საოჯახო მარნების წარმომადგენლები ვაზის იშვიათ ჯიშებს გაეცნენ

30 დეკემბერი, 2019წ

გაზიარება

საოჯახო მარნების წარმომადგენლები ვაზის იშვიათ ჯიშებს გაეცნენ

საოჯახო მარნების წარმომადგენლები ვაზის იშვიათ ჯიშებს გაეცნენ

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მცირე საოჯახო ტიპის მარნების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა მეღვინეებისთვის ტრენინგი გამართა. ტრენინგის სახელწოდება იყო “იშვიათი აბორიგენული ვაზის ჯიშები მცირე მარნების პრაქტიკაში”.

ტრენინგის ძირითად მიზანს იშვიათი და უნიკალური ქართული ჯიშების პოპულარიზაცი წარმოადგენდა.

საოჯახო მარნების წარმომადგენლებმა შეიტყვეს საქართველოს რეგიონებში გავრცელებული იშვიათი ჯიშების შესახებ, რომელთა კულტივირებას, უნიკალური თვისებების გამო დიდი პოტენციალი გააჩნია. პარალელურად მათ დააჭაშნიკეს იმ ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები, რომელთა შესახებაც საუბარი იყო ტრენინგის ფარგლებში.

შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ასევე ღვინის ხარისხი და ამ მიმართულებით არსებული რეგულაციები.

“მცირე მარნებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება სწორედ იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული მაღალი ხარისხის ღვინოებით შეუძლიათ. ამ კუთხით დაინტერესება საკმაოდ დიდია, ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ ახალგაზრდა მეღვინეებისთვის იმ იშვიათი ვაზის ჯიშების გაცნობას, რომლებსაც დიდი პერსპექტივა აქვთ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

ნიშანდობლივია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ეკუთვნის, ინახება 350-ზე მეტი უცხოური და 450-მდე ქართული ვაზის ჯიში. ქართულ ჯიშებს შორის არსებობს ასევე ძალიან იშვიათი და უნიკალური ჯიშები, რომელთა მოძიება და აღდგენა ძალიან დიდი შრომის და ძალისხმევის ფასად დაუჯდა დარგის თითოეულ ენთუზიასტს და სპეციალისტს.

ზემოაღნიშნული ვაზის უნიკალური ჯიშები საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა საუკეთესო ქართული ღვინოების დასამზადებლად, თუმცა დროთა განმავლობაში, მათი არსებობა დავიწყებას მიეცა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად მოხდა საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ, როცა სათანადო ყურადღება არ ექცეოდა ვაზის იშვიათი ჯიშების შენარჩუნების საქმეს და აქცენტი კეთდებოდა სულ რამდენიმე უხვმოსავლიან ჯიშზე, რომელთა ღვინოების ფალსიფიცირება შემდეგ მასობრივად ხდებოდა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ცდილობს, აღადგინოს ძველი ქართული უნიკალური ჯიშები. პარალელურად კი ხდება აღნიშნული ჯიშებისგან ღვინოების დაყენება, შემდგომში მათი შესწავლის მიზნით.

დავით ჩუთლაშვილი