რჩევები: როგორ მოვამზადოთ ღვინის საუკეთესო საგაზაფხულო კოქტეილები სახლის პირობებში?

06 მაისი, 2020წ

გაზიარება

რჩევები: როგორ მოვამზადოთ ღვინის საუკეთესო საგაზაფხულო კოქტეილები სახლის პირობებში?

რჩევები: როგორ მოვამზადოთ ღვინის საუკეთესო საგაზაფხულო კოქტეილები სახლის პირობებში?

ამ ბოლო დროს შინ ყოფნა ბევრ ჩვენთაგანს ნამდვილ სატანჯველად გადაექცა. მართლაც ძალიან რთულია ჩვენი ცხოვრება ამ გაურკვევლობაში, როცა არ ვიცით, კორონავირუსი როდის ჩაცხრება და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ღია რესტორნებს, ხალხმრავალ გართობებს, მოგზაურობას... განსაკუთრებით აუტანელი კი ეს ბოლო თვეები ჩემნაირი ადამიანებისთვის არის, რომლებსაც უყვართ მზე, ზღვა და კოქტეილები.

იმისათვის, რათა ძველი დრო გავიხსენოთ, შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაამზადოთ ღვინისგან საუკეთესო კოქტეილები სახლის პირობებში.

თავდაპირველად აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ღვინის კოქტეილები მთელ მსოფლიოში სიახლეა. თუმცა, ბოლო წლებში მაინც მოხერხდა და ბევრმა ადამიანმა მიიღო ეს სიახლე. ღვინის კოქტეილების მთავარი უარყოფითი მხარე ისაა, რომ მათში ალკოჰოლის შემცველობა მცირეა და ასევე ისიც, რომ ეს კოქტეილები შედარებით ძვირი გამოდის, კარგი ღვინის ფასს თუ გავითვალისწინებთ.

საუკეთესო კოქტეილი ლამაზი ჭიქიდან იწყება, რასაც შესაბამისი მცირე ზომის დეკორაციაც უნდა დავუმატოთ. კოქტეილი უფრო ლამაზი გამოვა, თუ ესთეტიზაციის მიზნით მცირე ზომის ყვავილს, პიტნის ფოთოლს ან თეთრ მოცხარს ჩავუმატებთ. თუ სტუმრიანობა გიყვართ, უმჯობესია, კოქტეილის თანამედროვე ჭიქები შინ აუცილებლად იქონიოთ. გახსოვდეთ, რომ კოქტეილის შემთხვევაში ესთეტიკა გადამწყვეტია და დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი სასმისით სვამთ სითხეს. 

გაზაფხულის და ზაფხულის კოქტეილების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ხილი, რომელიც წელიწადის მოცემულ დროს მწიფდება.100 გრამ ღვინოზე 50 გრამ ხილს ცოტაოდენი (დაახლ 40-50 გრამი) ლიქიორი ან რომი უნდა ჩავუმატოთ და მიქსერით მაგრად ავდღვიბოთ. ხშირად მიღებულია კოქტეილებში ხილის მსხვილი ნაჭრების ჭიქაში ჩატოვება, მაგრამ ღვინის კოქტეილების შემთხვევაში ეს ცუდი იდეაა - ხილის ნაჭერს ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს ღვინის ფაქიზ გემოზე და გააქროს ის.

იმისათვის, რათა ღვინისგან საუკეთესო კოქტეილი მოვამზადოთ, აუცილებლად მშრალი ღვინო უნდა გამოვიყენოთ, რადგან მშრალ ღვინოს შეუძლია საუკეთესოდ შეეხამოს ხილს და ხილის წვენს. გარდა ამისა, მშრალი ღვინო ხელს უწყობს ასევე იმას, რომ კოქტეილი მეტისმეტად ტკბილი არ გამოვიდეს. ისეთი სანელებლები, როგორებიცაა მიხაკი და დარიჩინი, საგაზაფხულო კოქტეილს აუცილებლად სჭირდება, ოღონდ მცირე დოზით. გარდა ამისა, აუცილებელია სანელებლები სასმელს უშუალოდ მირთმევამდე მცირე ხნით ადრე შეურიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი გემო კოქტეილს ძალიან გაუჯდება და ყველა სხვა გემოს შთანთქავს.

დავით ჩუთლაშვილი