რას ამტკიცებს 8000 წლის წინანდელი ქვევრი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი?

14 მარტი, 2020წ

გაზიარება

რას ამტკიცებს 8000 წლის წინანდელი ქვევრი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი?

რას ამტკიცებს 8000 წლის წინანდელი ქვევრი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი?

საქართველო არის ღვინის სამშობლო. ამას ვამბობთ დღეს, ვამბობდით გუშინ და უმჯობესია, მანტრასავით ყოველდღიურად გავიმეოროთ ხვალაც, რათა მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ მევენახეობა და მეღვინეობა სწორედ აქ წარმოიშვა, ვიდრე მოკრძალებულად გავჩუმდეთ და ამ გასაოცარმა აღმოჩენამაც ისევე შეუმჩნევლად ჩაიაროს, როგორც ეს მომხდარა არაერთხელ, ჩვენი მთელი დიდებული ისტორიის მანძილზე, სხვა უამრავ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან მიმართებით.

მაგრამ მაინც რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა ის, რაც მეცნიერებმა შულავერ-შომუთეფეს ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნიმუშის, ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეულით დათარიღებული ქვევრის სახით აღმოაჩინეს, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ ღვინის სამშობლო ვართ?

ჯერ ერთი, წარმოიდგინეთ, თუ რამდენად დიდი დროა გასული მას შემდეგ. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეული სათქმელადაც კი რთულია. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო პერიოდი, როცა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ქვის ხანის პირობებში ცხოვრობდა. ეს არის პერიოდი, როცა დედამიწაზე არსებობენ ფაუნის ისეთი წარმომადგენლები, რომელთა არსებობა ბევრს თითქმის არც კი სჯერა. და ასეთ დროს სადღაც წურავენ ყურძენს და ამზადებენ ღვინოს.

ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე აბსოლუტურად ფანტასტიკური ამბავია.

“გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი წლების გათხრების დროს აღმოჩენილ თიხის ჭურჭელს, რომელიც პროფესორ პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა შეისწავლა, გამოსახული აქვს ყურძნის მტევნები, რაც მაღალმხატვრული ხერხით არის შესრულებული. და რა გზა გაიარა ქართულმა ყურძენმა იქამდე, სანამ მას თიხის ჭურჭელზე გამოსახავდნენ? იყო კი ეს ღვინის ჭურჭლის პირველი ნიმუში? პატრიკ მაკგოვერნის მიერ შესწავლილი პრეისტორიული ქვევრის შიგთავსი იყო თუ არა ღვინის პირველი ქართული ნიმუში? რა თქმა უნდა, არა და აი, რატომ:

შეუძლებელია, ასეთი დახვეწილი ჭურჭელი შეექმნა კულტურას ასე ვთქვათ, პირველივე ჯერზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაც აღმოჩენილი გვაქვს, ეს არის საუკუნეების შემდეგ, უკვე განვითარებული მეღვინეობის და მევენახეობის და ასევე მეთუნეობის ნიმუშები. ანუ სრულიად დაბეჯითებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არა მე-6 ათასწლეულის წინ, არამედ გაცილებით უფრო ადრე საქართველოში უკვე არსებობდა მევენახეობაც, მეღვინეობაც და ამ მეღვინეობის და მევენახეობის ინტერესების შესატყვისი მეთუნეობაც. ეს არ იყო მანამდე ერთი და ორი წლით ადრე დაწყებული საქმე და “გადაჭრილი გორის” ქვევრის დამზადებამდე დიდი ხნით ადრე საქართველოში ქვევრის დამამზადებელი მაღალი დონის ხელოსნებიც არსებობდნენ და ვაზის კულტურული ჯიშებიც არსებობდა, საიდანაც ღვინო იწარმოებოდა. ამიტომ აშკარაა, რომ საქართველოში მეღვინეობას და მევენახეობას 8000 წელზე გაცილებით უფრო დიდი ხნის ისტორია გააჩნია.

დავით ჩუთლაშვილი