კვლევა: ახალი წითელი ღვინო უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძველი

18 აგვისტო, 2020წ

გაზიარება

კვლევა: ახალი წითელი ღვინო უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძველი

კვლევა: ახალი წითელი ღვინო უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძველი

თუ ვერ ითმენთ, რომ წითელი ღვინო დააძველოთ და ერთი სული გაქვთ, სანამ მას დააგემოვნებდეთ, გულს ნუ გაიტეხთ, თქვენი ქცევა აბსოლუტურად ჯანსაღი და ნორმალურია, რადგან უახლესმა კვალიფიციურმა კვლევამ, რომელიც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 16 სხვადასხვა ღვინოზე ჩატარდა, აჩვენა, რომ ჯანმრთელი ანტიოქსიდანტების შემცველობა, რაც ძირითადად წითელ ღვინოშია მოცემული, დროთა განმავლობაში მკვეთრად კლებულობს და ამიტომ ძველი ღვინო ისეთი სასარგებლო არ არის, როგორც ახალი.

სიდნეის უნივერსიტეტის წამყვანმა მკვლევარმა, მანი ნაიკერმა დაადგინა, რომ ტრანს-რეზვერატროლის ნაერთი, რომელსაც კარდიოვასკულარული სისტემისთვის სასარგებლო, ანთების საწინააღმდეგო და ანტიდიაბეტური მოქმედება გააჩნია, ახალ ღვინოში ბევრად უფრო ჭარბად არის წარმოდგენილი, ვიდრე ძველში.

“ამ ნაერთს საკვები პროდუქტების და სასმელების მეშვეობით რაც უფრო აქტიურად მივიღებთ, მით უფრო დადებითი იქნება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტები”, - განაცხადა დოქტორმა ნაიკერმა.

მკვლევარებმა როცა ბოთლებში ჩამოსხმული ახალი ღვინოები ძველებს შეადარეს, დაამტკიცეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მნიშვნელოვანი ბიოაქტიური შენაერთის კონცენტრაცია, რაც ადამიანის ფიზიკურ სიჯანსაღეს უწყობს ხელს, ღვინის დაყენებიდან 16 თვის თავზე მთელი 75 %-დან 96 %-მდე კლებულობს.

რეზვერატროლის კლება ღვინოში მხოლოდ სასმლის ასაკზეა დამოკიდებული და არა იმაზე, თუ რა ჯიშთან გვაქვს საქმე. ნებისმიერი ღვინის შემთხვევაში კლება იდენტური იყო.

კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში “Australian Journal of Grape and Wine Research”, მეცნიერები ძალიან გააკვირვა. ისინი ასეთ მოკლე ვადაში რეზვერატროლის კონცენტრაციის ასეთ მკვეთრ შემცირებას არ მოელოდნენ.

სწორედ ამის გამო მეცნიერები ახლად დამზადებული წითელი ღვინის სმას გვირჩევენ. ზომიერების ფარგლებში ძველი წითელი ღვინოც თითქმის არ არის საზიანო, თუმცა მისი დადებითი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე შედარებით ნაკლებია.

ავსტრალიაში ახლად დამზადებული ღვინოები ისედაც ძველებზე ბევრად უფრო პოპულარული იყო ახალგაზრდა თაობაში, ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ბოლო კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, მიირთვას ახალი ღვინო.

დავით ჩუთლაშვილი