რისთვის გამოიყენება კავაში პარელადა და როგორია ესპანეთის ყველაზე გამძლე ვაზის ისტორია

10 ივნისი, 2019წ

გაზიარება

რისთვის გამოიყენება კავაში პარელადა და როგორია ესპანეთის ყველაზე გამძლე ვაზის ისტორია

რისთვის გამოიყენება კავაში პარელადა და როგორია ესპანეთის ყველაზე გამძლე ვაზის ისტორია

პარელადა ესპანური ვაზების ყველაზე ცნობილ თეთრყურძნიან ჯიშთაგან ერთ-ერთია. ორ სხვა თეთრყურძნიან ჯიშთან – მაკაბეოსა და სარელოსთან ერთად კრავს იმ ტრიოს, საიდანაც განთქმული ესპანური ცქრიალა ღვინო, კავა იწარმოება. შესაბამისად, პარელადას ვენახებიც იქ მდებარეობს, სადაც კავა წარმოიშვა –ბარსელონას ჩრდილო-დასავლეთით, პენდესში.

პარელადა ცნობილია როგორც ავტოქთონური ესპანური ჯიში, რომელიც სათავეს კატალონიიდან იღებს, სადაც მის გახარებას სერიოზულად უდგებიან. ვაზის ეს ჯიში ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში იყო არაგონიაში სხვადასხვა დასახელებებით ცნობილი.

ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი რაც არის და რაც მას ასე პოპულარულს ხდის მევენახეთა შორის, ეს არის მისი გასაოცარი გამძლეობა და შემგუებლობა განსხვავებულ კლიმატურ პირობებსა და ნიადაგის მრავალგვარობასთან. მას აქვს უნარი, შეეთვისოს მწირ და გამოფიტულ ნიადაგებს და გრილ კლიმატს.

როგორც წესი, პარელადას ყურძენი გვიან შემოდის.

კავაში პარელადა პასუხისმგებელია ელეგანტურობასა და მწვანე ვაშლის არომატზე, რა დროსაც მაკაბეო სხვა ხილების არომატებზე ზრუნავს, ხოლო სარელო – მიწის სურნელს, სისავსეს და სხეულიანობას ანიჭებს აღნიშნულ ცქრიალა ღვინოს.

ელეგანტური არის ასევე ის თეთრი ღვინოც, რომელსაც საკუთრივ მხოლოდ პარელადას ყურძნის მარცვლებისგან აყენებენ. ელეგანტურობა ხომ პარელადას "სავიზიტო ბარათია".

ცალკე დაყენებული პარელადას ღვინო ცინცხალი ტონალობებით გამოირჩევა, ციტრუსებიდან მწვანე ვაშლამდე და ასევე ყვავილებამდე. მჟავიანობა უშესანიშნავესი აქვს, თუმცა ალკოჰოლის დიდი შემცველობით არ ბრწყინავს, რის გამოც უმჯობესია, სწრაფად დაილიოს. როგორც მსუბუქი ღვინო აპერიტივადაც გამოიყენება.

ისე ნუ გავიგებთ, თითქოს პარელადას ჯიშის ყურძენი მხოლოდ კავას საწარმოებლად გამოიყენებოდეს. არა, მას ხშირად როგორც წესი, აკუპაჟებენ სოვინიონ ბლანსა და შარდონესთან ერთადაც. ასეთ ღვინოებში პარელადა ძირითადად ღვინის სტრუქტურასა და მჟავიანობაზე ზრუნავს და ასეთ შემთხვევებშიც ღვინო მალე უნდა დაილიოს.

სუფთა პარელადას ღვინო კარგად მიდის ყველანაირ ბოსტნეულსა და თხის ყველთან.

აღსანიშნავია, რომ პარელადასგან კატალონიაში ძალიან კარგ აბსენტსაც აწარმოებენ.

დავით ჩუთლაშვილი