ვინ არის სომელიე და რა დატვირთვა აქვს მას თანამედროვე გასტრონომიაში?

21 სექტემბერი, 2018წ

გაზიარება

ვინ არის სომელიე და რა დატვირთვა აქვს მას თანამედროვე გასტრონომიაში?

ვინ არის სომელიე და რა დატვირთვა აქვს მას თანამედროვე გასტრონომიაში?

რუბრიკას წარმოგიდგენთ მედიაპორტალი და ღვინის ონლაინ მაღაზია Allwine.ge


სიტყვა სომელიე არის ფრანგული წარმოშობის და პროფესიაც საფრანგეთიდან მოდის. “სომერი” იყო ხარების უღელი, რომლითაც შუა საუკუნეებში გადაჰქონდათ ღვინის კასრები. სომელიე კი იყო პირი, რომელიც მეფისთვის განკუთვნილ ღვინოს უწევდა ტრანსპორტირებას. გარდა ამისა, ის ყოველი ტრაპეზის წინ სინჯავდა ღვინოსა და საჭმელს რათა მოწამლული პროდუქტი აერიდებინა მეფისთვის.  ღვინის გასასინჯად იყენებდა სპეციალურ ვერცხლის თასს, რომელსაც ძირითადად ყელზე ჩამოკიდებულს ატარებდა.

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ კი პარიზში ჩნდება რესტორნები, რომლებშიც მოთხოვნადი ხდება მაღალი კლასის მომსახურება და ამ მომენტიდან თანდათან ინაცვლებს სომელიე რესტორნებში.

თანამედროვე სამყაროში რა თქმა უნდა სომელიეს მოვალეობები წარსულთან შედარებით შეიცვალა, დაიხვეწა და გაცილებით საინტერესო გახდა. სომელიე აკავშირებს მწარმოებლებს და ღვინით დაინტერესებულ კომპანიებსა თუ ცალკეულ პირებს ერთმანეთთან, შესაბამისად, მისთვის აუცილებელია რაც შეიძლება ახლოს იცნობდეს თითოელ ნაწარმს. ამისათვის სომელიე ხშირად სტუმრობს სხვადასხვა რეგიონს, აგემოვნებს სხვადასხვა ღვინოს, ესაუბრება მწარმოებლებს, შეისწავლის ვენახს და ინტერესდება თითოეული დეტალით, რაც გავლენას ახდენს ღვინის ხარისხსზე: ნიადაგი, ადგილწარმოშობა, ჯიშები და მათი გამოხატულება კონკრეტულ ადგილზე, წლიური კლიმატის გაცნობა, როგორ ტარდება რთველი, ფერმენტაცია და ტექნოლოგია, სად და როგორ ვარგდება ღვინო, შენახვის პოტენციალი და გასრტონომიული წყვილი.

სომელიეს პირდაპირი მოვალეობაა: ღვინის ასორტიმენტის მოძიება, შერჩევა-შესყიდვა, დასაწყობება და მარაგების მართვა, ღვინის ბარათის შექმნა და პერიოდულად განახლება, შეთავაზება და კერძებთან შეხამება, სწორი სერვირება.  მას უნდა შეეძლოს დეგუსტაციების ჩატარება და საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გადაცემა. უნდა აღმოაჩინოს ახალი მწარმოებლები, ჩაერთოს სხვადასხვა ღვინის ფესტივალებსა თუ ღონისძიებებში. მაქსიმალურად ჰქონდეს ინფორმაცია მსოფლიოს ახალ ტენდენციებზე.

„სომელიეობა“ საქართველოში ახალი მიმართულებაა, ამიტომაც დამსაქმებელს სომელიემ აუცილებლად კარგად უნდა აუხსნას და გააცნოს საკუთარი პროფესია: დაანახოს რა შეიძლება გაუმჯობესდეს გასტრონომიული კუთხით საკვებ ობიექტებზე, როგორ შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა პროდუქციის რეალიზაცია არამარტო ღვინით, არამედ სწორი შეთავაზებით და სწორი მომსახურებით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა აღინიშნოს, რომ სომელიეს დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მაღალი სტანდარტების შექმნასა და გავნითარებაში არამარტო ღვინის ბარებსა თუ მაღაზიებში, არამედ ყველა იმ ობიექტზე, რომელიც ღვინის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს მომხმარებელს, მითუმეტეს რომ დღითიდღე უფრო და უფრო ტენდენციური ხდება სადილსა თუ საღამოს ვახშამზე სწორად შერჩეული ღვინის დაგემოვნება.

გიორგი ქადაგიშვილი

Allwine.ge-ს უფროსი სომელიე