ღვინო, ლუდი და შოკოლადი: ესპანელები თაროებს აცარიელებენ

03 აპრილი, 2020წ

გაზიარება

ღვინო, ლუდი და შოკოლადი: ესპანელები თაროებს აცარიელებენ

ღვინო, ლუდი და შოკოლადი: ესპანელები თაროებს აცარიელებენ

ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მთელი რიგი კულტურული ნიშან-თვისებების მიხედვით. მაგრამ ჩვენ საერთოც ძალიან ბევრი გვაქვს, იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. განსაკუთრებით ეს ეხება ევროპას, სადაც ჩვენ გასაოცრად ბევრი გვაქვს საერთო კულტურასა და მენტალიტეტში.

ახლა კი როგორც აღმოჩნდა, ერთნაირად გვეზიზღება სიკვდილი და ერთნაირად გვიყვარს სიცოცხლე. 

ევროპამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა თანამედროვეობის ყველაზე ვერაგ მტერს, კორონავირუსს. ხოლო ბრძოლის წარმოება შეუძლებელია დამხმარე საშუალებების გარეშე. ერთ-ერთ ასეთ დამხმარე საშუალებად დარდის შესარბილებლად და სტრესის მოსახსნელად ესპანელებს ღვინო ეგულებათ. ამიტომ მათ მასიურად დაიწყეს ღვინის შესყიდვა.

ღვინის გარდა მოთხოვნილება გაიზარდა ასევე ლუდზე, ზეთისხილზე, ჩიპსებსა და შოკოლადზე. ექსპერტები კი ცდილობენ, ამას ახსნა მოუძებნონ.

ესპანეთში უმკაცრესი საკარანტინე ზომები მოქმედებს. შესყიდვების ზრდა ნაწილობრივ ამითაც აიხსნება - ადამიანებს ბეზრდებათ გამუდმებით სახლში ჯდომა და ცდილობენ, რამდენიმე წუთით სურსათის საყიდლად მაინც შეძლონ გარეთ გასვლა.

როგორც სამეცნიერო ჟურნალმა “Inforetail”-მა გამოიკვლია, გასული კვირის მანძილზე ესპანელებმა 80 %-ით მეტი ლუდი და 60 %-ით მეტი ღვინო იყიდეს, ვიდრე წინა კვირის მანძილზე. ზეთისხილის შემთხვევაში 94 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ნაყინის, შოკოლადის და ანჩოუსების გაყიდვები 76-დან 87 %-მდე გაიზარდა.

როგორც გამოცემა “ელ პაისი” ამბობს, ესპანელებმა, რომლებიც წინათ ბარებში ისხდნენ, დღეს ბარები შინ მოიწყვეს.

გაზეთი ესაუბრა ფსიქოლოგ ოლგა კასტანიერს, რომელმაც ესპანელების სამომხმარებლო ქცევის ცვლილების მიზეზად მკაცრი საკარანტინე ზომები და შინიდან გასვლის აკრძალვა დაასახელა.

“ადამიანი, როცა სტრესში იმყოფება, ნაკლებად ეტანება სტეიკს. ორგანიზმი ასეთ სიტუაციებში შაქარს და ცხიმს ითხოვს”, - განუცხადა ფსიქოლოგმა “ელ პაისს”. “მე თვითონაც ამჟამად საკუთარ მეგობრებთან “სკაიპის” მეშვეობით იმაზე ვსაუბრობ, რომ ლუდი დავლიოთ”.

ესპანეთი ის ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსმა განსაკუთრებით დააზარალა. გასული 24 საათის მანძილზე აქ 850 ადამიანი დაიღუპა და ინფიცირების 11 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დავით ჩუთლაშვილი