ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრის დივერსიფიცირება – არჩევანი თუ მკაცრი აუცილებლობა?

10 ივლისი, 2019წ

გაზიარება

ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრის დივერსიფიცირება – არჩევანი თუ მკაცრი აუცილებლობა?

ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრის დივერსიფიცირება – არჩევანი თუ მკაცრი აუცილებლობა?

გასული დღეების მანძილზე ჩვენ ნათლად დავინახეთ, თუ რა მყიფეა ღვინის რუსული ბაზარი და რა მოწყვლადია ნებისმიერი იმ ქართველი მეწარმის ბიზნესი, ვინც რისკავს და რუსეთში ღვინო შეაქვს.

მცირედი სოციალური რყევებიც კი საკმარისია, რათა რუსეთში წლების მანძილზე სიმწრით ნაშენები ბიზნესი გაცამტვერდეს.

სწორედ ამიტომ ქართულ ღვინოს სჭირდება არა მუდმივად პოლიტიკური დღის წესრიგით დაღდასმული რუსული ბაზარი, არამედ სხვა, მაქსიმალურად ჯანსაღი ბაზარი, რომელიც დაცული იქნება პოლიტიკური ზემოქმედებისგან და სადაც ბიზნესი ძირითადად მხოლოდ ბიზნესი იქნება და არა ხარკის გაღების ინსტრუმენტი ჩვენი სუვერენიტეტის სანაცვლოდ.

სწორედ ასეთი ბაზრებია ჩვენს მეგობარ დემოკრატიულ სახელმწიფოებში და ჩვენც გამუდმებით ამ ბაზრებისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ, თუმცა ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებულება არც ამ შემთხვევაში დაგვაყრის ხეირს და აი, რატომ:

საქმე იმაშია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ არამყარ პოლიტიკურ ფაქტორს კი არ ენიჭება, არამედ ეკონომიკურ რისკებსაც; ლოკალური ეკონომიკური კრიზისების წარმოშობის შემთხვევაში მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ სახელმწიფოზე ორიენტირებული ქართული საექსპორტო პოტენციალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

ამიტომ გამოსავალი ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრის მაქსიმალური დივერსიფიცირება და რაც შეიძლება მეტ დემოკრატიულ ქვეყანაში შეღწევაა, რასაც მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე მოწყობის სისტემა გვაიძულებს; ჩვენ გვჭირდება ქართული ღვინის სარეკლამო რესურსების "გადატყორცნა" მაქსიმალურად ბევრ დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანაში, რათა სადმე თუ აღმოცენდა ადგილობრივი მნიშვნელობის ეკონომიკური კრიზისი, ამით ქართველ მეწარმეთა მხოლოდ მცირე ნაწილი დაზარალდეს, ხოლო შემდეგ ამ ადამიანებს დაკარგული ბაზრების სანაცვლოდ უსწრაფესად შევთავაზოთ ახალი ბაზრები.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებიდან ირკვევა, სახელმწიფო დღეს 9 მილიონ ლარს, ანუ 6-ჯერ უფრო მეტს ხარჯავს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე საზღვარგარეთ, ვიდრე ხარჯავდა 2012 წელს.

სასიხარულოა ასევე ისიც, რომ ამ თანხების მთლიანი წილი მოდის დემოკრატიულ ქვეყნებზე და არა რუსეთზე. ეს სწორი სტრატეგიაა და მსგავსი სტრატეგია მხოლოდ შექებას იმსახურებს, მაგრამ რამდენად ეფექტურად იხარჯება ის სახსრები, რასაც სახელმწიფო ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით გამოყოფს? მნიშვნელოვანი ხომ არამხოლოდ დაფინანსების ზრდაა, არამედ – ამ დაფინანსების ეფექტურად გამოყენებაც?!

ღვინის საერთაშორისო ბაზრის მაქსიმალურ დივერსიფიცირებასთან ერთად ქართული ღვინის ხარისხიანად შესაფუთად ჩვენ უაღრესად კრეატიული, ნიჭიერი და ინოვაციურად მოაზროვნე პიარტექნოლოგების გუნდიც გვჭირდება, რათა თითოეული დახარჯული თეთრის ეფექტურობა მაქსიმალური იყოს.

რადგან მხოლოდ ამ გზით თუ გადარჩება ქართული მეღვინეობა და დააღწევს თავს კოშმარულ რუსულ ხაფანგს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

28.75
ატენური

ატენური

თეთრი მშრალი

15
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

36.7
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

წითელი მშრალი