11 ოქტომბერი, 2019წ
გაზიარებაკარგი მენიუს შედგენა იოლი პროცესი არ არის. მაგრამ მასთან ღვინის შეხამება კიდევ უფრო რთულია. ამ ბლოგში შევეცდებით, რამდენიმე ისეთ საკითხზე ვიმსჯელოთ, რაც ამ მხრივ მნიშვნელოვანია.
საქართველოში გოგრის სუპი იმდენად პოპულარული ვერ არის, როგორც დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა მას ბოლო დროს ჩვენთანაც ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. განსაკუთრებით გემრიელია გოგრის სუპი, თუ ის გოგრის მარცვლებისვე ზეთით არის შენელებული, მუსკატთან ერთად. ასეთ სუპს ძალიან კარგად ეხამება დახვეწილი არომატების მქონე ნებისმიერი თეთრი ღვინო, უპირველეს ყოვლისა კი კი მუსკატი.
ანანასთან ღვინის შეხამება ძალიან რთულია. ამ ხილს საკუთარი მჟავიანობა აქვს, რაც მისთვის ღვინის შერჩევას ართულებს. ღვინო ანანასთან ერთად არაჰარმონიულია და ლითონის გემოც დაჰკრავს. აი, პაპაიას რაც შეეხება, მასთან კარგად მიდის ნებისმიერი თეთრი ტკბილი ღვინო, ასევე ნებისმიერი სხვა ღვინო, რომელსაც ტროპიკული ხილის არომატები აქვს.
თევზის წვნიანი, თუ ის მსუბუქი და თხელია, ასევე მსუბუქ და თხელ ღვინოს მოითხოვს. ასეთ სუპებთან კარგი იქნება რბილი მჟავას მქონე თეთრი ღვინოები რამდენიმე წლის დაძველებით.
თეთრი ღვინო კარგად ეხამება ასევე ყველანაირ თევზს. ზოგადად, როცა თევზზე ვსაუბრობთ, მის “მეგზურად” უპირველეს ყოვლისა თეთრი ღვინო უნდა მოვიაზროთ. თუმცა, ეს ისეთი თეთრი ღვინო უნდა იყოს, რომელიც თევზიან კერძს შეავსებს და არავითარ შემთხვევაში არ გაამძაფრებს მის გემოს.
იშვიათ შემთხვევებში თევზს წითელი ღვინოები და როზეც ეხამება, თუმცა, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სანელებლები მიიღო კერძმა და როგორ მომზადდა ის.
საქართველოს უმეტეს ნაწილში, თუ ზღვის სანაპიროს არ ჩავთვლით, მდინარის თევზებია გავრცელებული. ასეთ თევზებს, თუ სანელებლებით ზომიერად შევანელებთ, კარგად ეხამება მსუბუქი ღვინო ნაკლები მჟავით და ასევე როზე.
შემწვარ თევზთან, რომელიც მკვეთრი არომატების მქონე სანელებლებით არის შეზავებული, კარგად მიდის ძლიერი თეთრი ღვინო. თუმცა, მსგავს კერძებთან შეიძლება წითელი ღვინოც გამოვიყენოთ, რომელსაც ტანინების დაბალი შემცველობა აქვს.
თინუსი იმ უიშვიათეს თევზთა შორის არის, რომელსაც წითელი ღვინო ეხამება.
ღვინო თევზეულთან 15-17 გრადუსზე ჩაციებული სჯობს. ასეთ ტემპერატურაზე ღვინო ხილის არომატებს სრულად ვერ წარმოაჩენს და დახვეწილი და ცინცხალი გემოს მქონე იქნება, რაც თევზისთვის ოპტიმალურია.
დავით ჩუთლაშვილი