ქართული ღვინის სექტორის მხარდაჭერისთვის სახელმწიფო 46 მილიონ ლარს გამოყოფს

27 ოქტომბერი, 2020წ

გაზიარება

ქართული ღვინის სექტორის მხარდაჭერისთვის სახელმწიფო 46 მილიონ ლარს გამოყოფს

ქართული ღვინის სექტორის მხარდაჭერისთვის სახელმწიფო 46 მილიონ ლარს გამოყოფს

საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგული მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო 46 მილიონ ლარს გამოყოფს. ეს თანხა 2021-2024 წლებში დაიხარჯება. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიერ სოფლის მეურნეობის საპროგრამო დებულებების პრეზენტაციისას განაცხადა.

პრეზენტაცია თელავში ჩატარდა და მას მმართველი პარტიის აქტივი და ჟურნალისტები დაესწრნენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მეღვინეობის დარგს მთლიანად კახეთისთვის და პირობა დადო, რომ მევენახეების და მეღვინეების პრობლემებზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, 2021-2024 წლებში საზღვარგარეთის იმ ქვეყნებში, რომელთა ბაზრების სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაციაა დაგეგმილი, სადაც ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ მათი პროდუქციის პოტენციურ შემსყიდველებს და დადონ გარიგებები. გარდა ამისა, საქართველო ასევე 60-ზე მეტ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო საკუთრივ ჩვენს ქვეყანაში ქართული ღვინის 20-ზე მეტი ფესტივალი გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ: ლევან დავითაშვილი: “2021 წლიდან ქართული ღვინო ხარისხობრივად სხვა კლასში უნდა გადავიყვანოთ”

აღსანიშნავია, რომ საქართველო აქამდე საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის პოპულარიზაციის და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ყოველწლიურად საშუალოდ 9 მილიონ ლარს ხარჯავდა. მარკეტინგული აქტივობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა: რეგიონები, სადაც საქართველოს, როგორც ქვეყნის და შესაბამისად ქართული ღვინის ცნობადობა იყო დაბალი და რეგიონები, სადაც ცნობადობა იყო მაღალი, მაგრამ საჭირო გახლდათ ლოიალური სეგმენტის ზრდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი წინასაარჩევნო გზავნილების მიხედვით, საერთაშორისო ბაზრების ათვისების წესი და პოლიტიკა უცვლელი რჩება, სამაგიეროდ მკვეთრად იზრდება დაფინანსება, რაც, როგორც მინისტრი იმედოვნებს, აღნიშნულ ბაზრებზე ქართული ღვინის შეღწევას გაამარტივებს.

ასევე დაგაინტერესებთ: “რთველი 2020”-ის ფარგლებში საწარმოებმა უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი ჩაიბარეს

„კახეთისთვის მეღვინეობის დარგი უმნიშვნელოვანესია. დარგში მიღწეული შედეგები სახეზეა. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, რისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოყოფს. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელი მასშტაბური ღონისძიებები გაგრძელდება. ამისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს დახარჯავს. ეს რესურსი მიმართულია მიზნობრივად და ეფექტურად. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავით ჩუთლაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

“თელიანი ველის” ღვინო “Decanter 2020”-ის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

წინანდალმა რთველში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ნიკოლოზ მეორის უნიკალური ღვინოების საცავი, რომლის არსებობა 60 წლის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო