ღვინის მხატვრობა: “ღვთაებრივი სითხე”, როგორც შთაგონების ელექსირი

10 მარტი, 2020წ

გაზიარება

ღვინის მხატვრობა: “ღვთაებრივი სითხე”, როგორც შთაგონების ელექსირი

ღვინის მხატვრობა: “ღვთაებრივი სითხე”, როგორც შთაგონების ელექსირი

ბერნდ ჰორაკი ავსტრიელი თავისუფალი მხატვარია. მას მიაჩნია, რომ მხატვრობაში მთავარი და გადამწყვეტი ფერია და ამიტომაც უამრავი დრო დაკარგა სასურველი ტონების ძიებაში, ბოლოს კი საკუთარი თავი ღვინის ფერში იპოვა.

მხატვარმა ღვინის ფერზე ექსპერიმენტები ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო. მანამდე სცადა ყავის, მიწის, სანელებლების და თქვენ წარმოიდგინეთ, ხავსის ფერებიც კი. ბოლოს საკუთარი თავი “ღვთაებრივ სითხეში” იპოვა და ღვინის მხატვარი გახდა. სხვათა შორის, მას ეს დაპატენტებულიც კი აქვს – ღვინით ხატვა მისი "საფირმო" პროდუქტია.

რატომ ღვინო? იმიტომ, რომ ის კარგად ინახება. ზეთის მხატვრობის მსგავსად, ღვინით მხატვრობაც ძალიან დიდხანს ძლებს თურმე.

მაგრამ ეს ყველაფერი იოლი არ ყოფილა. პირველად მხოლოდ 2005 წელს მოახერხა ჰორაკმა, რომ ღვინის ფერი გამძლე გაეხადა, ხოლო 2006 წელი “ვინორელი” დააპატენტა – ღვინით მხატვრობის მეთოდი და ფერი.

ხელოვანი საკუთარი ნაწარმოებების შესაქმნელად იყენებს ძალიან სქელ და სუფთა წითელ ღვინოებს და ასევე ნალექს, რაც კასრების, ბოთლების თუ უჟანგავი ფოლადის რეზერვუარების ძირში რჩება.

ღვინით მუშაობა იოლი არ არის, რადგან როგორი სქელიც არ უნდა იყოს წითელი ღვინო, მხატვრობისთვის ის მაინც თხელია.

ავსტრიელი მხატვრისთვის საკუთარ ნამუშევრებში ყველაზე გამორჩეული ღვინით შესრულებული “საიდუმლო სერობაა”. ბოლო დროს ხელოვანით პრესტიჟული ღვინოების მწარმოებლებიც დაინტერესდნენ და ისინი უგზავნიან საკუთარ პროდუქციას მხატვარს, რათა მისი მეშვეობით ხატოს. ასე მაგალითად, ჰორაკმა საჩუქრად მიიღო 1964 წლის შატო ლაფიტი და ასევე როტშილდების ღვინოც, რაც მას ძალიან ახარებს, რადგან შემოქმედებითი საქმიანობის დასრულების შემდეგ საუკეთესო ღვინოების დაგემოვნებაზე უარს არასოდეს ამბობს.

ჰორაკს გული სწყდება, რომ ღვინით მხატვრობით მისი დანარჩენი კოლეგები დაინტერესებულები ნაკლებად არიან. როგორც მან “City4U”-ს განუცხადა, ღვინით მხატვრობა საუკეთესო გზაა საიმისოდ, რათა გამოფენის მესვეურები, მეღვინეები და რესტორნების მფლობელები გაერთიანდნენ. მას მიაჩნია, რომ ღვინით მხატვრობის შესაძლებლობები შეზღუდულა, რადგან მისგან მხოლოდ ძალიან დახვეწილი შტრიხების ჩამოყალიბებაა შესაძლებელი.

დავით ჩუთლაშვილი