18 დეკემბერი, 2018წ
გაზიარებაქართული კულტურის, ისტორიისა და ქართული ღვინის შესახებ ვიდეოპროექტის მოსამზადებლად საქართველოს „Sony Music Communication“-ის წარმომადგენლობა გერმანელ პარტნიორებთან ერთად ეწვია. “Sony Music Communication” და კომპანია „TOPPAN” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასოციაცია „ქართული ღვინოსთან“ ერთად, ტოკიოში დაგეგმილი გამოფენისთვის სპეციალურ პროექტზე მუშაობას იწყებს.
როგორც იცით, 2019 წლის გაზაფხულზე იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ რიგით მეორე გამოფენა იგეგმება. ვიდეოპროექტის გადაღებები თბილისსა და კახეთში განხორციელდება. საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით მომზადებულ პროექტს იაპონელი დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ იხილავს.
ღონისძიება 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოში, ქართული ღვინის შესახებ გამართული საერთაშორისო გამოფენის ლოგიკური გაგრძელებაა.
იაპონიაში უკანასკნელ პერიოდში ქართული ღვინისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა. აზიის ამ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და წარმატებულ ქვეყანაში ბოლო წლებში სისტემატიურად ეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაციები და ქართული როგორც მცირე მარნები, ასევე ღვინის დიდი საწარმოებიც მუდმივად მონაწილეობენ იაპონიაში ჩატარებულ გამოფენებში, განხილვებში და ღვინოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშორისო კვლევის შედეგად აღიარეს. ამ აღიარებას მოჰყვა უდიდესი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ, რაც ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მაიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. ფაქტია, რომ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის.