მეღვინე, რომელიც დროთა განმავლობაში ცოცხალ ლეგენდად იქცა

07 თებერვალი, 2020წ

გაზიარება

მეღვინე, რომელიც დროთა განმავლობაში ცოცხალ ლეგენდად იქცა

მეღვინე, რომელიც დროთა განმავლობაში ცოცხალ ლეგენდად იქცა

იტალია მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. აქ ანტიკური ეპოქიდან დღემდე ვაზის უამრავი უნიკალური ჯიში წარმოიშვა და აურაცხელი ტექნოლოგიური სიახლე დაინერგა როგორც მევენახეობის, ასევე მეღვინეობის დარგში. იტალიის ღვინის თანამედროვე მრეწველობა (უფრო ზუსტად, მისი საუკეთესო ნაწილი) ამ ტრადიციების გამგრძელებელია, თუმცა არსებობენ სახეები, რომელთა ინოვატორული ნიჭის, გამომგონებლობის და სიახლეებისკენ მუდმივი სწრაფვის გარეშე აპენინის ნახევარკუნძულზე "ღვთაებრივი სითხის" აწმყო წარმოუდგენელი იქნებოდა. ერთ-ერთი მათგანია ანჯელო გაია – მეღვინე, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ იტალიურ ღვინოებს აწარმოებს.

გაიების ოჯახური საწარმო ბარბარესკოს დაცული ადგილწარმოშობის ზონაში 1859 წელს დაფუძნდა. მას 1961 წლიდან ხელმძღვანელობს ანჯელო გაია, რომელიც საოჯახო მარნის დამფუძნებლების მეოთხე თაობის წარმომადგენელია.

ანჯელომ 1988 წელს იყიდა 12 ჰექტრამდე ზომის მიწის ნაკვეთი სერალუნგაში და მას სპერსი უწოდა, რაც პიემონტურად მონატრებას ნიშნავს, მონატრებას ბაროლოს საკუთარი პირადი ვენახისა, რაც მოგვიანებით გააშენა კიდეც, რადგან ოცნებათა ბედი სწორედ ის არის, რომ ყველა მათგანი ადრე თუ გვიან სრულდება და ადამიანსაც მერე საკუთარ ასრულებულ ოცნებებთან ერთად უწევს ხოლმე ცხოვრება.

მაგრამ გაიების საფირმო ჭვირნიშანი მაინც არა ბაროლო, არამედ ბარბარესკოა, რომელიც 14 სხვადასხვა ვენახში მოწეული ყურძნისგან მზადდება. ათწლეულების მანძილზე მეღვინეთა დიდება ოჯახს სწორედ მან შესძინა.

ანჯელო გაია იტალიაში ნამდვილი ვარსკვლავია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მეღვინეობის ცოცხალი ლეგენდაა. ამერიკულმა “Wine Spectator”-მა ანჯელოს 1985 წლის ბარბარესკოს უწოდა “საუკეთესო ღვინო, რაც კი ოდესმე იტალიაში დამზადებულა”. პრესტიჟული ჟურნალისთვის, რომლის სახელწოდებაა “დეკანტერი” ცნობილი მეღვინე წლის ადამიანად იქცა, ხოლო იტალიურმა “Vini d’italia”-მ გაიების საწარმოს 2008 წელს “წლის იტალიური მარანი” უწოდა.

ანჯელო გაიამ შარშან გამოფენაზე, რომლის სახელწოდება “ProWine” გახლდათ, “მეღვინეთა მეღვინის” წოდება მიიღო.

მაგრამ მაინც რა დამსახურებებისთვის გახდა ანჯელო გაია ასეთი პოპულარული?

მაგალითად იმის გამო, რომ მან იტალიაში პირველმა დანერგა ე. წ. “მწვანე რთველის” ტექნიკა, როცა ხდება მოსავლის ხელოვნურად შემცირება, რათა ხარისხი გაიზარდოს. მან პირველმა გაახარა ასევე კაბერნე სოვინიონი, რის გამოც საკუთარი მამის სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა, რომელსაც მიაჩნდა, რომ იტალიელმა მხოლოდ იტალიური ჯიშები უნდა გააშენოს. 80-იან წლებში მან ასევე პირველმა გააშენა შარდონე და გამოიყენა ღვინის დამზადების თანამედროვე ფრანგული ტექნიკა, მათ შორის კი Barrique. აღსანიშნავია, რომ ღვინოს ანჯელო სულ მცირე, 3 წლის მანძილზე აძველებს, თანაც, აუცილებლად ცაცხვის ან მუხის 80 წლის კასრებში, რითაც “ღვთაებრივ სითხეს” ვანილის და ხის ტკბილ არომატებს ანიჭებს.

ანჯელო გაიას ბარბარესკო დაძველების გასაოცარი პოტენციალის მქონე ღვინოა. მას წარმოუდგენელი კომპლექსურობა და სიღრმე ახასიათებს და აუქციონებზე მასზე ცვენაა. მას მცირედით აკუპაჟებენ ბაროლოსთან ერთად.

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში საწარმოს ანჯელოს ქალიშვილები – გაია და როსანა უძღვებიან, თუმცა არც მათი მამა ისვენებს და ყველანაირად ეხმარება შთამომავლებს.

ანჯელო გაიას მაგალითი კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ინოვაციების დანერგვას და სიახლეებისადმი გახსნილობას წარმატებების მისაღწევად. ქართველი მეღვინეებიც თუ ისწავლიან ამას, ძალიან კარგს იზამენ.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

18.2
ქისი რქაწითელი

ქისი რქაწითელი

10.5
ჩინური

ჩინური

თეთრი მშრალი