“შამპანურის ომი” საფრანგეთში

13 აგვისტო, 2020წ

გაზიარება

“შამპანურის ომი” საფრანგეთში

“შამპანურის ომი” საფრანგეთში

კორონავირუსის კრიზისმა გავლენა შამპანურის ინდუსტრიაზეც მოახდინა. ერთმანეთთან კონფლიქტში მოვიდა შამპანურის დიდი საწარმოების და მცირე ვენახების მეპატრონეების ინტერესები. გაურკვეველია, თუ რა რაოდენობის შამპანური უნდა აწარმოონ ქარხნებმა. შამპანურის ცნობილი ბრენდები ჭარბი მოსავლის მიღებაზე უარს აცხადებენ, რადგან გლობალური პანდემიის გამო სასმელის გაყიდვებმა მთელ მსოფლიოში მკვეთრად იკლო, რის გამოც ფრანგი მევენახეების ფიზიკურ არსებობას ემუქრება საფრთხე, რადგან ისინი მოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ ჩააბარებენ, მოგება აღარ დარჩებათ.

საფრანგეთში ტრადიციულად ივლისის ბოლომდე ქარხნები და მევენახეები აღწევენ ხოლმე ურთიერთშეთანხმებას ყურძნის ფასსა და მოსავალზე. მაგრამ წელს ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ქარხნებს სურთ, მევენახეებს მოსავალი შეამცირებინონ. ისინი ამით ორ კურდღელს ერთად იჭერენ: ერთის მხრივ, დარჩენილი ყურძნის ხარისხი გაუმჯობესდება, ხოლო მეორეს მხრივ აღარ შეექმნებათ ჭარბი წარმოების საფრთხე და პროდუქცია გადასაღვრელი არ გაუხდებათ.

საქმე იმაშია, რომ ღვინის ქარხნებს და მსხვილ შემსყიდველებს უკვე ისედაც დიდი ოდენობის მარაგები აქვთ. ამიტომ მათ სურთ, რომ მოსავლიანობა მევენახეებმა ჰექტარზე 6-7 ტონამდე შეამცირონ, ხოლო მევენახეებს ჰექტარზე მინიმუმ 8,5 ტონის აღება სურთ. ფასს რაც შეეხება, ქარხნები 6,5 ევროს იხდიან ერთ კილოგრამ ყურძენში, რაც მევენახეებისთვის მისაღებია.

1945 წლის შემდეგ საფრანგეთს არ ახსოვს, რომ ქარხნებს და მევენახეებს შეთანხმებისთვის ივლისში ვერ მიეღწიოთ. მსგავსი რამ 75 წლის მანძილზე პირველად ახლა დაფიქსირდა. საკითხი საკუთარი დრამატულობის გათვალისწინებით რადიო France Bleu-მ პირველ მსოფლიო ომის პოზიციურ სტრატეგიასაც კი შეადარა, როცა მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ დიდხანს ისხდნენ სანგრებში და შეტევის განხორციელებას არ ჩქარობდნენ.

შამპანურის მწარმოებელთა გაერთიანებას (UMC) გათვლა იმაზე აქვს, რომ 100 მილიონი ბითლით ნაკლებს გაყიდის. ეს დაახლ. 3,3 მილიარდი ევროს პროდუქციაა და წინა წელთან შედარებით გაყიდვების 35 %-ით შემცირება.

საფრანგეთის სარდაფებში კი ამავდროულად უკვე 1 მილიარდი ბოთლი შამპანური ინახება.

ფრანგი მევენახეების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ წლევანდელი რთველი ძალიან უხვმოსავლიანი მოჩანს, 16 ტონით 1 ჰექტარზე. ამიტომ ძალიან მძიმე იქნება მოსავლის იმ რაოდენობით შემცირება, როგორც ამას ქარხნები მოითხოვენ. ექსპერტების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქარხნები ცდილობენ, მევენახეების გაღატაკების ხარჯზე გამდიდრდნენ. საქმეს დიდად ვერც სახელმწიფო სუბსიდია შველის, რომელიც წელს 250 მილიონ ევროს შეადგენს.

შეთანხმება მევენახეებსა და ღვინის ქარხნებს შორის 18 აგვისტომდე თუ არ იქნა მიღწეული, საკითხის გადაწყვეტაში უკვე წარმოშობის და ხარისხის სახელმწიფო ინსტიტუტი (INAO) ჩაერთვება, ხოლო როგორ დასრულდება ამის შემდეგ დავა და ვის სასარგებლოდ, ეს არავინ იცის.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

14.9
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

10
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

21
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

36.7
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

წითელი მშრალი