კორონავირუსის გამო “ახალი ღვინის ფესტივალი” გაურკვეველი ვადით გადაიდო

13 აპრილი, 2020წ

გაზიარება

კორონავირუსის გამო “ახალი ღვინის ფესტივალი” გაურკვეველი ვადით გადაიდო

კორონავირუსის გამო “ახალი ღვინის ფესტივალი” გაურკვეველი ვადით გადაიდო

კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში ერთმანეთის მიყოლებით უქმდება ღვინის მასშტაბური თუ მცირე ზომის ბაზრობები, გამოფენები, საჯარო დეგუსტაციები და ფესტივალები, რადგან მეღვინეობის სფეროში დასაქმებული ადამიანები უმრავლეს შემთხვევაში პასუხისმგებლობის მქონე, გონიერი ადამიანები არიან, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენად დიდ საშიშროებას წარმოადგენს კორონავირუსი და რამდენად აუცილებელია, რომ მისი გავრცელება თავიდან ავიცილოთ.

აშკარაა, რომ ამ მხრივ გამონაკლისს არც ღვინის ქართულ გამოფენათა და ბაზრობათა ორგანიზატორები წარმოადგენენ. ამიტომ, სამწუხაროდ, ღვინის მოყვარულებს კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე მოცდა მოგვიწევს.

წლევანდელ 9 მაისს უნდა გამართულიყო “ახალი ღვინის ფესტივალი 2020”, რომლის ჩატარება მთაწმინდის პარკში უკვე ტრადიციად იქცა. სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო ის მაისში ვეღარ გაიმართება. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორები “ფეისბუკის” ოფიციალური გვერდის მეშვეობით იუწყებიან. თუმცა, იქვე გამოთქმულია იმედი იმის შესახებ, რომ წლევანდელ წელს ფესტივალის ჩატარება მაინც მოხერხდება.

„იმედი გვაქვს, რომ წელს არ გამოვტოვებთ და ერთად აღვნიშნავთ როგორც კორონას უკან დახევას, ისე რიგით მე-11 „ახალი ღვინის ფესტივალს“. უზარმაზარი მადლობა ყველა ქომაგს, მეგობარს, ღვინის მოყვარულს, კომპანიასა და მცირე მეღვინეობებს, რომლებიც იმედით ელოდებიან სიტუაციის გაუმჯობესებას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აქამდე “ახალი ღვინის ფესტივალი“ ჩვენს ქვეყანაში უწყვეტად ტარდებოდა 2010 წლიდან. მთელი ამ წლების მანძილზე მისი მასშტაბები ძალიან გაიზარდა.

ფესტივალი აერთიანებდა როგორც დიდ, ასევე საშუალო და მცირე ზომის მეღვინეობებს, ასოციაციებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს. სწორედ ასეთად დაგვამახსოვრა მან თავი 2019 წელს, როცა სულ 200-ზე მეტი მონაწილის შეკრება მოახერხა.

“ახალი ღვინის ფესტივალის” დამსწრეთა მნიშვნელოვან ნაწილს წლების მანძილზე წარმოადგენდნენ ღვინის უცხოელი სპეციალისტები, ღვინის ბარების მეპატრონეები და ღვინის ბლოგერები და მწერლები, რომლებსაც ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, დაეჭაშნიკებინათ ასეულობით ღვინო, გაეცნოთ მწარმოებლები, უცხოელი შემსყიდველები აქ ხვდებოდნენ მწარმოებლებს და იმართებოდა მოლაპარაკებები.

ოფიციალურად “ახალი ღვინის ფესტივალის” იდეის არსს ტრადიციული ქართული მეღვინეობის პოზიტიური კუთხით წარმოჩენა, მეღვინეობის თვალსაზრისით განათლების დონის და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება წარმოადგენდა და ის ღვინის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდებოდა.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

16.1
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

19.2
ციცქა ცოლიკოური ქვევრი

ციცქა ცოლიკოური ქვევრი

9.6
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

34.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი