ქართული ღვინო და აღმოსავლური სამზარეულო

21 მაისი, 2020წ

გაზიარება

ქართული ღვინო და აღმოსავლური სამზარეულო

ქართული ღვინო და აღმოსავლური სამზარეულო

მსოფლიოში ალბათ არ მოიძებნება ღვინის მწარმოებელი მეორე ქვეყანა, ჩვენი მსგავსი კლიმატური სახესხვაობებით რომ გამოირჩეოდეს. ამიტომ რა ტიპის ღვინოები აღარ არის ჩვენთან. შესაბამისად, კერძებთან ღვინოების შეხამების დროს არჩევანის პრობლემა ნამდვილად არ გვექნება არასოდეს, რადგან ქართული ღვინოების ისეთი მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ისეთი განსხვავებული ტერუარით და კლიმატური ზონებით, რომ მსოფლიოში ამხელა არჩევანი ასეთ მცირე ტერიტორიაზე წარმოუდგენელიც კი არის.

საქართველოში ჩვენი სამშობლოს გეოგრაფიული მდებარეობიდან და აზიის ქვეყნებთან სიახლოვიდან გამომდინარე, პოპულარულია აღმოსავლური სამზარეულო. გარდა აღმოსავლური სამზარეულოს პოპულარობისა, აზიის გავლენა საკუთრივ ჩვენს კერძებზეც იგრძნობა. სახელდობრ, ქართული კერძები (თუ ძალიან ძველ, შუა საუკუნეების პერიოდის ცალკეულ კერძებს არ ჩავთვლით), მდიდარია სანელებლებით, რაც სწორედ აზიური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი თავისებურებაა. დასავლეთ ევროპაში სანელებლებით მდიდარი კერძები ვერ იქნებოდა ტრადიციული სამზარეულოს შემადგენელი ნაწილი, რადგან ვასკო და გამას მოგზაურობამდე და კეთილი იმედის კონცხის გავლით ინდოეთამდე საზღვაო გზის მიგნებამდე დასავლეთ ევროპაში სანელებლები გრამობით იყიდებოდა და თავისი წონა ოქროს ფასი ღირდა. საქართველოში სანელებლები (მაგ. ზაფრანა, კოწახური, ქინძი, ულუმბო, შაშკვლავი და ა. შ.) ან ადგილზე მოდიოდა, ან კიდევ, იაფად შემოჰქონდათ ირანიდან ან ირანის გავლით - ინდოეთიდან.

მაგრამ მაინც როგორი ღვინოები უნდა შევუხამოთ აღმოსავლურ სამზარეულოს?

სანელებლებით მდიდარი კერძები საუკეთესო პარტნიორია ნატიფი ტექსტურის მქონე ისეთ ღვინოებთან, რომელთა მჟავიანობა შედარებით მაღალია. სწორედ ასეთებია სამცხე-ჯავახეთის თეთრი ღვინოები საქართველოში. სამცხე-ჯავახურ ღვინოებს უმეტესწილად ცინცხალი, მაცოცხლებელი ხასიათი აქვს და კარგად ეხამება ქართულ და აღმოსავლურ სამზარეულოს. ხოლო თუ ასეთ ღვინოებზე ხელი არ მიგიწვდებათ, ნებისმიერი ის ღვინო გამოდგება, რომელიც მჟავიანობით და ალკოჰოლით მდიდარია. ალკოჰოლი და მჟავიანობს ხაზს გაუსვამს სანელებლების ტონებს და პიკანტურობას შესძენს კერძებს.

აღმოსავლურ სამზარეულოსთან კარგია ასევე იმერული და კახური ღვინოების ნაწილი ხილის (ხშირ შემთხვევაში კი ვაშლის) გამოკვეთილი არომატებით. ვაშლის არომატის მქონე თეთრი ღვინოები ყველაზე უკეთ ეხამება აღმოსავლურ კერძებს.

დაუწერელი წესია, რომ ღვინო ყველაზე კარგად ადგილობრივ კერძებს ეხამება, მაგრამ აზიაში ხომ საუკუნეების მანძილზე ღვინო არ არსებობდა. მხოლოდ იაპონელებს ჰქონდათ საკე, რომელიც ჩაის უფრო ჰგავს, ვიდრე ალკოჰოლურ სასმელს და ჩინელებს ჰქონდათ კიდევ სიმინდისგან დამზადებული სასმელი. ამიტომ აზიური სამზარეულო გამონაკლისია და მისი მეწყვილე ღვინოების ევროპაში ძიებაა საჭირო. 

საბოლოო ჯამში ყველა კერძი მისი ცალკეული კომპონენტების მიხედვით უნდა განვიხილოთ და არა მხოლოდ იმის მიხედვით, რა ტიპის ან რა ოდენობის სანელებლებს შეიცავს. ხოლო რადგან აზიური სამზარეულო თევზეულით მდიდარია, ძირითადად თეთრი და მშრალი, ზომიერი და მაღალი მჟავიანობით გამორჩეული ღვინოების არჩევა მოგვიწევს.

აღმოსავლური კერძებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება სიმწარეა. მწარე კერძს კი ყველაზე უკეთ ეხამება ძლიერი, ალკოჰოლით მდიდარი ღვინოები.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

18
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

10.2
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი