მსხვრევადი ჭურჭლით ალკოჰოლის რეალიზაცია  იზღუდება

19 სექტემბერი, 2018წ

გაზიარება

მსხვრევადი ჭურჭლით ალკოჰოლის რეალიზაცია იზღუდება

მსხვრევადი ჭურჭლით ალკოჰოლის რეალიზაცია იზღუდება

მინა და მინის ჭურჭელი  ღვინის შესაანახად, უჟანგავ ფოლადთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო ნეიტრალურ ჭურჭლად თვლება და მას ,რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მთელს მსოფლიოში ფართოდ იყენებენ. ამის მიუხედავად, ცნობილი გახდა, რომ მსხვრევადი ჭურჭლით ალკოჰოლის რეალიზაცია შესაძლოა შეიზღუდოს.  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის მიერ მომზადებულ სამოქმედო სტრატეგიაშია საუბარი.

როგორც აღნიშნულ დოკუმენტშია ნათქვამი, ამ შეზღუდვის მიზანი ძალადობისა და აგრესიული ქმედებების შემცირებაა.თუმცა, რთული სათქმელია, თუკი ეს ინიციატივა გავიდა, რით შეიძლება ჩანაცვლდეს ტრადიციული 750 გრამიანი მინის ბოთლები, რითაც მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის გარდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება. ალტერნატიული ჭურჭლის დაცულობა და შესაძლებლობები მეღვინეებში აქედანვე დიდ ეჭვებს აჩენს.

ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა თავიდანვე მკვდრადშობილია, რადგან შეუძლებელია სხვა რომელიმე ნებისმიერმა ჭურჭელმა ჩაანაცვლოს მინის ბოთლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრადიციულ ღვინის ბაზრებზე ქართულ ღვინოს არასერიოზულად აღიქვამენ და შესაბამისად, ჩვენი ღვინის რეალიზაციაც კატასტროფულად შემცირდება. მეღვინეები იმასაც ამბობენ, რომ მინის ჭურჭელი ქართულ და ზოგადად მსოფლიო მეღვინეობაში შესანახადაც და სარეალიზაციოდაც ერთ-ერთი უმთავრესია და ნებისმიერი მიზნებით, ასეთ ტრადიციულ ფენომენთან ბრძოლა კარგს არაფერს მოიტანს.

დაავადებათა კონტროლის მიერ მომზადებული სამოქმედო სტრატეგიის მიხედვით, ალკოჰოლი უნდა მოთავსდეს პოლიეთილენისა და არა - მსხვრევად ჭურჭელში. ღვინის ბაზარზე ნამდვილად არსებობს იაფფასიანი მოლდოვური და ჩილეს ღვინოები, რომლებიც მსგავსი ტიპის ბოთლებით იყიდება ევროპის მრავალ სუპერმარკეტში 1 და 2 ევროდ. თუმცა, მეღვინეებისათვის წარმოუდგენელია ასეთი ტიპის ბოთლებით როგორ უნდა გაიყიდოს ხარისხოვანი ქვევრის ღვინო, ანდა ლეჩხუმური უსახელოური, რომელიც ფასით ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოა.

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ალკოჰოლის მოხმარება, რეალიზაცია, ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის მიერ მომზადებული სამოქმედო სტრატეგია მალე საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.ასე რომ, უახლოეს მომავალში ამ საკითხზე დიდ დებატებსა და დისკუსიებს უნდა ველოდოთ.

ლევან სეფისკვერაძე