ღვინო, როგორც კლიმატური ცვლილების შედეგი

20 დეკემბერი, 2019წ

გაზიარება

ღვინო, როგორც კლიმატური ცვლილების შედეგი

ღვინო, როგორც კლიმატური ცვლილების შედეგი

მეღვინეები წლების მანძილზე აკვირდებიან ცვლილებებს, რომელთა შედეგები ჩრდილოური ქვეყნებისთვის ახალ პერსპექტივებს ხსნის. დღეს სულ უფრო ჩრდილოეთით ხდება ვაზის ისეთი ჯიშების გაშენება, რომელთა მოყვანა ამ განედებში წინათ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

ვაზი ძალიან სათუთი მცენარეა. მას უაღრესად განსაკუთრებული კლიმატური პირობები სჭირდება, რათა გაიხაროს და კარგი მოსავალი მოგვცეს. კლიმატის, ტენიანობის და ტემპერატურის ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი შეუძლია, ვაზზე დიდი გავლენა მოახდინოს. ვაზის ყველა ჯიშსაც განსხვავებული გარემო პირობები სჭირდება.

რაინის ხეობაში უკვე 15 წელზე მეტია, რაც წითელყურძნიანი ჯიშები გაახარეს. წინათ აქ ეს წარმოუდგენელი იყო. მანამდე რაინელმა მევენახეებმა უამრავჯერ სცადეს, პინო ნუარი ან მერლო გაეხარებინათ, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ 2004 წლიდან მოყოლებული, ეს აქ რეალობად იქცა. წითელყურძნიანი ვაზი ძალიან კარგად შეეგუა რაინის ხეობის რკინით მდიდარ, წითელმიწა ნიადაგს.

მევენახეები წლის საშუალო ტემპერატურას განსაზღვრავენ ჰუგლინის ინდექსის მიხედვით, რომელსაც სახელი მისი გამომგონებლის, ფრანგი ბიოლოგის, პიერ ჰუგლინის სახელის თანახმად დაერქვა. საშუალო წლიური ტემპერატურის გამოთვლის ფორმულა რთულია, თუმცა მიღებული შედეგის ამოკითხვა მარტივად შეიძლება: რაც უფრო მაღალია ჰუგლინის მაჩვენებელი, მით უფრო თბილია კლიმატი და ვაზის მით უფრო მრავალფეროვანი ჯიშების გახარებაა მსგავს კლიმატში შესაძლებელი. 50-იან და 60-იან წლებში რაინის ხეობაში ჰუგლინის მაჩვენებელი 1600-ს აღწევდა, რაც მხოლოდ ისეთი ჯიშის გაშენების შესაძლებლობას იძლეოდა, როგორიც მიულერ-თურგაუა. დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 2000-ს აღწევს და ეს არამარტო მზის და სითბოს მოყვარული თეთრყურძნიანი, არამედ წითელყურძნიანი ჯიშების გახარების შესაძლებლობასაც იძლევა, რომელთა გასახარებლადაც ტრადიციულად მაღალი ტემპერატურაა საჭირო.

ამრიგად, რაც უფრო აქტიურად აცხუნებს მზე ყურძენს, მით უფრო ტკბილია წლის მოსავალი. მზის წყალობით ყურძენში შაქარი იმატებს, ხოლო მჟავა იკლებს. სწორედ ეს პროცესი ფიქსირდება რაინის ხეობაში 1989 წლიდან მოყოლებული. 2003 წელს აქ განსაკუთრებით ცხელი წელიწადი იყო, რისთვისაც გერმანული მევენახეობის ინდუსტრია სათანადოდ ვერ მოემზადა. თუმცა დღეს გერმანელი მეწარმეები აქტიურად მუშაობენ, რათა კიდევ ერთ ასეთ ცხელ წელიწადს მომზადებულები დახვდნენ.

მეღვინეობის დარგი ჯერჯერობით კლიმატური ცვლილებების შედეგად მომგებიან პოზიციაშია, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მეცნიერები დაზუსტებით ამბობენ, რომ თუ სასწრაფოდ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, 2100 წლისთვის დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 3,5 გრადუსით აიწევს, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება და მერე ვეღარც ყურძენი გადარჩება და ვეღარც ატამი.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

16.3
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი