ქართული ღვინის ისტორიის საინტერესო მომენტები, რაც ბევრმა არ იცის

24 ივლისი, 2020წ

გაზიარება

ქართული ღვინის ისტორიის საინტერესო მომენტები, რაც ბევრმა არ იცის

ქართული ღვინის ისტორიის საინტერესო მომენტები, რაც ბევრმა არ იცის

რამდენიმე წლის წინ მსოფლიო მოიარა ცნობამ იმის შესახებ, რომ საქართველოში, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა მეღვინეობის უძველესი ნიმუშები, რითაც დასტურდება, რომ ჩვენი წინაპრები მინიმუმ 80 საუკუნის წინ ვაზის მოვლას და ღვინის დამზადებას ეწეოდნენ. ამ უაღრესად საინტერესო ცნობამ დიდი რეზონანსი ჰპოვა, თუმცა ბევრმა, მათ შორის საქართველოში კარგად არ იცის ქართული ვაზის და ღვინის ისტორიის სხვა საინტერესო მომენტები. ამ სტატიაში შევეცდებით, ვისაუბროთ იმ სხვა არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და ისტორიულ წყაროებზე, რაც უძველეს ქართულ მეღვინეობას ეხება.

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა გასული საუკუნის 50-იან წლებში კახეთში, გათხრებისას აღმოჩენილი ბრინჯაოს მოღუნული დანები, რომლებიც 3000 წლით თარიღდება. ამ დანებს ჩვენი წინაპრები სასხლავად იყენებდნენ. აღნიშნული აღმოჩენა "გადაჭრილი გორის" და "შულავერის გორის" მეღვინეობის ნიმუშების შესწავლამდე დიდი ხნის მანძილზე უძველესი იყო, რაც ვაზის კულტივირებას და მისი ნაყოფიდან ალკოჰოლური სასმელის მიღებას ადასტურებდა.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ მანამ, სანამ დადასტურდებოდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ზოგიერთი მეცნიერი უკვე გამოთქვამდა მოსაზრებას აღნიშნულის შესახებ. ერთ-ერთი უპირველესთაგანი მათ შორის გამოჩენილი შვეიცარიელი ბოტანიკოსი ოგიუსტენ პირამ დეკანდოლი (1778-1841) იყო. ცნობილი გერმანელი მეცნიერი, ჰენსი კი "ვაზის და ღვინის ჭეშმარიტ სამშობლოდ" მოიხსენიებდა სამეგრელოს და კახეთს.

ქართულ ღვინოს მოიხსენიებს ჰომეროსი (დაახლ. VII-VIII სს. ჩვ.წ. აღ.-მდე) თავის უკვდავ “ოდისეაში”, სადაც ნათქვამია, თუ როგორ უმასპინძლდება კოლხთა მეფის, აიეტის და ოდისევსს ლალისფერი ღვინით.

აპოლონიოს როდოსელი (295-215 წწ. ჩვ.წ. აღ.-მდე) თავის “არგონავტიკაში” აღწერს ვაზის ტალავერს, რომელიც არგონავტებმა პოლის კუტაიაში ანუ ქალაქ ქუთაისში იხილეს, რომლის ქვეშ ღვინის დაუშრეტელი შადრევანი ჩქეფდა. ამგვარი სახით ქართულ მეღვინეობაზე საუბარი მიუთითებს, რომ ეს დარგი ჩვენში ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ქსენოფონტე (431-354 წწ. ჩვ.წ. აღ.-მდე) თავის “ანაბაზისში” აღწერს ბერძენთა ლაშქრის სვლას ჭანებით დასახლებულ მიწაზე, სადაც სტუმრებმა დიდძალი ღვინო აღმოაჩინეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე პურობის სცენა “შუშანიკის წამებიდან”, სადაც ქართული ღვინოა მოხსენიებული და ისიც შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ვაზი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ჩუქურთმების და ბარელიეფების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეა, რაც ამ მცენარის უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში.

ეს ყოველივე გვაიძულებს, დავფიქრდეთ, თუ რამდენად დიდი და ძველი ისტორიის მქონე ერი ვართ ქართველები. ისეთი დახვეწილი და ნატიფი სასმელი, როგორიც ქართული ღვინოა, თამამად უნდა წარმოადგენდეს ჩვენი სიამაყის საგანს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

30
იბერიული ქინძმარაული

იბერიული ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

15
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი