მეცნიერებმა ვაზის ყველაზე საშიში მავნებლის გენური სტრუქტურა გაშიფრეს

28 ივლისი, 2020წ

გაზიარება

მეცნიერებმა ვაზის ყველაზე საშიში მავნებლის გენური სტრუქტურა გაშიფრეს

მეცნიერებმა ვაზის ყველაზე საშიში მავნებლის გენური სტრუქტურა გაშიფრეს

გასულ კვირას ჟურნალში “BMC Biology” გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატია, რომელიც ეხება მკვლევართა ჯგუფის მუშაობას ვაზის ყველაზე საშიში მტრის, ფილოქსერას გენების გასაშიფრად.

როგორც ჟურნალშია აღნიშნული, მეცნიერებმა მოახდინეს ფილოქსერას თითქმის 3000-მდე გენის იდენტიფიცირება. ეს სწორედ ის გენებია, რომელთა მეშვეობითაც მწერი ახერხებს ვაზში ჩასახლებას და მისი სასიცოცხლო ნივთიერებების პარაზიტულ გამოყენებას, რის შემდეგაც მცენარეზე სიმსივნური წარმონაქმნების მსგავსი სტრუქტურები ჩნდება, რომელთა მეშვეობითაც მწერი ცხოვრობს და იკვებება.

“ფაქტიურად ფილოქსერა მცენარეზე საკუთარ “მაცივარს” ამაგრებს, საიდანაც მას შეუძლია, იკვებოს, როცა მოესურვება”, - განაცხადა პაულ ნაბითიმ, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის მცენარეთა მწერების ეკოლოგიის ასისტენტ-პროფესორია. მკვლევარის სიტყვებით, ამ სტრუქტურების მეშვეობით მწერი არამხოლოდ ახდენს საკუთარი თავის გამოკვებას, არამედ თავსაც იცავს სხვა მწერების მხრიდან განხორციელებული შესაძლო თავდასხმებისგან.

ფილოქსერა უაღრესად საშიში და სახიფათო მწერია. მე-19 საუკუნეში მან აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა ევროპულ მევენახეობას და მოსპო მრავალი მაღალკულტურული ჯიში, თუმცა საუბედუროდ ეს ჯერ კიდევ არ არის ის მწერი, რომლის განხილვაც განყენებულად, მხოლოდ ისტორიულ კონტექსტში შეგვეძლო. მაგალითად გასულ წელს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში მან თავი ისევ იჩინა და ვაზი ერთიანად დატოვა ფოთლების გარეშე. აღსანიშნავია, რომ როგორც კი ეს ვერაგი მწერი ვაზის ფესვებს აღწევს, მცენარე მაშინვე კვდება.

სიმსივნის მსგავსი სტრუქტურები, რომლებსაც გალები ეწოდება, ხელს უშლიან მცენარეს საკვები ნივთიერებების მიმოქცევაში და საკუთარი თავის გამოკვებაში. ისინი იწვევენ ასევე ჭრილობებს, რაც ასუსტებს მცენარეს და ადვილად შეღწევადს ხდის სოკოებისა და ავადმყოფობების გამომწვევი სხვა მიკროორგანიზმებისთვის, რასაც შედეგად ვაზის დაღუპვა მოსდევს.

კვლევას ხელმძღვანელობდა კლოდ რისპე, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, კვების და გარემოს დაცვის ეროვნული ინსტიტუტიდან. კვლევის ფარგლებში დადგინდა, თუ როგორ გამოყოფს ფილოქსერა მოლეკულებს, რომელთა მეშვეობით ვაზის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებაა შესაძლებელი. საოცარი ისაა, რომ თურმე ეს მოლეკულა ვაზის დამცავ სისტემას იმგვარად ცვლის, რომ მცენარე ვეღარ ხვდება, რომ თავს ესხმიან.

კვლევების საფუძველზე მეცნიერები აპირებენ, შექმნან ვაზი, რომელიც რეზისტენტული იქნება ფილოქსერას მიმართ. ეს თუ განხორციელდა, დაიზოგება უზარმაზარი რესურსები და მსოფლიო მევენახეობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

დავით ჩუთლაშვილი