, არაქართული ჯიშის ყურძნებიდან: სირა, მონტეპულჩიანო, კაბერნე.

  • როგორც ვიცით ეზოში უნიკალური და ისტორიული ვაზი გიდგათ, მოგვიყევით მისი ისტორია.

 

ჩვენს ეზოში სხვადასხვა ჯიშის ვაზია გაშენებული. აქედან ერთ-ერთი, წითელი ბუდეშურია, რომელიც შემდგომში ლოგოდ გამოვიყენე, მისი ასაკი 100 წელია.

  •       გაქვთ თუ არა თქვენი ვენახები თუ სხვა მევენახეებისგან ყიდულობთ ყურძენს? რომელ ჯიშებზე აკეთებთ აქცენტს? როგორც ვიცით უცხოური ჯიშის ვაზისგანაც აყენებთ ღვინოს.

ჯერჯერობით საკუთარი ვენახი არ გვაქვს. ვცდილობთ ყურძენი ერთი და იგივე ვენახიდან ვიყიდოთ. ექსპერიმენტების არ გვეშინია და ყოველ წელს ვცდილობთ ახალი სეპაჟისა თუ კუპაჟის დაყენებას, შესაბამისად, ღვინოს ვაყენებთ როგორც ქართული, ასევე, უცხოური ჯიშებისგან. მაგალითად, ქისის და ხიხვის სეპაჟი, ტრიო (ქისი, ხიხვი,მწვანე), რქაწითელი მწვანე, კაბერნე და მონტეპულჩიანო, საფერავის და სირას, საფერავის და კაბერნეს სეპაჟი. გასულ წელს უსახელოური დავწურე ქვევრში და 3 თვე მუხის კასრში შევინახე, ახლა უკვე ბოთლებში დაძველდება კიდევ 1 წელი. გარდა ამისა, უკვე მესამედ დავაყენეთ იტალიური ყურძნის ჯიშისგან მონტეპულჩიანოს „როზე“, რომელიც საკმაოდ საინტერესო და არომატულია.

 

 

                                                     

 

  • როგორი ტექნოლოგიებით აყენებთ ღვინოს, კლასიკური თუ ტრადიციული (ქვევრში დაყენების) მეთოდით?

ქარვისფერ  ღვინოს  ვაყენებთ  ტრადიციული კახური ტექნოლოგიით ქვევრში, ხოლო  წითელ ღვინოს როგორც ქვევრში, ასევე,  უჟანგავ ფოლადის ავზსა  და კასრში.

  •  წლის განმავლობაში რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებთ?

2015 წელს ღვინის წარმოება დავიწყეთ მცირე რაოდენობით, პირველ წელს გვქონდა 1500  ბოთლი, დღეს „მარანი მილორაულის“ წარმოება 7000 ბოთლს შეადგენს.

  •  აპირებთ თუ არა სამომავლოდ  წარმოების გაზრდას?

დაახლოებით ერთი წლის წინ ახმეტის რაიონში, კახური მწვანეს მიკროზონაში შევიძინეთ მიწა, სადაც ვგეგმავთ (ქართული და არაქართული ჯიშის) ვენახის გაშენებასა და მარნის გაფართოვებას. ამ ეტაპზე ხდება მიწის მოსუფთავება და დაგეგმარება.

  • საქართველოში ყიდით მარტო თქვენს ღვინოს თუ ექსპორტზეც გაგაქვთ?

პანდემიამდე ჩვენი ღვინოების დიდი ნაწილი პირდაპირ მარნიდან იყიდებოდა, გაგვქონდა ექსპორტზეც ჩეხეთსა და ბერლინში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ექსპორტი შეჩერებულია, ხოლო ახალი მოლაპარაკებები გვაქვს ამერიკასთან და ბელგიასთან.

  •  იღებთ  თუ  არა  ადგილობრივ  და  უცხო  ქვეყნებში  გამართულ  ღვინის  კონკურსებსა  და ფესტივალებში  მონაწილეობას?

2015 წლიდან სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას ახალი ღვინის ფესტივალში, რომელიც ნამდვილი ზეიმია, ბევრი საინტერესო ღვინითა და კარგი მუსიკით.

ასევე, უკვე  სამი წელია "მარანი მილორაული"  მონაწილეობს  ფესტივალში "JAZZ & WINE Kakheti".

გარდა ამისა, გასულ წელს DMO - " Visit Kakheti" ორგანიზებით იტალიაში, ქალაქ მერანოში გამართულ მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ფესტივალზე „Merano Wine Festival“  ჩვენი ღვინოები იყო წარმოდგენილი.

 

                                                  

 

 

 

  •  რამდენად იმოქმედა არსებულმა კოვიდ სიტუაციამ თქვენს გაყიდვებზე და ტურისტულ ნაკადზე?

რა თქმა უნდა იმოქმედა როგორც ღვინის გაყიდვებზე, ასევე ტურიზმზე. პანდემიამდე ჩვენს სასტუმროს ხშირად სტუმრობდნენ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს პროცესი შეჩერებულია მთელს მსოფლიოში.

  • წელს რა რაოდენობის ყურძენი მიიღეთ

წელს ვენახები ჯერ სტიქიამ დააზარალა, ხოლო ბოლოს ყურძენში შაქრიანობის ნაკლებობა აღინიშნებოდა, თუმცა შევარჩიეთ საუკეთესო ვენახები და მომავალ წელს „მარანი მილორაული“ მომხმარებელს შესთავაზებს რქაწითელის, კახური მწვანის, ქისის, ხიხვის, საფერავისა და მონტეპულჩიანოს ყურძნისგან დამზადებულ ღვინოებს, დაახლოებით 12 ტონამდე ყურძენი მივიღეთ.

 

 

 

                                                       

 

 

  • აუცილებელია თუ არა სახელმწიფო ეხმარებოდეს მცირე საოჯახო მარნებს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და დაგჭირდათ თუ არა თქვენ რაიმე სახის დახმარება?

სახელმწიფო ბევრ კარგ პროექტს ახორციელებს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით და ვიმედოვნებ, მევენახეობა-მეღვინეობის ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტებით მომავალშიც გაგრძელდება.

  • როგორი იქნება თქვენი აზრით  მომდევნო წელი ქართული მეღვინეებისთვის?

ვფიქრობ, ქართველი მეღვინეობისა და ტურიზმისთვის მომდევნო წელი საკმაოდ რთული იქნება პანდემიიდან გამომდინარე. თუმცა პანდემიაც ჩაივლის, ეტაპობრივად ყველაფერი დარეგულირდება, იმედია მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

ილიკო კილაძე

 

 

პოპულარული ღვინოები

7
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი

11.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

8
ალაზნის ველი თეთრი

ალაზნის ველი თეთრი