ქართული ღვინო რიგის საერთაშორისო გამოფენაზე დააგემოვნეს

09 სექტემბერი, 2019წ

გაზიარება

ქართული ღვინო რიგის საერთაშორისო გამოფენაზე დააგემოვნეს

ქართული ღვინო რიგის საერთაშორისო გამოფენაზე დააგემოვნეს

სულ ცოტა ხნის წინ რიგა კვების მრეწველობის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობდა.

გამოფენა, რომლის სახელწოდებაა Riga Food 2019 4-7 სექტემბერს გაიმართა.

რამდენიმე წელია, აღნიშნულ გამოფენაში საქართველოც იღებს მინაწილეობას, რასაც ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურად უჭერენ მხარს.

წელს გამოფენაზე საქართველოს სტენდს საპატიო სტუმრის რანგში ესტუმრა ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი კასპარს გერჰარდისი. ის ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ მიიღო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე პოპულარიზაცია და საექსპორტო არეალის გაფართოება. საერთაშორისო გამოფენები კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ დამთვალიერებლებს, მოიძიონ პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, რაც საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას“, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

წლევანდელ გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია ღვინის 7-მა ქართულმა კომპანიამ (კორპორაცია ქართული ღვინო, მეღვინეობა ბესინი, ნინო მერის მარანი, შილდა, შატო ატენი, ჩელთი, ამოსა) წარადგინა.

მთლიანობაში რიგის საერთაშორისო გამოფენაზე წელს 37 ქვეყანა იყო წარდგენილი 720-ზე მეტი კომპანიის მეშვეობით. მონაწილე კომპანიები ისეთი შორეული ქვეყნებიდანაც კი იყვნენ წარდგენილები, როგორებიცაა კოტ დ’ივუარი, კენია და ალჟირი.

რიგის კვების მრეწველობის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა 1995 წელს დაარსდა, მცირე დროში მას შემდეგ, რაც ლატვიამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოახერხა, თუმცა საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე თავდაპირველად არ მონაწილეობდა. წელს კი ჩვენი ქვეყნიდან აქ უკვე 14 კომპანია იღებდა მონაწილეობას, საიდანაც შვიდი – ღვინის კომპანია იყო, რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად დიდი წილი აქვს ქართულ ღვინოს ქვეყნის მთლიანი პროდუქციიის ექსპორტში.

მომავალ წელს Riga Food 2020 საიუბილეო, 25-ე თარიღს იზეიმებს. გამოფენისთვის, სადაც გურმანებს შეუძლიათ, პირდაპირ ადგილზევე დააგემოვნონ მსოფლიოს შორეული ქვეყნებიდან ჩატანილი უახლესი კერძების და სასმელების ნიმუშები, აღნიშნული თარიღი პომპეზურობით გამორჩეული იქნება.

ქართული ღვინო გამოფენაზე წელსაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი და მასზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება მთელ ბალტიისპირეთში ცნობილმა ისეთმა საინფორმაციო სააგენტომ, როგორიც არის “დელფი”.

დავით ჩუთლაშვილი