წყალქვეშა გამოქვაბულში მკვლევარებმა ღვინის ასობით ამფორა აღმოაჩინეს

26 თებერვალი, 2020წ

გაზიარება

წყალქვეშა გამოქვაბულში მკვლევარებმა ღვინის ასობით ამფორა აღმოაჩინეს

წყალქვეშა გამოქვაბულში მკვლევარებმა ღვინის ასობით ამფორა აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა სულ ცოტა ხნის წინ ესპანეთის ბალეარის კუნძულებთან გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეს. მათ წყალქვეშა გამოქვაბულში ღვინით სავსე აურაცხელი ამფორა იპოვეს.

დღეისათვის მეცნიერების ხელთ არსებული მონაცემებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ჭურჭელი წყალქვეშა მღვიმეში განზრახ შეინახეს. თუმცა, მკვლევარებისთვის გამოცანად რჩება, თუ რატომ შეინახეს ღვინო მაინცდამაინც წყალქვეშ. ყველაზე გავრცელებული და სანდოა მოსაზრება, რომ ამას რელიგიურ რიტუალთან უნდა ჰქონოდა საერთო.

მღვიმეს, სადაც აღმოჩენა გაკეთდა, ფუენტე დე სეს აიგუანდე ეწოდება და ის მალიორკას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

მღვიმე პირველად 1998 წელს არის მოხსენიებული წერილობით წყაროებში, ხოლო 2000 წელს – საფუძვლიანად გამოიკვლიეს, თუმცა, მაშინ ღვინის აღმოჩენა ვერ შეძლეს. წელს საზღვაო არქეოლოგებმა მღვიმე ხელახლა, გაუმჯობესებული ტექნოლოგიებით შეისწავლეს და შედეგმაც არ დააყოვნა.

“დეილი მეილის” ცნობით, წყალქვეშა მღვიმე 180 მეტრის სიგრძისაა და სტალაქტიდებით და საჰაერო კამერებით არის სავსე. არქეოლოგების ჯგუფმა მთელი მღვიმის სკანირება მოახდინა, რათა მის მოცულობაზე სათანადო წარმოდგენა შექმნოდა. მათ საამისოდ 3D სკანერი გამოიყენეს და მალევე 200 ამფორა აღმოაჩინეს.

როგორც ცნობილია, უძველეს დროში სწორედ მსგავს ჭურჭელს იყენებდნენ ღვინის შესანახად. უდიდესი ალბათობით ეს ამფორები რომის რესპუბლიკის პერიოდისაა, იმ დროის, როცა საზღვაო ვაჭრობა ყვაოდა.

შესაძლოა, გემი, რომელმაც ამფორები მღვიმეში დატოვა, კუნძულთან შეჩერდა მტკნარი წყლის მარაგის შესავსებად. შესაძლოა, მეზღვაურებს სურდათ, მოგვიანებით მოენახულებინათ შენახული ღვინო, მაგრამ მოგზაურობიდან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს. ცნობილია, რომ კუნძულს მე-19 საუკუნემდე სწორედ ამ მიზნით, მტკნარი წყლის მარაგების შესავსებად იყენებდნენ. თუმცა, მკვლევართა ერთი ნაწილი არ იზიარებს ამ მოსაზრებას. ისინი ფიქრობენ, რომ რომაელებმა ამფორები მღვიმეში რომელიღაც ღმერთის გულის მოსაგებად, შესაწირავის სახით დატოვეს, რადგან ძველ პერიოდში ზღვით მოგზაურობა ძალიან სახიფათო იყო და წარმატებული მოგზაურობისთვის გემის კაპიტნებს უზარმაზარი მსხვერპლის გაღება უწევდათ.

რა თქმა უნდა, შენახული ღვინო დასალევად უკვე გამოუსადეგარია. ზღვის ქვეშ გატარებულმა მრავალმა საუკუნემ სითხე გააფუჭა, თუმცა მეცნიერებისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საინტერესოა არა ღვინო, არამედ თავად აღმოჩენა, როგორც არქეოლოგიური ფაქტი.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

76.4
ღვინის ნაკრები EXPERIENCED (6 ერთეული)

ღვინის ნაკრები EXPERIENCED (6 ერთეული)

13.97
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი