ავსტრიელმა მეწარმემ ტბაში საკუთარი 2000 ლიტრი ღვინო ჩაძირა

20 მაისი, 2019წ

გაზიარება

ავსტრიელმა მეწარმემ ტბაში საკუთარი 2000 ლიტრი ღვინო ჩაძირა

ავსტრიელმა მეწარმემ ტბაში საკუთარი 2000 ლიტრი ღვინო ჩაძირა

ღვინის ავსტრიელმა მეწარმემ, იოზეფ მიოთმა ბოდენზეეში წითელი და თეთრი ღვინით სავსე ორი 1000-ლიტრიანი უჟანგავი ფოლადის რეზერვუარი ჩაძირა.

თეთრი ღვინო წყალში ექვსი თვის მანძილზე დარჩება, ხოლო წითელი – წელიწადზე მეტხანს.

რეზერვუარები წყალში ბოდენზეეს იმ მონაკვეთში ჩაუშვეს, სადაც ტბის სიღრმე 60 მეტრს აღწევს.

მეღვინეს აინტერესებს, გაარკვიოს, თუ როგორ იმოქმედებს სტაბილური 4-გრადუსიანი ტეპერატურა, 60 მეტრის სიღრმეზე გამეფებული წნევა და სიბნელე ღვინის ხარისხსა და გემოვნურ თვისებებზე.

უჟანგავი ფოლადის ორივე რეზერვუარი სპეციალურ მოწყობილობაზე ბრჯენით მაგრდება, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი ჩაძირვა ბოდენზეეს რბილი და შლამით დაფარული ფსკერის სიღრმეში.

აღნიშნული მოწყობილობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა რეზერვუარების ამოღება ტბიდან და ექსპერიმენტის შედეგების ნახვა.

ღვინის ტბაში ჩაშვების ოპერაციაში მონაწილეობა მყვინთავებმა მიიღეს.

ამ ოპერაციას ყურადღებით აკვირდებოდა ავსტრიის სამაშველო სამსახური. იქვე იყვნენ სახელმწიფო მოხელეები ღვინის და ხილის მრეწველობის ფედერალური სამსახურიდან და მეცნიერები ღვინის მრეწველობის ინსტიტუტიდან, რომელიც აღნიშნულ სფეროში უმაღლეს სამეცნიერო დაწესებულებას წარმოადგენს ავსტრიაში.

იმის დასადგენად, დაექვემდებარება თუ არა ცვლილებას ღვინოში შემავალი არომატული ნივთიერებები, მეცნიერებმა დეტალური ანალიზი ჩაუტარეს ღვინოს წყალში ჩაშვების წინ. მკვლევარები იგივეს იზამენ მაშინ, როცა ექსპერიმენტი დასრულდება და იოზეფ მიოთი თავის ღვინოს ბოდენზეეს ფსკერიდან ამოიღებს.

იმისათვის, რათა ტბაში, 60 მეტრის სიღრმეზე ჩაძირულ ღვინოსთან შედარება უფრო ზუსტად იქნას გაკეთებული და განსხვავება – დადგენილი, ავსტრიელმა მეწარმემ მეცნიერების რჩევით ორიოდე ბოთლი ღვინო მოათავსა მაცივარში. ეს ბოთლები სტაბილურ 4-გრადუსიან ტემპერატურაზე იქნება დატოვებული მანამ, სანამ ტბის სიღრმეში ჩაშვებული ღვინის ორივე რეზერვუარი ხელახლა არ იხილავს დღის სინათლეს.

ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად არის განწყობილი ექსპერიმენტის მიმართ. მაგალითად, მარენ შარფენბერგერ-შმეერი, რომელიც არის პროფესორი ნოიშტადტის ღვინის კამპუსში. ის აცხადებს, რომ მსგავსი შრომა არის ფუჭად დახარჯული დრო, რასაც არავითარი ეფექტი არ შეიძლება მოჰყვეს.

თუმცა, მას არ ეთანხმებიან მეცნიერები ზემოხსენებული ღვინის მრეწველობის ინსტიტუტიდან. ისინი აცხადებენ, რომ წნევა, ტემპერატურული რეჟიმის ცვლილება და ტბის ფსკერის სპეციფიკური გარემო აუცილებლად იქონიებს გავლენას ღვინის ხარისხსა და გემოზე.

დაველოდოთ და ვნახოთ, ვინ არის მათ შორის მართალი.

დავით ჩუთლაშვილი