მთავრობის ახალი განკარგულება ღვინის კომპანიებს ყურძნის მიღება-ჩაბარების პუნქტების ვიდეოკამერებით აღჭურვას ავალდებულებს

08 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

მთავრობის ახალი განკარგულება ღვინის კომპანიებს ყურძნის მიღება-ჩაბარების პუნქტების ვიდეოკამერებით აღჭურვას ავალდებულებს

მთავრობის ახალი განკარგულება ღვინის კომპანიებს ყურძნის მიღება-ჩაბარების პუნქტების ვიდეოკამერებით აღჭურვას ავალდებულებს

სამთავრობო განკარგულება (N1182, 09.07.2020), რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ღვინის საწარმოებს ყურძნის მიღება-ჩაბარების პუნქტების ვიდეოკონტროლის სისტემით აღჭურვას ავალდებულებს. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული სიახლის მიზანი ყურძნის ხარისხის და ზუსტი აღრიცხვიანობის მონიტორინგია.

მთავრობის ახალი განკარგულების თანახმად, ღვინის ყველა კომპანიამ და ქარხანამ მიღება-ჩაბარების პუნქტებში უნდა დაამონტაჟოს არანაკლებ 3 ვიდეოკამერა სასწორზე მანქანის ძარის, ყურძნის გადასამუშავებელი საცავის და სასწორის მაჩვენებლის კონტროლის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ: „რთველი დაწყებულია; მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ“ - ლევან დავითაშვილი

“მოგეხსენებათ, წელს გვაქვს სიახლე. მთავრობის განკარგულებით ყურძნის მიმღებ პუნქტებზე სავალდებულო გახდა კამერების დამონტაჟება. კერძოდ, კამერები უნდა იყოს ბუნკერზე, სასწორზე და ასევე უნდა უყურებდეს მანქანის ძარას, რათა კიდევ უფრო უკეთ იყოს გარანტირებული მიკვლევადობა, კიდევ უფრო ზედმიწევნით შესრულდეს კანონის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის საექსპორტო პროდუქციის სერტიფიცირება და შესაბამისად, მიკვლევადობა არის იმის გარანტი, რომ ხარისხიანი ღვინო გავა საქართველოდან ექსპორტზე. ამ ეტაპისთვის 70 მიმღებ პუნქტზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვაკეთებთ იმ პუნქტების მონიტორინგს, სადაც ხდება ყურძნის ჩაბარება და ეს ღონისძიება არის იმის გარანტი, რომ ხარისხიანი ყურძენი ჩაბარდება კომპანიებში და შესაბამისად, მაღალი ხარისხის ღვინო დამზადდება საექსპორტო ბაზრებისთვის”, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.

ასევე დაგაინტერესებთ: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება

აღსანიშნავია, რომ ვიდეოკამერების მონიტორინგი თელავში არსებული რთველის საკოორდინაციო შტაბიდან ხორციელდება.

უახლესი ინფორმაციის თანახმად, “რთველი 2020”-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 9 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, ხოლო რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიათა საერთო რაოდენობა 164-ს შეადგენს, საიდანაც ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 36 საწარმო.

დავით ჩუთლაშვილი