ევროპა ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლისთავს ზეიმობს: რომელ ღვინოს სვამდა დიდი კომპოზიტორი?

14 აპრილი, 2020წ

გაზიარება

ევროპა ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლისთავს ზეიმობს: რომელ ღვინოს სვამდა დიდი კომპოზიტორი?

ევროპა ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლისთავს ზეიმობს: რომელ ღვინოს სვამდა დიდი კომპოზიტორი?

ძალიან ცუდია, რომ წელს ბეთჰოვენის 250 წლის იუბილე კორონავირუსის გამო იმ პომპეზურობით ვერ აღინიშნება, რომელიც ეკადრება და ეკუთვნის გენიალურ შემოქმედს და ადამიანის ემანსიპაციისთვის დაუღალავ მებრძოლს. გავსებული საკონცერტო დარბაზები და ხალხმრავალი მუსიკალური პროგრამები ეპიდემიის გამო წარსულს ჩაბარდა. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კი ერთადერთ ნუგეშად ინტერნეტი და საკუთარი საშინაო მოწყობილობები შემოგვრჩა. რადგან ამჟამად მხოლოდ სახლში თუ მოვუსმენთ საყვარელ კომპოზიტორს.

ევროპაში ტრადიციად არის ქცეული დიდი ადამიანების იუბილეზე ღვინოების ჩამოსხმა. როგორც წესი, მსგავსი ღვინოები გამორჩეული ხარისხის არის ხოლმე.

წელს მსგავსი წამოწყება ვეგელერების მეღვინეობამ ითავა. ეს ცნობილი საწარმო რაინის მხარეში მდებარეობს და მისი დამფუძნებლის ბაბუას, ფრანც გერჰარდ ვეგელერს გარკვეული მეგობრობა აკავშირებდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენთან.

ვეგელერების მეღვინეობას დღეს ტომ დრიზებერგი ხელმძღვანელობს. 1921 წელს გამოიცა წიგნი ბეთჰოვენის შესახებ, რომელსაც “ფურიოზო” ჰქვია და სადაც აღწერილია, თუ როგორ დაიწყო დიდი კომპოზიტორის და ფრანც გერჰარდ ვეგელერის მეგობრობა. მათ ერთმანეთი ოლბერგის მთაზე, ექსკურსიის დროს გაიცნეს, როცა ავდრისას თავიდან ფეხებამდე წვიმისგან გალუმპულებმა თავი მონასტერს შეაფარეს. სწორედ მონასტერში დაუკრა საეკლესიო ორღანზე ბეთჰოვენმა და სწორედ ამან მისცა დასაბამი ვეგელერსა და მას შორის მეგობრობას, რადგან ფრანცი მუსიკის დიდი თაყვანისმცემელიც იყო.

მათი მეგობრობა ბონში გაგრძელდა. იქ თანამედროვე მეღვინეების წინაპარი და დიდი კომპოზიტორი ერთმანეთს ბროინინგების სახლში ხშირად ხვდებოდნენ, ოჯახის ასულ ელეონორასთან ერთად, რომელიც მოგვიანებით ფრანც გერჰარდ ვეგელერს გაჰყვა ცოლად. ქალს დიდმა ხელოვანმა თავისი ერთადერთი ოპერა “ლეონორა” მიუძღვნა, რომელიც მოგვიანებით “ფიდელიოდ” გადააკეთა.

იმაზე, თუ რამდენად ღრმა იყო ბეთჰოვენსა და ვეგელერს შორის მეგობრობა, წერილები მოწმობს, რასაც ისინი ერთმანეთს უგზავნიდნენ. დრიზებერგის ცნობით წერილები შემორჩენილია 1797 წლიდან 1827 წლამდე, ანუ ბეთჰოვენის გარდაცვალებამდე. წერილებში ბეთჰოვენმა გაანდო ვეგელერს, რომ სმენის პრობლემა ჰქონდა და ისიც, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. აქედანვე ვიგებთ, რომ მაინცში, უკვე სიკვდილის პირას მყოფმა საკუთარ გამომცემელს სთხოვა, “მოზელის და რაინის ძველი ღვინო” მისთვის სასთუმალთან მიეტანა და დაედგა.

დიდმა ბაბუა ვეგელერმა გამოაქვეყნა ბეთჰოვენის პირველი ბიოგრაფია, ხოლო ანია ვეგელერ-დრიზებერგი, რომელიც ვეგელერების მეღვინეობას ქმართან ერთად ხელმძღვანელობს, არის ელეონორა ბროინინგის პირდაპირი შთამომავალი, რომელსაც ბეთჰოვენმა “ფიდელიო” მიუძღვნა.

დღეს ვეგელერები ოფიციალურად 5 დასახელების "ბეთჰოვენის ღვინოს" უშვებენ, რომლებიც “BTHVN 2020”-ის მარკით გამოდის.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გერმანიის მასშტაბით 700-მდე ღონისძიება იყო დაგეგმილი ბეთჰოვენის ხსოვნის საპატივსაცემოდ (აქედან 300 მხოლოდ ბონში), თუმცა კორონავირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამიტომ ამჟამად დიდი კომპოზიტორის გასახენებლად მის თაყვანისმცემლებს მხოლოდ ჭიქა ღვინო და დიდი გერმანელი კლასიკოსის მუსიკა შემოგვრჩა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სხვა გამოსავალი სამწუხაროდ არ ჩანს.

დავით ჩუთლაშვილი