მარადიული კითხვა: რატომ გვაბედნიერებს ღვინო?

24 აპრილი, 2019წ

გაზიარება

მარადიული კითხვა: რატომ გვაბედნიერებს ღვინო?

მარადიული კითხვა: რატომ გვაბედნიერებს ღვინო?

ღვინის დაგემოვნება ყოველთვის განსხვავებულ ემოციებთან არის დაკავშირებული, მაგრამ კარგი ღვინო რომ ადამიანს აბედნიერებს, უდავო ფაქტია, რაზეც დიდი ხანია, უკვე აღარც კი კამათობენ.

კარგი ღვინო ადამიანს დიდხანს არ ავიწყდება და სურვილი უჩნდება, მასთან თანაზიარობა და მისით აღმაფრენა მუდმივად განიცადოს.

კითხვა, თუ რატომ ანიჭებს ადამიანს ღვინო შვებას და ბედნიერებას, დიდწილად ფილოსოფიურია, თუმცა არამარტო ფილოსოფიური (ადამიანები ამ შეკითხვაზე განსაკუთრებით დღესასწაულის დღეებში დავფიქრდებით ხოლმე).

მართლაც, არ არსებობს სხვა სასმელი, ისეთი მრავალფეროვანი, დახვეწილი და სასიამოვნო რომ იყოს, როგორიც ღვინოა.

აბა წარმოიდგინეთ კარგი სუფრა ჭიქა ღვინის გარეშე.

შეუძლებელია, არა?

თუმცა, ზოგიერთი ღვინო სულის ყველაზე ფაქიზ სიმებს განსაკუთრებით სათუთად ეხება და ისეთ ემოციებს აღძრავს, რისი დავიწყებაც შეუძლებელია.

ეს ემოციები შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული მონატრება ან წარსულის ბედნიერების ხელახალი განცდა; ფიქრი იმაზე, რომ ყველაფერი ცვალებადია, ყველაფერი განახლებადი და არ ღირს ცრემლები...

მაგრამ განა სწორედ ეს ცვალებადობა და განახლებადობა არ არის ცრემლების მიზეზი?

ან განა ცრემლს მხოლოდ მწუხარება იწვევს?

ან საერთოდ ვინ მოიგონა, თითქოს მწუხარებასა და ბედნიერებას შორის წარუშლელი და გადაულახავი ზღვარი არსებობდეს?

რატომ არ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ დღევანდელი მწუხარება ოდესმე სიხარულით შეიცვლება? განა ღამეს ყოველთვის დღე არ მოსდევს ან აღმართს – დაღმართი?

ღვინო არის ძალიან ინტიმური სასმელი. შესაძლოა, ის ბევრ სხვა ადამიანთან ერთად მივირთვათ, მაგრამ ბოლოს მაინც საკუთარ თავთან და ღვინოსთან ერთად მარტონი დავრჩებით. ამიტომ სჯობს, მომავალთან შესახვედრად საუკეთესო ღვინოსთან ერთად წაგვიღოს ფიქრმა, ვიდრე რაღაც მდარე და უხარისხო ნარცხი შევსვათ, რომელიც სხვა არაფერზე არ დაგვაფიქრებს კუჭის მომატებული მჟავიანობის გარდა.

ქართველები ბუნებამ დაგვაჯილდოვა ღვინის საუკეთესო მიკროკლიმატური ზონებით, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე თითო ავტოქთონური ჯიში ხარობს, ჯადოსნური არომატით და ღვთაებრივი გემოვნური თვისებებით.

ამას დაუმატეთ კიდევ ის საუკეთესო ტრადიციები, რითაც ქართველები ღვინოს ვაყენებთ და რაც წინაპრებმა ჩვენ დაგვიტოვეს.

მართლაც უბედნიერესი ერი ვართ, ასეთი კარგი ღვინოები რომ გვაქვს. ღვინო ხომ განსაკუთრებული სასმელია თავისთავად, მაგრამ ქართული ღვინო კიდევ თავის მხრივ არის უნიკალური და გამორჩეული.

ქართული ღვინო ჩვენი ეროვნული სულის გაუტეხელ მარადისობას ჰგავს: საუკუნეთა სიმრავლე მას ვერაფერს აკლებს და პირიქით, განუმეორებელ ლაზათს მატებს კიდეც.

ქართული ღვინო ბედნიერებაა.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

21
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

18
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი