როგორ მზადდება ხიდისთაური წითელი და ვინ შეიტანა თავკვერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე

14 მაისი, 2020წ

გაზიარება

როგორ მზადდება ხიდისთაური წითელი და ვინ შეიტანა თავკვერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე

როგორ მზადდება ხიდისთაური წითელი და ვინ შეიტანა თავკვერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე

თანამედროვე მეღვინეობის წინაშე არსებული საკითხების გააზრება და სწორად გადაჭრა წარმოუდგენელია წარსულის გახსენების გარეშე, რადგან თუ ადამიანი წარსულს დაივიწყებს, მომავალი არ ექნება წარმატებებით სავსე. მითუმეტეს არ უნდა დავივიწყოთ წარსული ჩვენ, ქართველებმა, რადგან ჩვენი ისტორია სხვადასხვა უსიამოვნოდ წასაკითხ ფურცლებთან ერთად უაღრესად საინტერესო ცნობებითაც არის სავსე.

ქართული ვაზის ნებისმიერი კულტურული ჯიში ეს არის მცენარეში ასახული საქართველოს წარსული. ნებისმიერი ქართული ჯიში ჩვენი წინაპირების მიერ არის შექმნილი და ქართულ ხასიათს ასახავს. ერთ-ერთი ასეთი ჯიშია თავკვერი, რომელიც ქართლელებს ძალიან მოსწონთ და მისით ამაყობენ კიდეც. ქართლელს ღვინოზე თუ ჩამოუგდე საუბარი, ის მაშინვე თავკვერს დაასახელებს და დაიწყებს მასზე საუბარს. ქართლელებისთვის თავკვერი არის საუკეთესო ჯიში, რომლითაც ცდილობენ, კახელებს გაეჯიბრონ და კახური ვაზი და კახური ღვინო დაჩრდილონ.

თავკვერი მართლაც საუცხოო ჯიშია და ცოტა არ იყოს, დამაბნეველია, რომ მას საქართველოში იმდენად არ აფასებენ, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

უცნაურია, მაგრამ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ კი შუა აზიასა და აზერბაიჯანში თავკვერი 10-ჯერ უფრო მეტ ფართობზეა გაშენებული, ვიდრე საქართველოში. მხოლოდ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ის 3852 ჰექტარზე მოჰყავთ და ეს მაშინ, როცა ქართლში სულ რაღაც 460 ჰექტარზეა გაშენებული.

ვაზის ეს წითელყურძნიანი ჯიში ძირითადად საღვინეა. მისი მარცვალი მართლაც თონეში გამომცხვარ კვერს მოგაგონებთ, ყუნწთან შებრტყელების გამო. სწორედ ამიტომ ჰქვია თავკვერი. შაქრიანობა ნორმალურად აქვს - 19-21 %, რაც კარგი მაჩვენებელია. მჟავიანობა საშუალო დონის გააჩნია.

თუ როდის წარმოიშვა თავკვერი, უცნობია. ზუსტად ვიცით მხოლოდ ის, რომ ძველთაძველი ქართული ჯიშია, წარმოშობილია აღმოსავლეთ საქართველოში. წერილობით წყაროებში პირველად მე-19 საუკუნეში მოიხსენიეს ვ. გეევსკის და გ. შარერის ნაშრომებში.

ძველ დროში თავკვერს ხშირად აკუპაჟებდნენ ჩინურის ღვინოსთან, საიდანაც ღია წითელი შეფერილობის ღვინო მიიღებოდა, რასაც “ხიდისთაურ წითელს” უწოდებდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართლში ზოგიერთი მეღვინე დღემდე მისდევს ამ ტრადიციას. “ხიდისთაურ წითელს” ისინი გორულ მწვანესთან შერევის შედეგადაც იღებენ, თუმცა უპირატესი თეთრი საკუპაჟე მასალა აღნიშნულ ღვინოში მაინც ჩინურია.

აზერბაიჯანში თავკვერი გერმანელმა კოლონისტებმა ჩაიტანეს, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მოგვიანებით დასახლდნენ.

ეს მოხდა მე-19 საუკუნეში, ფილოქსერას კატასტროფამდე წლებით ადრე. მაშინ თავკვერი დაავადებების მიმართ გამძლეობით გამოირჩეოდა და სულაც არ არის გასაკვირი, რომ მისი თვისებებით გერმანელი კოლონისტები აღფრთოვანდნენ.

მაგრამ ფილოქსერას კატასტროფას თავკვერმა ვერ გაუძლო. ამას დაემატა ის, რომ ჯიშმა დროთა განმავლობაში დეფექტი გამოავლინა - მტევანზე მარცვლები სათანადო ზომის არ იზრდებოდა, რამაც საბოლოოდ განაპირობა ქართლში უფრო გამძლე, მაღალხარისხიანი, უხვმოსავლიანი და დახვეწილი ჩინურის და გორული მწვანის გავრცელება იმ ადგილებში, სადაც წინათ თავკვერი მოჰყავდათ.

თავკვერისგან კარგი ხარისხის ლალისფერი ღვინო მზადდება. ამიტომ ამ ჯიშის გადაშენება კარგი არ იქნება. მითუმეტეს, რომ აზერბაიჯანის სასუქიან ნიადაგებზე მისი მოსავალი ხშირად 25-30 ტონაც კი იკრიფება, იმდენად ბარაქიანია ის. საქართველოში ამდენი თავკვერი არ მოდის, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოში მიყვანილს აქვს მაღალი შაქრიანობა და კარგი ტანინები.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

33.6
მუკუზანი პრემიუმი

მუკუზანი პრემიუმი

წითელი მშრალი

83.95
საფერავი სასაჩუქრე ყუთით

საფერავი სასაჩუქრე ყუთით