ანა გოდაბრელიძე რაჭაში დვალების საოჯახო მარანს ესტუმრა და იქაური ღვინოები დააგემოვნა

19 ოქტომბერი, 2020წ

გაზიარება

ანა გოდაბრელიძე რაჭაში დვალების საოჯახო მარანს ესტუმრა და იქაური ღვინოები დააგემოვნა

ანა გოდაბრელიძე რაჭაში დვალების საოჯახო მარანს ესტუმრა და იქაური ღვინოები დააგემოვნა

ანა გოდაბრელიძე ამჯერად რაჭას ესტუმრა და დევი დვალის საოჯახო მარანი მოინახულა. წამყვანის განმარტებით, მისი მიზანია, რომ მაყურებელმა ენოტურიზმის კუთხით დაინახოს რაჭა.

მანვე აღნიშნა, რომ მართალია, ტურისტების ნაკადმა იკლო, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ეს სიტუაცია მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. წამყვანის თქმით, რაჭა არის ულამაზესი რეგიონი, რომელსაც აქვს საუკეთესო სამზარეულო და ღვინო.

დევი დვალმა განაცხადა, რომ რაჭის მერვე თაობის მკვიდრია და წამყვანს სიძველით გამორჩეული საკუთარი საოჯახო მარანი დაათვალიერებინა. მარნის მფლობელის განცხადებით, მეღვინეობა მისთვის თავდაპირველად ჰობი იყო, რაც ბიზნესში თანდათან გადაიზარდა.

მასპინძელი სტუმარს შეუძღვა მამაპაპურ მარანში, უჩვენა სიძველეები და აუხსნა, რომ ერთ-ერთი ქვევრი სრულიად შემთხვევით იქნა ნაპოვნი. ბატონმა დევიმ თქვა, რომ ძირითადად ალექსანდროულის ყურძნისგან ამზადებს მშრალ ღვინოს. თუმცა მთლიანობაში აქ 4 სახეობის ღვინოა, მათ შორის ორი წითელი, ორი კი - შავი. მეღვინემ ასევე თქვა, რომ მისი ვაჟები, გიორგი და თაზო დაინტერესებული არიან მეღვინეობით და მხარში უდგანან მამას.

დევი დვალს საკუთარი ვენახი აქვს, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. ვენახს გათენებიდან დაღამებამდე მზე დაჰნათის და სწორედ ეს განაპირობებს ყურძნის არაჩვეულებრივ შაქრიანობას. 28 % - საოჯახო მარნის მეპატრონის თქმით, ასეთია მისი ყურძნის სიტკბო საუკეთესო წლებში.

ასევე დაგაინტერესებთ: ანა გოდაბრელიძემ და გურამ ბაღდოშვილმა აპერიტივისა და აპეტაიზერის შესახებ ისაუბრეს

აქაურები თეთრ ყურძენს უფრო ადრე კრეფენ, ვიდრე წითელს. თეთრი ყურძნის რთველი სექტემბრის ბოლოს იწყება, ხოლო წითელის - ოქტომბრის მეორე დეკადიდან. თუმცა, რადგან რაჭაში შედარებით მკაცრი კლიმატური პირობებია, რთველი ხანდახან აქ ნოემბერშიც კი იწყება.

დევი დვალის მარანში ყურძენს ტრადიციულად საწნახელში ჭყლეტენ. მისი საწნახელი ცაცხვის ხისგან არის დამზადებული და ძალიან ძველია. ქვევრებს სარცხით ასუფთავებენ, რომელიც ბლის ხისგან არის დამზადებული.

წულუკიძის თეთრი და კუდურაული - ეს არის ვაზის ის ორი ჯიში, რომლის თეთრ ყურძენს დვალები მარანში წურავენ. მეღვინეები ორივე ზემოაღნიშნული ჯიშისგან კუპაჟს ამზადებენ. ანა გოდაბრელიძეს ძალიან მოეწონა ღვინის ფერი. როგორც მარანში აღნიშნეს, ყურძნის წვენმა ჭაჭაზე 15 დღის განმავლობაში იდუღა, რის შემდეგაც სითხე მშრალ ღვინო იქცა.

ასევე დაგაინტერესებთ: საფუარი, ენზიმები, აქტივატორი, გოგირდი - ანა გოდაბრელიძემ და მიშა მესხმა ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე ისაუბრეს

“ნაზი არომატი აქვს, სასიამოვნოა, საკმაოდ ინტენსიურია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ვიცით და ვახსენეთ კიდეც, შედარებით უფრო თხელი ღვინოები ყენდება რაჭული თეთრასგან, მაგრამ არომატი ნამდვილად საკმაოდ მდიდარია და გემოზე რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ეს არის ტანინის ბალანსი, ანუ არის ზომიერი, მრგვალი გემო, მჟავიანობა არის კარგი”, - თქვა ანა გოდაბრელიძემ.

წამყვანმა და დევი დვალის ვაჟებმა დააგემოვნეს თბილულის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოც, რომელიც ანა გოდაბრელიძის თქმით კარგი საზაფხულო ღვინო აღმოჩნდა. ეს ღვინო ჭაჭაზე ერთი კვირის დაყოვნებით დამზადდა.

როგორც გაირკვა, დევი დვალის მარანში ალექსანდროულის ყურძნის წვენს ჭაჭაზე ერთი თვის მანძილზე აყოვნებენ. ანა გოდაბრელიძე აღფრთოვანდა ღვინის ფერით და მისი ვარდის ყლორტის და კენკრის ნაზი და მსუბუქი სურნელებით.

გადაცემის პირველი ბლოკის დასკვნით ნაწილში საუბარი მთლიანად შეეხო ალექსანდროულის ჯიშს, რომელსაც სამწუხაროდ საკმარისად არ იცნობს მსოფლიო.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა “ყველაფერი ღვინოზე ანა გოდაბრელიძესთან ერთად”  26 სექტემბრიდან ყოველ შაბათს, დღის 12-საათიანი “კურიერის” დასრულების შემდეგ გადის “რუსთავი 2”-ის ეთერში. მისი მედიაპარტნიორი Allwine.ge გახლავთ. გადაცემას საინფორმაციო, სახალისო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათი აქვს და მეღვინეობა-მევენახეობის სფეროს მოიცავს.

დავით ჩუთლაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"კორინთელის მარანი" - მეღვინეობა, სადაც ტრადიციები და თანამედროვე მიღწევები თანაბრად მნიშვნელოვანია

3 უჩვეულო და გასაოცარი მეღვინეობა, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

სოფელ ჩალაუბანში დამზადებული ღვინო “ჩალამოტი” მალე საფრანგეთში გაიყიდება

პოპულარული ღვინოები

20.95
ქართული

ქართული

წითელი მშრალი ღვინო

13.95
წინანდალი მუხის კასრში

წინანდალი მუხის კასრში

თეთრი მშრალი

129
10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო (I)

10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო (I)