კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

20 სექტემბერი, 2019წ

გაზიარება

კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, წლევანდელ წელს კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

“გასული დღეღამის მონაცემებით, კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო მცირე, საშუალო და დიდი 70-მდე ღვინის მარანი. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები. ღვინის საწარმოებთან მანქანების დიდი ნაკადის შემთხვევებში, ხდება მანქანების ორგანიზებული გადამისამართება ახლოს მდებარე საწარმოებში“, – განაცხადეს რთველის საკოორდინაციო შტაბში.

17 სექტემბრის 10 საათის მონაცემებით, მთელ კახეთში დაახლოებით 63 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს.

კახელმა მევენახეებმა ქარხნებს ტრადიციულად ყველაზე უხვი რაოდენობით რქაწითელი ჩააბარეს: 41 ათასი ტონა. მას ჩაბარების მხრივ მკვეთრად ჩამორჩება საფერავის ჯიშის ყურძენი, რომლის მოცულობა უახლესი მონაცემების თანახმად 16 000 ტონას აჭარბებს. შემდეგ მას მოსდევს კახური მწვანე (2,8 ათასი ტონა) და სხვა ჯიშები.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ჯამურად 241 კომპანიაა დარეგისტრირებული. მათი ნაწილი აქტიურადაა ჩართული რთველის პროცესში, ნაწილი კი სხვადასხვა პერიოდულობით ერთვება. ამის შესახებაც განცხადებას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოსვე ინფორმაციით, წელს რეკორდულ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელიან, რითაც 2018 წლის რეკორდი (230 ათასი ტონა) გაუმჯობესდება.

შეგახსენებთ, რომ რთველი წელსაც, ისევე, როგორც შარშან, ღვინის საწარმოებისთვის გაცემული სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე ტარდება.

შარშან მევენახეებმა რეკორდული, 300 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. დიდი ალბათობით, წელს ეს რეკორდიც გაუმჯობესდება, თუმცა, დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ დიდი მოსავლის გამო მითხოვნა ყურძენზე დაბალია და თავისუფალი ბაზრის მიერ განსაზღვრული ფასი მევენახეების ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს.

წლევანდელ წელს 1 კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი 70 თეთრამდეა, ხოლო კახური მწვანე 80 თეთრიდან 1 ლარამდე ღირს. საფერავის ფასი 1,5 ლარამდე განისაზღვრა, თუმცა ქინძმარაულის მიკროზონაში 2 ლარიდან 2,5 ლარამდე მერყეობს, ხოლო მუკუზნის მიკროზონაში – 1,5 ლარიდან 2 ლარამდე.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

12.26
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

7.45
რქაწითელი კლასიკური

რქაწითელი კლასიკური

თეთრი მშრალი

12.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

32
კახური წარჩინებული

კახური წარჩინებული

წითელი მშრალი