ღვინის ეროვნული სააგენტო: “კახეთის რეგიონში რთველი პიკურ ფაზაში შედის”

14 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

ღვინის ეროვნული სააგენტო: “კახეთის რეგიონში რთველი პიკურ ფაზაში შედის”

ღვინის ეროვნული სააგენტო: “კახეთის რეგიონში რთველი პიკურ ფაზაში შედის”

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, კახეთის რეგიონში რთველი პიკურ ფაზაში შედის, რასაც გადამუშავებული ყურძნის მოცულობა მოწმობს. კერძოდ, 13 სექტემბრის მონაცემების თანახმად, გადამუშავებულია 31 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის კახური ყურძენი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ.

გადამუშავებული ყურძნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ტრადიციულად რქაწითელზე მოდის. უკანასკნელი ცნობების თანახმად, კახეთში საწარმოებმა უკვე მიიღეს 21 ათასი ტონა აღნიშნული ჯიშის ყურძენი. მეორე ადგილს ასევე ტრადიციულად საფერავი იკავებს. 6,3 ათასი ტონა - ასეთია დღეის მონაცემებით გადამუშავებული საფერავის საერთო მოცულობა. დანარჩენი 1,2 ათასი ტონა არის კახური მწვანე და სხვადასხვა ჯიში.

კახეთში ყურძნის გადამუშავების საშუალო მაჩვენებელი დღე-ღამეში 7 ათას ტონას აღწევს. მოსავლის დაბინავება უკვე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარდა ყველა სხვა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ: „რთველი დაწყებულია; მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ“ - ლევან დავითაშვილი

ჯამურად რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 230 კომპანია, საიდანაც ყურძნის გადამუშავების პროცესში აქტიურად უკვე 62 საწარმოა ჩართული.

“მიმდინარე წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 230 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 62 ღვინის საწარმო.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ: “რთველი 2020” თანდათან ძალას იკრებს

“რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 შეუძლია”, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მიმდინარე წელს ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთში ყურძნის რეკორდულ 300 ათას ტონა მოსავალს ელის, რაც 37 ათასი ტონით მეტი იქნება გასული წლის მოსავალთან შედარებით, რომელიც ასევე სარეკორდო იყო. ნიშანდობლივია, რომ გასულ წელს არ განხორციელებულა ყურძნის ფასის სუბსიდირება, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ღვინოზე არსებული გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული, რაც კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

8.4
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი

16.05
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი