პოლონეთში ქართული ქვევრი წარადგინეს

04 სექტემბერი, 2019წ

გაზიარება

პოლონეთში ქართული ქვევრი წარადგინეს

პოლონეთში ქართული ქვევრი წარადგინეს

პოლონეთში ფოლკლორული ფესტივალი “Pannonica folk festival 2019“ გაიმართა, სადაც ქართული ქვევრი იქნა წარდგენილი. პარალელურად დამსწრე სტუმრებს უჩვენეს ფილმი, რომელსაც “დამზადებულია ქვევრში” ეწოდება და რომელიც მაყურებლებს ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიის, ქვევრის სიძველის და მისი წარმოების დეტალების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

„პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა“, – განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

2013 წელს "იუნესკოს" მიერ ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ნათლად უჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ ქვევრში ღვინის დაყენება წმინდად ქართული მოვლენაა და ის უძველესი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

თუმცა, რასაკვირველია, აღნიშნულ ფაქტს სჭირდება პოპულარიზაცია და მსოფლიოს ყურამდე მიტანა. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში იუწყებიან, ამ მიზნით ფესტივალზე უჩვენეს ყველაფერი ქვევრის შესახებ, თიხის გამოსაწვავ ღუმელში ქვევრის დამზადების პროცესის ჩათვლით, თანაც, ფესტივალის ცენტრალურ ადგილას, რამაც ძალიან ბევრ სტუმარს მისცა შესაძლებლობა, ფილმში ასახული ეს უაღრესად საინტერესო პროცესი საკუთარი თვალით ენახა. 

ქვევრის პრეზენტაციის პარალელურად ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სემინარები ქართული ღვინის შესახებ, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია “ვინისფერას" ხელმძღვანელი, მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა.

ფესტივალზე ასევე წარდგენილ იქნა ქართული ქვევრის ღვინოები. მარიუს კაპჩინსკის ცნობით, ფესტივალის სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ ქართული ქვევრის ღვინით.

ღონისძიებამ, რომელსაც დაესწრნენ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ექსპერტები, მთლიანობაში დადებითად ჩაიარა.

"Pannonica folk festival" მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, ეზიარონ სახალხო კულტურის ნიმუშებს და მიიღონ ინფორმაცია მათი წარმოების პროცესის შესახებ. აღნიშნული ფესტივალის სტუმართა შორის ტრადიციულად ბევრია ღვინის მოყვარული და შესაბამისად, მსგავს ფესტივალებზე საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი სამშობლოს წარმოჩენა მისასალმებელია და მხოლოდ წაადგება ქართული ღვინის ექსპორტირების საქმეს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

10.29
მაესტრო საფერავი

მაესტრო საფერავი

8.4
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი

19.2
ციცქა ცოლიკოური ქვევრი

ციცქა ცოლიკოური ქვევრი