ღვინო, რომელიც ლეგენდის თანახმად ვესტგოთების მეფემ რომში შეჭრამდე საკუთარ მეომრებს დაალევინა

30 მაისი, 2019წ

გაზიარება

ღვინო, რომელიც ლეგენდის თანახმად ვესტგოთების მეფემ რომში შეჭრამდე საკუთარ მეომრებს დაალევინა

ღვინო, რომელიც ლეგენდის თანახმად ვესტგოთების მეფემ რომში შეჭრამდე საკუთარ მეომრებს დაალევინა

ვერდიქიო არის ვაზის თეთრყურძნიანი ჯიში, რომელიც იტალიაში წარმოიშვა და ძირითადად იტალიაშივე ხარობს.

ის ძალიან ძველია. ჯერ კიდევ ეტრუსკებისთვის იყო ცნობილი ვერდიქიოს შესახებ. უძველესი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ვესტგოთების მეფემ, ალარიხ პირველმა ჩვენი წელთაღრიცხვის 410 წელს რომისკენ მიმავალ საკუთარ არმიას სწორედ ვერდიქიოს ღვინო დაალევინა, რათა მეომრები მოძლიერებულიყვნენ და "მარადიული ქალაქის" აღება გაადვილებოდათ.

მაგრამ პირველი უტყუარი წერილობითი ცნობები ვერდიქიოს შესახებ მე-14 საუკუნით თარიღდება.

ჩვენს დროში ეს ჯიში ხარობს უმბრიაში, აბრუცოში, მარკესა და კუნძულ სარდინიაზე. ვერდიქიოს აღნიშნულ რეგიონებში 4000 ჰექტრამდე ფართობი უკავია და ერთ-ერთი პირველია, რომელიც ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად იტალიაში გამოიყენეს.

უნდა ითქვას, რომ ვერდიქიოს ჯიშის ყურძენი გვიან შემოდის, მისი მტევანი არის ძალიან მკვრივი და ამის გამო დიდი მასის მქონე.

მკვლევარები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ვერდიქიო წარმოადგენს გრეკო-ტრებიანოს ვაზის ჯიშების "შთამომავალს".

ყველაზე საუკეთესო ვერდიქიო მარკეში ხარობს. აქედან არის სწორედ DOC-ღვინოები ვერდიქიო დელ კასტელი დი იეზი და ვერდიქიო დი მატელიკა. ეს ღვინოები ძირითადად ზემოაღნიშნული ჯიშის ყურძნისგან დგება.

იტალიის ბევრი მოყვარულისთვის ვერდიქიო დელ კასტელი დი იეზი ასოცირდება ამფორის ფორმის ბოთლთან, რომელსაც ქაღალდის გრაგნილი ეკეთა ყელზე, რაც მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, ფაცი ბატალიას სახელით ცნობილმა ღვინის კომპანიამ თავისი ღვინის ჩასასხმელად გამოიყენა. დიზაინერ ანტონიო მაიოქის ყალამს მიკუთვნებულმა ამ შედევრმა დროს გაუძლო და დღეს ვერდიქიო სწორედ ზემოხსენებული ფორმის ბოთლთან ასოცირდება და დეკორაციის ფუნქციის მქონე მსგავს ნიმუშებს დღეს ძალიან ბევრ იტალიურ რესტორანში შეხვდებით.

ვერდიქიოს თეთრი ღვინო ძლიერი მჟავიანობით გამოირჩევა. მისი არომატი ვაშლს, მსხალს და ატამს მოგვაგონებს, ზოგჯერ შერწყმულს ხმელი თივის სურნელთან. დაგემოვნების შემდეგ სასაზე ნუშის და თხილის გემოს ტოვებს. იტალიური ღვინის კლასიკოსს, ვერდიქიოს ჭიქაში ინტენსიური ყვითელი ფერი აქვს. კარგად მიდის იტალიურ კლასიკურ სამზარეულოსთან, კერძოდ კი პასტასთან თევზთან ერთად, ასევე ზღვის პროდუქტებთან, ქათმის ფილესა და ბოსტნეულთან.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

14.22
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი