ვინ არიან ქართველი "ღვინის ქურდები" და ვის "პარავენ" ისინი ღვინოს

10 თებერვალი, 2017წ

გაზიარება

ვინ არიან ქართველი "ღვინის ქურდები" და ვის "პარავენ" ისინი ღვინოს

ვინ არიან ქართველი "ღვინის ქურდები" და ვის "პარავენ" ისინი ღვინოს

კომპანია "ღვინის ქურდების" ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის, თუმცა პროდუქციის განსხვავებულმა შეფუთვამ მომხმარებლის ყურადღება ადვილად მიიქცია. კომპანია ბაზარს აწვდის განსხვავებულ ღვინოებს საქართველოს სხვადასხვა ოჯახური მარნებიდან. ბიოლოგიურად სუფთა ვენახში მოყვანილი ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები დანამატების, ინდუსტრიული საფუარებისა და დამწმენდი საშუალებების გარეშეა წარმოებული,  ხოლო ღვინოები დადუღებული და დავარგებულია ქვევრებში, ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით. 

კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავს მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე   კომპანია მათ ეხმარება ღვინის ბრენდირებასა  და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში. 



"როცა პირველი ეტიკეტი შეიქმნა, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ამას ძალიან დიდი გაღიზიანება მოჰყვა. შიშველი ეტიკეტის ავტორი ცნობილი ბრიტანელი ილუსტრატორია, რომელიც თანამშრომლობს "Vogue’’-სთან და სხვა ცნობილ ჟურნალთან თუ  გამოცემასთან. ჩვენ მას მივწერეთ, რათა გამოგვეყენებინა ეტიკეტის უფლება გარკვეულ საფასურად და გავაკეთეთ საფერავის ხაზი შიშველი ეტიკეტით", - აცხადებს "ბიზნესკონტრაქტთან" საუბარში "ღვინის ქურდების" დამფუძნებელი, ავთანდილ კობახიძე. 

ამ ეტაპზე "ღვინის ქურდების" ბრენდის ქვეშ 4 დასახელების ღვინო იყიდება. ესენია: საფერავი, ცოლიკაური, რქაწითელი და ჩინური. წელს კომპანია ახალი სახეობების დამატებას განიხილავს, რომლის ეტიკეტი, დამფუძნებლის თქმით, ასევე იქნება განსხვავებული და ხალისიანი. 



კომპანიის წარმოებული ღვინო ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება - ღვინის ბარებსა  და მაღაზიებში. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, პროდუქციას საშუალო საფასო სეგმენტი უჭირავს.

"ოთხივე დასახელების ღვინის მოცულობა 1500 ბოთლს არ აღემატება, თუმცა მოთხოვნა მზარდია. გასულ ტურისტულ სეზონზე კარგი გაყიდვები გვქონდა. შესაბამისად, ვგეგმავთ წარმოების ზრდას, რათა ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ", - აცხადებს ავთანდილ კობახიძე. 

"ღვინის ქურდები გვქვია, მაგრამ ჩვენ არ ვართ ღვინის ნამდვილი ქურდები. ჩვენ ბაზარზს ვაწვდით ნატურალურ ღვინოებს საქართველოს სხვადასხვა ოჯახური მარნებიდან", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. 

ავთანდილ კობახიძე