Bag-in-Box-ის ჩამოსხმით არსებული ღვინოების მოხმარება იზოლაციის დროს ბრიტანეთში მკვეთრად გაიზარდა

25 აგვისტო, 2020წ

გაზიარება

Bag-in-Box-ის ჩამოსხმით არსებული ღვინოების მოხმარება იზოლაციის დროს ბრიტანეთში მკვეთრად გაიზარდა

Bag-in-Box-ის ჩამოსხმით არსებული ღვინოების მოხმარება იზოლაციის დროს ბრიტანეთში მკვეთრად გაიზარდა

მცირე ზომის პოლიეთილენის ტომრებში ჩამოსხმული და მუყაოს კოლოფებში მოთავსებული ღვინოების მოხმარება დიდ ბრიტანეთში იზოლაციის დროს აყვავდა, რადგან როგორც ჩანს, ბრიტანელებმა ამჯობინეს ფასის და ხარისხის შეხამება იმ ფაქტორთან, რომ ამგვარად ნაკლებად მოუწევდათ სუპერმარკეტებში სიარული.

აღნიშნულის შესახებ Co-op-ის ქსელი იტყობინება. ქსელმა მცირე ზომის პოლიეთილენის ტომრებში ჩამოსხმული ღვინოების უპრეცედენტო, 300 %-იანი ზრდის შესახებ განაცხადა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ მსგავსი შეფუთვა გახდა ძალიან მიმზიდველი ნისლიანი ალბიონის მცხოვრებთათვის მაშინ, როცა პაბები და რესტორნები დაკეტილი იყო.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ზრდა სულ მცირე შემოდგომამდე შენარჩუნდება. შეფუთვა, სადაც მეტი ღვინო ასხია - 3 ლიტრი ან მეტი, უფრო მომგებიანია ფასის თვალსაზრისით.

თუმცა, ყველაზე საკვირველი ისაა, რომ მსგავსი შეფუთვით არსებულ ღვინოებზე მოთხოვნა არც იზოლაციის შემდეგ არ შემცირებულა, რადგან მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო პიკნიკების მოწყობა და კემპინგებში მონაწილეობის მიღება, ხოლო Bag-in-Box-ის შეფუთვა მოსახერხებელია ქალაქგარეთ წასაღებად. მეორე დიდი უპირატესობა კი მსგავს ჭურჭელს ის აქვს, რომ მასში ჟანგბადი მცირე რაოდენობით ხვდება, მას შემდეგაც კი, რაც მას გავხსნით და სწორედ ამის გამო ღვინო ვარგისია ძალიან დიდი ხნის - ექვსი კვირის მანძილზე და ეს მაშინ, როცა გახსნილ ბოთლში დარჩენილი ღვინის “სიცოცხლისუნარიანობა” ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღეს არ აჭარბებს.

ბოლო დროს მოთხოვნის ზრდასთან ერთად მწარმოებლებმა მკვეთრად გააფართოეს წარმოება და დაამატეს პრემიუმ კლასის ღვინოებიც კი. ამის შესახებ “გარდიანი” იუწყება.

Mark & Spencer-მა ორიგინალური 3-ლიტრიანი ფორმატის ავსტრალიურ სტილთან შეხამება მოახდინა, რაც უკეთ ესადაგება ცხელ ქვეყნებში არსებულ დიდ მაცივრებს. მან ღვინო პარალელურად 1,5-ლიტრიან, მომცრო ზომის ტიკებშიც ჩამოასხა, რომლების მოთავსება ფაქიზად არის შესაძლებელი ბრიტანულ მაცივრებში. ამის შედეგად კი გაყიდვები გაორმაგდა.

ღვინის კომპანია M&S-ში დარწმუნებულები არიან, რომ მცირე ზომის პოლიეთილენის ტომრებში ჩამოსხმული ღვინის გაყიდვების გაუმჯობესება შეფუთვის ტექნოლოგიის ხარისხის ამაღლებას მოჰყვა, რასაც თან სდევდა ამგვარი ჩამოსხმით არსებული ღვინოების ხარისხის მნიშვნელოვანი დახვეწაც. Bag-in-Box-ის ღვინოები ტრენდული გახდა, რადგან მათ პრესტიჟი შეიძინეს.

Sainsbury-ის მონაცემების თანახმად, მათი ღვინის გაყიდვები იზოლაციის პირობებში 41 %-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან დაკავშირებით ღვინის კომპანია ასორტიმენტს აუმჯობესებს და ხარისხსაც ხვეწს.

როგორც იტყობინებიან, Bag-in-Box-ის შეფუთვა ეკოლოგიურადაც უფრო ხელსაყრელია. ამიტომ ღვინის მწარმოებელ ფირმებს იმედი აქვთ, რომ იმ ადამიანთა ყურადღებასაც მიიპყრობენ, რომლებისთვისაც გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

დავით ჩუთლაშვილი