ფრანგული მერლოს გასაოცარი ელეგანტურობა და სინატიფე

26 მარტი, 2019წ

გაზიარება

ფრანგული მერლოს გასაოცარი ელეგანტურობა და სინატიფე

ფრანგული მერლოს გასაოცარი ელეგანტურობა და სინატიფე

მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ჯიში, წითელ მერლოზე უფრო პოპულარული და პრესტიჟული რომ იყოს.

წითელი მერლოს ღვინოს ძალიან აფასებენ ღვინის მოყვარულები მთელ პლანეტაზე. სწორედ წითელი მერლოს ჯიშის ყურძენი გვაძლევს სითხეს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ფრანგული ღვინოების პოპულარიზაციის საქმეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ეს ჯიში უმეტესწილად მისთვის მშობლიურ ბორდოშია გავრცელებული და მისგან მზადდება არაჩვეულებრივი თაიგული ადგილობრივ ღვინოებთან შეხამების შედეგად.

ზოგადად, წითელ მერლოს ახასიათებს სხვა ჯიშებთან კომბინაციაში საუკეთესო გემოვნური თვისებების გენერირება.

საქართველოში წითელი მერლო საფერავთან ერთად ქმნის უნიკალურ თაიგულს, რომელიც მზარდი პოპულარობით სარგებლობს ღვინის მოყვარულებს შორის.

თვით ისეთი ექსკლუზიური და ძვირადღირებული ჯიშიც კი, როგორიც შატო პეტრუსია, როგორც წესი, ღვინდება წითელი მერლოს ყურძენთან კომბინაციაში.

წითელ მერლოს ღვინის მოყვარულები "ფრანგულ სრულყოფილებას" უწოდებენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ჯიში მხოლოდ საფრანგეთში მოდის. წითელ მერლოს უყვარს სითბო და შესაბამისად, ყველა ის ქვეყანა და რეგიონი, სადაც თბილი კლიმატია გამეფებული. ამიტომ წითელი მერლოს ვაზი შესანიშნავად ეგუება ფრანგულ, იტალიურ და ქართულ ჰავას.

წითელი მერლო ამერიკასა და ჩილეშიც მოჰყავთ. თუმცა, ამ ქვეყნებში ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით ამ ჯიშს სხვა ჯიშებს არ ურევენ.

წითელ მერლოს ბლის და ქლიავის მკვეთრი არომატები გააჩნია. გარდა ამისა, თუ კარგად დააკვირდებით, მასში მოცვის და მაყვლის არომატსაც იგრძნობთ. ეს რბილი ტანინების შემცველი ჯიშია, მცირე ოდენობის მჟავიანობით.

მისი ღვინო ხავერდოვანია. ყურძენს, თუ დიდხანს დავაცდით, შაქრიანობა მოემატება, თუმცა ხილის არომატები გაუქრება.

წითელი მერლო განსაკუთრებით კარგად ეწყობა ბატკნის ხორცს და ძროხის ხორცისგან მომზადებულ ჩაშუშულ კერძებს.

აღსანიშნავია, რომ წითელი მერლოს გვერდით არსებობს ასევე თეთრი მერლო, რომელიც ბორდოში მოდის ძალიან მცირე რაოდენობით.

თეთრი მერლოს ჯიშის ყურძნისგან ნაწარმოები ღვინო ძალიან მშრალია და მსუბუქი და ვერ სარგებლობს ღვინის მოყვარულებში ისეთი პოპულარობით, როგორც მისი წითელი ფერის ნათესავი.

დავით ჩუთლაშვილი