სტოკჰოლმის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინეს

11 ნოემბერი, 2019წ

გაზიარება

სტოკჰოლმის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინეს

სტოკჰოლმის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინეს

სტოკჰოლმის ღვინის და სურსათის გამოფენა ის ადგილია, სადაც სხვადასხვა კულტურათა წარმომადგენლები იყრიან თავს და სადაც სრულიად განსხვავებული ხასიათების მქონე ერების მიერ წარმოებული ღვინის და კვების პროდუქტების დაგემოვნებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, აქ ყოველთვის მოახერხებთ, იხილოთ შვედეთის ყველაზე სახელგანთქმული მზარეულები და გაიღრმავოთ ცოდნა მეღვინეობის დარგში. "Stockholm Food and Wine"-ზე შესაძლებელია ასევე უამრავი სხვადასხვა სახეობის ლუდის დაგემოვნებაც. აქ დაახლოებით 250 სტენდია და 30 000 ვიზიტორი იყრის თავს. მონაწილეობას ძირითადად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები იღებენ. ძალიან პრესტიჟული გამოფენაა და მისი პოპულარობაც მუდმივად მზარდია.

წელს სწორედ აღნიშნულ გამოფენაზე წარადგინა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით თორმეტმა ქართულმა კომპანიამ საკუთარი ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის მსგავს გამოფენებში მონაწილეობა პრიორიტეტულია: ამით ისინი ცდილობენ, ქართული ღვინოების ცნობადობა აამაღლონ საზღვარგარეთ. ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ "Stockholm Food and Wine 2019"-ში მონაწილეობის შედეგად ღვინის ქართველ მწარმოებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია შვედ მომხმარებლებს გააცნონ. გარდა ამისა, აღნიშნული სახელმწიფო ორგანიზაციის მოხელეები ფიქრობენ, რომ სომელიეები, ღვინის ექსპერტები, იმპორტიორები და ზოგადად, ღვინის სფეროში მოღვაწე პირები გამოფენაზე ნახავენ ქართულ ღვინოს, დააგემოვნებენ, დაინტერესდებიან მისით და ამით შემდგომში შვედურ ბაზარზე ქართულ ღვინოს დამკვიდრების უფრო მეტი შანსი გაუჩნდება.

"გამოფენის ორგანიზატორების და შვედი მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ქართული ღვინის მიმართ ბოლო წლებში საგრძნობლად არის გაზრდილი, რაზეც ღვინით ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, შვედეთში ექსპორტირებულია 65 ათასი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 460 %-ით არის გაზრდილი,“ – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

შვედეთი, გერმანიის ღვინის ინსტიტუტის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს იმ ქვეყანათა ათეულშია, სადაც ღვინოს ყველაზე აქტიურად მოიხმარენ. გარდა ამისა, ეს სკანდინავიური ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ მე-12 ადგილს იკავებს მსოფლიოში და შესაბამისად, ყველაზე მსყიდველუნარიანი ბაზარიც აქვს, ამიტომ აქ მიღწეული ნებისმიერი წარმატება ქვეყნისთვის ძალიან სასიხარულო უნდა იყოს.

დავით ჩუთლაშვილი