ყველაზე გავრცელებული ჯიში მსოფლიოში

03 აპრილი, 2019წ

გაზიარება

ყველაზე გავრცელებული ჯიში მსოფლიოში

ყველაზე გავრცელებული ჯიში მსოფლიოში

არ არსებობს მსოფლიოში ღვინის ერთი მოყვარულიც კი, ამ ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო გასინჯული რომ არ ჰქონდეს ან სულ მცირე, გაგონილი მაინც რომ არ ჰქონდეს მის შესახებ. ყურძნის ეს წითელი ჯიში პრაქტიკულად მთელ მსოფლიოშია გაშენებული და არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ სადმე კარგი ღვინო არ გამოსვლოდეს.

სულერთია, ცალკე თუ რომელიმე სხვა ჯიშთან ერთად, კაბერნე სოვინიონი ყოველთვის ძალიან სასიამოვნო დასალევია.

ის არამხოლოდ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჯიშია, არამედ ძალიან ძველიც: 1635 წელსაა მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში პირველად.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ის კაბერნე ფრანკის და თეთრი სოვინიონის შეჯვარების შედეგად წარმოიშვა.

მისი მტევანი შედარებით გვიან მწიფდება. ტანინების მაღალი შემცველობა აქვს და მუქი ფერი. ღვინო გემოთი და არომატებით შავ მოცხარს, შავ ბალს და მაყვალს წააგავს.

კაბერნე სოვინიონი იმით გამოირჩევა, რომ საკუთარ ხასიათს, საკუთარ გემოს და არომატებს მკვეთრად ინარჩუნებს იმის მიუხედავად, თუ სად და რა პირობებში ხარობს.

ბორდოში ის ოქტომბრის შუა რიცხვებში შემოდის, ე. ი. საკმაოდ გვიან, სადაც მას ხის კასრებში აძველებენ.

მსოფლიოში კაბერნე სოვინიონი 289 000 ჰექტარზეა გაშენებული. საკუთრივ საფრანგეთს რაც შეეხება, კერძოდ კი ძალიან პრესტიჟულ ბორდოს რეგიონს, აქ ის მეორე ადგილს იკავებს მერლოს შემდეგ.

მთლიანად საფრანგეთში კაბერნე სოვინიონი 50 000 ჰექტარზეა გაშენებული. თუმცა, აქ ის მხოლოდ მე-5 ადგილს სჯერდება გავრცელების ინტენსივობის თვალსაზრისით. ხოლო აი, ჩილეს რაც შეეხება, აქ ეს ჯიში ნომერი პირველია და 40 000 ჰექტარზე იზრდება.

კაბერნე სოვინიონის გავრცელების ფართობის მიხედვით, ჩილეს შემდეგ მოდის ამერიკა, კერძოდ კი კალიფორნია (38 000 ჰექტარი), ავსტრალია (26 000 ჰექტარი), იტალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (16 000 ჰექტარი) და არგენტინა (6500 ჰექტარი).

კაბერნეს ძირითადად სხვა ჯიშებთან ურევენ და მის ღვინოს ამგვარად ამზადებენ. საფრანგეთში ეს ჯიშებია მერლო და კაბერნე ფრანკი, ჩილეში კარმენერე, ხოლო ავსტრალიაში – შირაზი.

დავით ჩუთლაშვილი