აშშ-სა და ევროკავშირს შორის ღვინის ტარიფების ომი ახალ ფაზაში შედის

13 აგვისტო, 2020წ

გაზიარება

აშშ-სა და ევროკავშირს შორის ღვინის ტარიფების ომი ახალ ფაზაში შედის

აშშ-სა და ევროკავშირს შორის ღვინის ტარიფების ომი ახალ ფაზაში შედის

აშშ-სა და ევროკავშირს შორის ღვინის ტარიფების ომი გრძელდება და ახალ ფაზაში შედის. სწორედ ამ კვირაში უნდა მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელმა ევროპულ ღვინოზე ტარიფების კიდევ უფრო სერიოზულად გაზრდის გადაწყვეტილება. ამჯერად სადამსჯელო ტარიფები რეკორდული 400 %-ით მოიმატებს.

ამერიკაში სადამსჯელო ტარიფები ევროპულ ღვინოზე პირველად გასულ წელს იქნა მიღებული პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, რისი მიზეზიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ამერიკულ ინტერნეტგიგანტებს, Google-ს და Facebook-ს გადასახადების გადახდა დააკისრა.

თავდაპირველად სადამსჯელო ტარიფებმა 25 %-ით მოიმატა. იმ დროს ევროპელმა ექსპორტიორებმა სცადეს, არ გაეძვირებინათ ფასი ამერიკაში გასაგზავნ ღვინოზე, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად შეუმცირდათ მოგება. მათ რამდენიმე კვირის მანძილზე ეს წარმატებით მოახერხეს ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, როცა ცვლილებები ძალაში შევიდა. მაგრამ იანვრიდან ფასები ევროპულ ღვინოზე მკვეთრად გაიზარდა.

თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფასები კიდევ იზრდება, ხოლო ახალი ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ ევროპული ღვინო შეერთებულ შტატებში ალბათ ფუფუნება გახდება.

მდგომარეობას კიდევ უფრო რთულს ისიც ხდის, რომ კორონავირუსის გამო ღვინის იმპორტი ევროპიდან მკვეთრად არის შემცირებული. ღვინის ამერიკელი იმპორტიორები ფრთხილობენ და ნაკლები ღვინო შეაქვთ საკუთარ ქვეყანაში.

ამერიკული ღვინო მკვეთრად ჩამოუვარდება ხარისხით ევროპულს, ამიტომ შეერთებულ შტატებში მოქმედი სადისტრიბუციო კომპანიები გაზრდილი ფასების მიუხედავად მაინც ევროპულ პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას.

შედეგად კიდევ უფრო ზარალდებიან რესტორანები, რომლებიც ისედაც უმძიმეს დღეში ჩაცვივდნენ პანდემიის შედეგად. ამერიკული რესტორნები ძირითადად ევროპულ ღვინოზე იყვნენ ორიენტირებული. ტარიფების ომი მათ გამოუვალ მდგომარებაში აგდებს და მკვეთრად უმცირებს შემოსავალს.

ღვინო და სპირტიანი სასმელები ხშირად არის მიჩნეული ფუფუნებად. ამიტომ ღვინის ექსპერტები დარწმუნებულები არ არიან, აქტიურად გაგრძელდება თუ არა ალკოჰოლური პროდუქციის შეძენა კორონავირუსის კრიზისის პირობებში. ცნობილია, რომ კრიზისის დროს ადამიანები ფრთხილობენ და ფულს ნაკლები ენთუზიაზმით ხარჯავენ.

როგორც “როიტერსი” იტყობინება, ორპარტიული ჯგუფი, რომელიც 13 სენატორისგან იქნება დაკომპლექტებული, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს ამ კვირაშივე თხოვნით მიმართავს, რათა გაუქმდეს გაზრდილი ტარიფები ევროპულ ღვინოზე, თუმცა დასრულდება თუ არა მათი მცდელობა წარმატებით, გაურკვეველია.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

24.95
ქისი

ქისი

თეთრი მშრალი

12.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი