მსოფლიოს “მწვანე” ღვინოები და ის, რაც მათ აერთიანებს

14 სექტემბერი, 2019წ

გაზიარება

მსოფლიოს “მწვანე” ღვინოები და ის, რაც მათ აერთიანებს

მსოფლიოს “მწვანე” ღვინოები და ის, რაც მათ აერთიანებს

ხანდახან ღვინის სამყარო ფერთა თვალწარმტაც თამაშს და ჯადოსნურ კალეიდოსკოპს მოგვაგონებს: აქ არის წითელი, თეთრი ღვინოები, რომელთაც მთელი მსოფლიო იცნობს და როზე, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. უკანასკნელ ხანებში ტრენდად ყალიბდება ფორთოხლისფერი ღვინოებიც და ბოლოს უნდა აღვნიშნოთ ჩვენი სტატიის მთავარი თემაც – “მწვანე” ღვინოები და ვაზის ჯიშები, რომელთა სახელწოდებაში სიტყვა “მწვანე” ფიგურირებს.

მიზეზები, თუ რატომ აქვს რომელიმე ”მწვანე” ღვინოს სახელწოდებაში მწვანე ფერი, ძალიან განსხვავებულია, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ღვინოების უმეტესობა ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს “ღვთაებრივი სითხის” მოყვარულთა შორის.

სახელწოდებაში არსებული სიტყვა “მწვანე” არ მიუთითებს იმაზე, რომ თითოეულ ასეთ ღვინოს მეორე მსგავს ღვინოსთან ბევრი აქვს საერთო. უფრო პირიქით.

მაგალითად კმარა თუნდაც ზემოთხსენებული ჩვენებური მწვანე კახური (რომელსაც სხვაგვარად “მანავის მწვანესაც” უწოდებენ) და ესპანური ვერდეხო (“ვერდე” ესპანურად “მწვანეს” ნიშნავს). ამ ორ ღვინოს სახელწოდებათა ნაწილობრივი მსგავსების გარდა არ აქვს არავითარი საერთო ერთმანეთთან. ვერდეხო არის ვაზის თეთრყურძნიანი ჯიში, რომელიც რუედას რეგიონში, ზღვის დონიდან 700-დან 800 მეტრამდე სიმაღლეზე ხარობს, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, ხოლო კახური მწვანე არის ასევე თეთრყურძნიანი ჯიში, რომელიც საქართველოში ხარობს და რომლის ღვინოსაც ანალოგიურად ეწოდება.

ესპანეთის მეზობელ ქვეყანას, პორტუგალიასაც აქვს საკუთარი “მწვანე” ღვინო – ვინო ვერდე, რომელიც მწვანე კახურის მსგავსად ზემოთ უკვე ვახსენეთ. ვინო ვერდეს სახელწოდების წარმოშობა ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ეს ღვინო საკუთარ სახელწოდებას მშობლიური ჩრდილოეთ პორტუგალიის ბუნების თვალწარმტაც სიმწვანეს უმადლის.

ავსტრიასაც აქვს საკუთარი “მწვანე” ღვინო – გრიუნერ ველტლინერი. ეს არის ვაზის თეთრყურძნიანი ჯიში, უძველესი ავსტრიული. მის ღვინოსაც ანალოგიურად ჰქვია.

საფრანგეთის ყველაზე ცნობილი “მწვანე” ვაზის ჯიშია სოვინიონ ვერი (“ვერი” ფრანგულად “მეწვანეს” ნიშნავს), რითაც აღნიშნულ ქვეყანასაც შეაქვს წვლილი მსოფლიოს “მწვანე” მეღვინეობაში.

ვაზის ყველა ზემოთჩამოთვლილ ჯიშს და ყველა ზემოთჩამოთვლილ ღვინოს დიდ განსხვავებათა მიუხედავად ერთი საერთო ნიშან-თვისება უდავოდ გააჩნია: ყველა მათგანისთვის სახელწოდებაში არსებული “მწვანე” არაპირდაპირი, გადატანითი და ლამის პოეტური მნიშვნელობის მქონეც კია. ესეც რაღა თქმა უნდა, სიმბოლურია: ღვინო და პოეზია ხომ ერთმანეთისგან განუყოფელია.

დავით ჩუთლაშვილი