ფილოქსერა: უზარმაზარი კატასტროფის გამომწვევი პატარა მწერი

05 აგვისტო, 2019წ

გაზიარება

ფილოქსერა: უზარმაზარი კატასტროფის გამომწვევი პატარა მწერი

ფილოქსერა: უზარმაზარი კატასტროფის გამომწვევი პატარა მწერი

ფილოქსერა ძალიან პატარა მწერია, 0,30-დან 1,35 მილიმეტრამდე ზომის. მის შესახებ ალბათ ყველას სმენია. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო მწერმა გააჩანაგა და კინაღამ ყოფნა-არყოფნის საკითხის წინაშე დააყენა ევროპული მევენახეობა მე-19 საუკუნეში.

ფილოქსერას რთული ქცევები ახასიათებს: გამრავლების ფაზაში ის იკვებება ჯერ ვაზის ფოთლებით, ხოლო შემდეგ მიწაში ჩადის და მცენარის ფესვებსაც კი ჭამს.

ფოთლის დაზიანება ვაზისთვის არცთუ იმდენად სახიფათოა, მაგრამ აი ფესვს რაც შეეხება, მისი ავადმყოფობა საფრთხეს უქმნის ვაზს, რადგან, უფესვოდ, მცენარისთვის, მოგეხსენებათ, ძალიან რთულია ნისდაგიდან წყლის და საკვები ნივთიერებების მიღება, რის შედეგადაც ვაზი იღუპება.

თავის სამშობლოში, ჩრდილოეთ ამერიკაში ფილოქსერა ვერასოდეს ვერ გამოიწვევდა იმხელა მასშტაბის კატასტროფას, რაც ევროპაში გამოიწვია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამერიკულ ჯიშებს, ევროპული ჯიშებისგსნ განსხვავებით, ბუნებრივი დამცავი მექანიზმი გააჩნიათ მის მიმართ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ვაზის ამერიკული ჯიში ფილოქსერას მიერ ნაკბენ ადგილებში ერთგვარ შეუღწევად გარსს წარმოქმნის ხოლმე, სანამ დიდი ზიანი მიადგებოდეს.

ფილოქსერა მე-19 საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჯერ ლონდონში შეიტანეს, ხოლო შემდეგ საფრანგეთში, სავარაუდოდ ტანსაცმლით, რომელზეც მწერის კვერცხები იყო მიწებებული.

პირველად ის ჯერ საფრანგეთის სამხრეთში გავრცელდა, შემდეგ კი მთელ საფრანგეთში, თანაც, სრულიად შეუმჩნევლად, რადგან მას თავიდან არავინ არ აღიქვამდა სერიოზულ საფრთხედ. 1867 წელს ავსტრიაში იქნა აღმოჩენილი, ხოლო 1900 წელს სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც კი ჩააღწია.

არადა, ბედის ირონიით სწორედ ამ პერიოდში კალიფორნიელმა მევენახეებმა 7000 ჰექტარზე ევროპული ჯიშები გააშენეს, რადგან ევროპული ჯიშებისგან ნაწარმოები ღვინო ამერიკულს ხარისხით აღემატება. შედეგი გახლდათ ფილოქსერასგან გატიალებული 7000 ჰექტარი.

ფილოქსერამ ევროპული ვენახების 70 %-ზე მეტი მოიცვა, რითაც ათასობით მევენახეს არსებობის სახსარი წაერთვა. ბევრი სრული სერიოზულობით ფიქრობდა, რომ ეს იყო ევროპული მევენახეობა-მეღვინეობის დასასრული.

რაღა არ იღონა საფრანგეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ, ფილოქსერას წინააღმდეგ ეფექტური საშუალების გამოგონებისთვის ჯილდოს დაწესებით დაწყებული, ძალიან შხამიანი გოგირდწყალბადის მეშვეობით ვაზების შეწამლით დამთავრებული, მაგრამ სულ ტყუილად: ფილოქსერა მრავლდებოდა და მრავლდებოდა.

ევროპული მევენახეობა და მეღვინობა გაქრობის საკითხის წინაშე დადგა.

თუმცა, ბოლოს საშველი ისევე ბანალური აღმოჩნდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ ცხოვრებაში, როცა გგონია, რომ პრობლემა მოუგვარებელია, მაგრამ მოულოდნელად გონება გინათდება, აწყდები რა შენი "მოუგვარებელი" პრობლემის სასაცილომდე მარტივ გადაწყვეტას:

ევროპელი მევენახეები სასარგებლო დასკვნამდე მივიდნენ აზროვნების ლოგიკური პროცესის შედეგად. მათ შეკითხვა დასვეს: რატომ მოხდა, რომ ფილოქსერა მართალია, ამერიკიდან გავრცელდა, მაგრამ იქაურ ჯიშებს ვერავითარი პრობლემა ვერ შეუქმნა?

იქნებ, ამერიკას ფილოქსერას მიმართ ბუნებრივად რეზისტენტული ვაზის ჯიშები აქვს? 



ამის შემდეგ ევროპელმა მევენახეებმა სცადეს, ევროპული ვაზი ამერიკულ ძირებზე დაემყნოთ, რაც უდიდესი წარმატებით დაგვირგვინდა: ნამყენმა გაუძლო ფილოქსერას. 

ამის შედეგად დღეს ყოველი ევროპული ვაზი, გარდა კუნძულ კვიპროსზე გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებისა, ამერიკულ ძირზე ხარობს (კვიპროსზე ფილოქსერამ, კუნძულის იზოლირებული გეორგაფიული მდებარეობის გამო ვერ შეაღწია).

მიუხედავად ეფექტური ზომებისა, ფილოქსერას პრობლემა დღემდე ბოლომდე მოგვარებული მაინც არ არის და პერიოდულად წამოყოფს ხოლმე თავს. ასე მაგალითად, გასული საუკუნის 80-იან წლებში კალიფორნიელმა მევენახეებმა 6 მილიარდი დოლარი იზარალეს, 25 000 ჰექტარზე შეცდომით გააშენეს რა ჯიში, რომელიც მათ თავდაპირველად ფილოქსერას მიმართ რეზისტენტული ეგონათ. 

სწორედ ამიტომ ფილოქსერა ის პრობლემაა, რაც კარგ მევენახეს მუდმივად თვალსაწიერის არეში უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ სურვილი აქვს, ვენახი დიდ ფართობზე გააშენოს, რადგან აღნიშნული მავნებლის მიმართ არარეზისტენტული ვაზის დარგვა ფინანსური კატასტროფის წინაპირობა ძალიან მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს. 

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

37.76
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

32.5
ქისი-ხიხვი ქვევრის

ქისი-ხიხვი ქვევრის

55.95
ქისი

ქისი

თეთრი მშრალი