გერმანულ მონასტერში შენახულ 10 000-ევროიან ღვინის ბოთლს ახალი საცობი აქვს

05 დეკემბერი, 2019წ

გაზიარება

გერმანულ მონასტერში შენახულ 10 000-ევროიან ღვინის ბოთლს ახალი საცობი აქვს

გერმანულ მონასტერში შენახულ 10 000-ევროიან ღვინის ბოთლს ახალი საცობი აქვს

გერმანული ღვინის სახელმწიფო საწარმოების მიერ ებერბახის მონასტერში ინახება გერმანიის მასშტაბით უძველესი და უკეთილშობილესი ღვინოების უდიდესი კოლექცია, ხოლო იმისათვის, რათა ღვინო, რომლის ასაკი ხანდახან 300 წელსაც კი აღწევს, არ გაფუჭდეს, ყოველ 30 წელიწადში ერთხელ აქ ხდება ღვინის ბოთლების ახალი საცობებით აღჭურვა, რაც მთელი ხელოვნებაა. ამას სპეციალურად განსწავლული პერსონალი ახორციელებს, რომელიც ნელა აშორებს ბოთლებს ძველ საცობებს და უყენებს ახლებს.

საცავი, სადაც უნიკალური ღვინოები ინახება, ცისტერციანელი ბერების მონასტრის სარდაფის თაღის ქვეშ მდებარეობს. მის დარბაზში მუდმივად 12 გრადუსია ტემპერატურა და კუთხეებში ობის სოკო და აბლაბუდაა მოდებული.

საზოგადოებისთვის საცავი დახურულია. შიგ შესვლის უფლება მხოლოდ სპეციალისტებს აქვთ, თუმცა აქ საპატიო სტუმრის სტატუსით ერთხელ იყო ჟოზე მანუელ ბაროზო – ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ღვინის დიდ მოყვარულად არის მიჩნეული.

30 წელიწადში ღვინის ბოთლის ყველა საცობი ნესტით იჟღინთება და მარტივად შეიძლება, გაიგლიჯოს და დაზიანდეს. ამიტომ ღვინის მომვლელები ძალიან ნელა და ფრთხილად მოქმედებენ.

ღვინის მომვლელებს უფლება აქვთ, თითოეული ბოთლი ღვინო დააგემოვნონ და ეს მათი არამარტო უფლება, არამედ ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაც კი არის, რათა ის ღვინოები, რომელთა შენახვაც ღირს, დაძველებული და გაფუჭებული ღვინოებისგან გამოარჩიონ და განაცალკეონ.

საცავში შენახული ღვინოებიდან ყველაზე ძველი 1706 წელს არის ჩამოსხმული. აქ ღვინის სულ სამი ასეთი ბოთლია. იმის ნათლად წარმოსადგენად, თუ რამხელა დროა გასული მას შემდეგ, რაც ეს სამი ბოთლი აქ შეიტანეს, გეტყვით, რომ სწორედ 1706 წელს დაიბადა ბენჯამინ ფრანკლინი – ამერიკელი ნატურალისტი, მეხამრიდის გამომგონებელი, მწერალი, სახელმწიფო მოღვაწე და გამომცემელი, ამერიკის დამფუძნებელ მამათაგან ერთ-ერთი.

ყოველი წლის მარტში გარკვეული რაოდენობის ღვინოები აქედან აუქციონზე გააქვთ გასაყიდად. ამას ღვინის მოყვარულები ყოველთვის უდიდესი ინტერესით ელიან ხოლმე, რადგან არავინ არ იცის, თუ რა სახის უიშვიათესი ეგზემპლარი გაივლის სააუქციონე ჩაქუჩის ქვეშ. ზოგი მსგავსი ღვინის ფასი ბოთლზე 80 ევროა, ხოლო ზოგი – 10 ათასი ევროც კი ღირს.

საცობის გამოცვლის და დეგუსტაციის პროცესში ყოველი ბოთლიდან ყოველ 30 წელიწადში ერთხელ 20 მილილიტრი ღვინო იკარგება – სწორედ ამდენს სვამენ დეგუსტატორები ღვინის შემოწმებისას, რათა განსაზღვრონ, ღვინო ხომ არ გაფუჭდა. დაკარგული სითხის სანაცვლოდ თითოეულ ბოთლში სპეციალური ხსნარი ისხმება, რათა ღვინომ ოქსიდაცია არ განიცადოს და ძმრად არ გადაიქცეს.

ზუსტად ერთი კვირაა საჭირო იმისათვის, რათა ღვინის ყველა ბოთლს სახურავი გამოეცვალოს და შემოწმდეს. ამის შემდეგ ღვინის თითოეული ბოთლი წყნარად იქნება განთავსებული საცავის თაროებზე 2049 წლამდე, სანამ იგივე პროცედურა ხელახლა არ ჩატარდება.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

35.8
სვირის კრახუნა

სვირის კრახუნა

თეთრი მშრალი

15.6
კაბერნე სოვინიონი როზე

კაბერნე სოვინიონი როზე

49
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი