უძველესი ფრანგული ჯიში: მალბეკი

02 აპრილი, 2019წ

გაზიარება

უძველესი ფრანგული ჯიში: მალბეკი

უძველესი ფრანგული ჯიში: მალბეკი

მალბეკი უძველესი ფრანგული ჯიშია. წინათ ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული: საფრანგეთის ყველა კუთხეში იპოვიდით მალბეკს.

მაგრამ დროება შეიცვალა და საფრანგეთი აღარ არის ის ქვეყანა, სადაც მალბეკს ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს. ამ საკითხში ფრანსუა რაბლეს და კვადრილეს სამშობლოს ხორხე ლუის ბორხესის და ტანგოს სამშობლომ, არგენტინამ აჯობა, რადგან ამჟამად სწორედ ამ სამხრეთამერიკულ ქვეყანაშია მალბეკის ყველაზე უხვმოსავლიანი და უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმული ვენახები.

მალბეკს ძალიან მოუხდა არგენტინული ჰავა. ამ ლათინოამერიკული ქვეყნის მშრალი და თბილი კლიმატი მისწრება აღმოჩნდა მალბეკისთვის.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მენდოზა – არგენტინული მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონი, სადაც უჩვეულოდ ძლიერი და ასევე უჩვეულოდ მუქი შეფერილობის მალბეკის ყურძენი ხარობს.

არგენტინამ მალბეკი იმდენად გაითავისა, იმდენად შეერწყა ეს ჯიში არგენტინულ კლიმატს, რომ ბევრი მევენახე გაოცებას ვერ ფარავს, როცა გებულობს, რომ მალბეკი უძველესი ფრანგული ჯიშია და არა არგენტინული.

გამომდინარე იქიდან, რომ მალბეკი წარსულში მთელ საფრანგეთში იყო გავრცელებული, ამ ჯიშისთვის ფრანგულ ენაში 400-მდე სინონიმი არსებობს!

ცნობილია მაგ. პრესაკი, რომელსაც სახელი შატო პრესაკის მეპატრონის საპატივსაცემოდ ეწოდა.

საკუთრივ სახელწოდება "მალბეკს" რაც შეეხება: ის მომდინარეობს მუსიე მალბეკის სახელიდან, რომელმაც ბორდოს ჩრდილო-აღმოსავლეთით ამ ჯიშის უამრავი ძირი გააშენა.

სწორედ ამიტომაც მალბეკს ეწოდა კიდეც მისი სახელი.

რეალურად მალბეკი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში წარმოიშვა. ამ რეგიონში მალბეკისგან "შავ" ღვინოს ამზადებენ: სქელ, ძალიან მუქი შეფერილობის სითხეს, რომელიც რამდენიმეწლიანი დაძველების შემდეგ საუკეთესო გემოვნურ თვისებებს იძენს.

მალბეკის ისტორია ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ ფატალურად განსაზღვრავენ ბუნების შემთხვევითი მოვლენები ყურძნის ჯიშების ბედს; 1956 წლის დიდმა ყინვამ იმდენი ძირი ვაზი დააზიანა, რომ მალბეკი ლამის გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა.

სწორედ 1956 წლის ყინვის გამოა, რომ მალბეკის ფართობები საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა.

მალბეკის ღვინო არის ძალიან მუქი და ძლიერი. ამ მხრივ განსაკუთრებით თვალსაჩინო ისევდაისევ არგენტინური მალბეკია.

ამ ჯიშის ყურძენს მოცვის, დაფნის, სანელებლების, ბლის და მწარე შოკოლადის გემო და არომატი აქვს.

რადგან მალბეკი დიდი რაოდენობით სიმჟავეს და ტანინებს შეიცავს, საუკეთესო გემოვნურ თვისებებს ის ძირითადად რამდენიმეწლიანი დაძველების შემდეგ ავლენს.

დავით ჩუთლაშვილი